აგრობიზნესი
თელავის მუნიციპალიტეტში 700 ჰექტარზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება

თელავის მუნიციპალიტეტში ზემო ალაზნის მაგისტრალური არხის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების შედეგად, სარწყავი წყლის მიწოდება 700 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება.წინანდლის, ბუშეტისა და ქვემო ხოდაშენის ტერიტორიაზე არხის მონაკვეთები, რომელთა საერთო სიგრძე 2 500 მეტრია, ხე-ბუჩქნარისა და დანალექი გრუნტისგან იწმინდება. საირიგაციო სისტემის გამართული მუშაობა ფერმერებს სარწყავი წყლით შეუფერხებლად სარგებლობისა და სავარგულების დროულად მორწყვის საშუალებას მისცემს.სამუშაოებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს. კომპანია ქვეყნის მასშტაბით სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე მუშაობს.

"ქართული ღვინის რუსულ ბაზარზე დამოკიდებულება საფრთხილოა" - "ამიწიე"-ს დამფუძნებელი

საოჯახო მარნის „ამიწიე“ (Amitié Wines) დამფუძნებლის, ლუკა ბილაშვილის განცხადებით, რუსეთის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტზე დაწესებული დროებითი შეზღუდვა კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრები დაბალანსებული უნდა იყოს.როგორც ლუკა ბილაშვილმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, რუსეთის ბაზარი არასტაბილურია და ქართული ღვინის ექსპორტზე დამოკიდებულების შემცირება აუცილებელია.„ღვინის სექტორში საექსპორტო ბაზრები ცალსახად დაბალანსებული უნდა იყოს. როგორც სტატისტიკიდან ვიცი, ქართული ღვინის დაახლოებით 70-75% რუსეთში გადის ექსპორტზე, რაც ძალიან საფრთხილოა. რუსეთის მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებული გადაწყვეტილება 100%-ით პოლიტიკურია.ჩვენ გვყავს ისეთი მეღვინეობები, რომლებიც ხარისხით არცერთ ევროპულ საწარმოს არ ჩამოუვარდებიან. რუსეთის ბაზარი არასტაბილურია. ეს ბაზარი მნიშვნელოვანია, რადგან გაყიდვების ყველაზე დიდი წილი სწორედ მასზე მოდის, თუმცა ბაზრების დივერსიფიკაცია აუცილებელია, რათა მეღვინეობები და ბიზნესები მსგავსი რისკებისგან დაცულები იყვნენ. გარდა ამისა, დღეს იმდენი ომი და უბედურება ხდება, რომ რისკებისგან დაზღვეული არავინაა“, - განაცხადა ლუკა ბილაშვილმა.ცნობისთვის, რუსეთმა ზოგიერთი ქართული კომპანიის პროდუქციის იმპორტზე დროებითი შეზღუდვა დააწესა. შეზღუდვა შეეხება შემდეგ კომპანიებს: „თელიანი ველი“, „თბილღვინო“, „ძმები ასკანელები“, „ვაინმენი“, „ქართული ლუდის კომპანია“, „კოკა-კოლა“ და „ნაბეღლავი“.bp.ge 

"ამიწიე" წარმოების გაფართოებასა და ექსპორტზე გასვლას გეგმავს

საოჯახო მარანი, რომელიც ღვინოს  „ამიწიე“ (Amitié Wines) -ს  ბრენდით აწარმოებს, წარმოების გაფართოებას გეგმავს.როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, ლუკა ბილაშვილმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, სამომავლოდ კომპანიის მიზანი ევროპულ ბაზარზე ექსპორტზე გასვლაა.„წარმოება 2018 წელს დავიწყეთ და ნელ-ნელა ბრენდს ვავითარებთ. ზოგადად, გაყიდვები თითქმის ყველა მცირე მეწარმისთვის პრობლემაა. ჩვენ ბრენდის განვითარებასა და ცნობადობის გაზრდაზე ვმუშაობთ და წლიდან წლამდე გაყიდვები გვეზრდება. შარშანდელთან და შარშანწინდელთან შედარებით, გაყიდვები გაუმჯობესებულია.ღვინო ჯერ ექსპორტზე არ გაგვაქვს, რადგან ამ ეტაპზე საკმარისი რაოდენობა არ გვაქვს, რომ ბაზრის მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ. ამჟამად ოთხი სახეობის ღვინო გვაქვს და ასორტიმენტის გაფართოება გვინდა. „ამიწეს“ (Amitié Wines) ასორტიმენტშია მშრალი „ალექსანდროული-მუჯურეთული“, რაჭული „ცოლიკაური“, „ხვანჭკარა“ და კახური ჯიშის ყურძნისგან დამზადებული „ქისი“. შესაძლოა, „ტვიშიც“ დავამატოთ.სამომავლოდ, ჩვენი მიზანი ექსპორტზე გასვლაა. ჩვენი მარანი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ პირველ ტოლაში მდებარეობს. ეს საოჯახო მარანია, რომლის საქმიანობაშიც ძირითადად მე და ჩემი ძმა ვართ ჩართული“, - განაცხადა ლუკა ბილაშვილმა.რაც შეეხება გამოწვევებს, მისი თქმით, მცირე მეწარმეებს ექსპორტზე გასასვლელად მეტი ხელშეწყობა სჭირდებათ.„ჩემი გამოცდილებით, ევროპიდან და აშშ-დან იმპორტიორები ხშირად ჩამოჰყავთ, თუმცა ისინი, ძირითადად, ერთსა და იმავე მწარმოებლებს ხვდებიან. სამწუხაროდ, მცირე მეწარმეებს არ გვეძლევა შესაძლებლობა, რომ მათ ჩვენც შევხვდეთ - ხშირად არც გვეძახიან.კარგი იქნება, თუ დეგუსტაციები ან შეხვედრები მოეწყობა, სადაც ჩვენი პროდუქციის წარდგენას შევძლებთ. შესაძლოა, იმპორტიორები ჩვენი ღვინოებითაც დაინტერესდნენ.გარდა ამისა, ადგილობრივი ბაზარიც ასათვისებელია- თბილისი, ბათუმი, ქუთაისი და სხვა დიდი ქალაქები, სადაც ტურისტები საკმაოდ დიდი რაოდენობით არიან. „ამიწიეს“ მიერ წარმოებული ღვინის რაოდენობა სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ ამ ქალაქებში მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ.ამჟამად ჩვენი ღვინის შეძენა თბილისში, „8000 მოსავალში“ (8000 Vintages) და სხვადასხვა ღვინის ბარშია შესაძლებელი. გარდა ამისა, წელს ბათუმში ღვინის ბარი გავხსენით, სადაც გაყიდვები საკმაოდ კარგია“, - განაცხადა ლუკა ბილაშვილმა.მისივე თქმით, „ამიწიე“ წელს პირველად მონაწილეობდა „გურჯაანის ღვინის ფესტივალში“ და კომპანია გაყიდვებით კმაყოფილია.„ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა და ბევრი ღვინოც გავყიდეთ. მომხმარებლებს ჩვენი ღვინოები ძალიან მოეწონათ. ჩვენი ღვინის ფასები 25-დან 50 ლარამდე მერყეობს“, - განაცხადა ლუკა ბილაშვილმა.მისი შეფასებით, „ამიწიეს“ ერთ-ერთი უპირატესობა რაჭული ღვინოების ბაზარზე წარმოდგენა და ხარისხიანი ღვინის წარმოებაა.„რაჭული ღვინოები ბაზარზე რაოდენობრივად საკმარისად წარმოდგენილი არ არის. გარდა ამისა, საფრანგეთში მეღვინეობის მიმართულებით მაქვს განათლება მიღებული და მაქსიმალურად მაღალი ხარისხის ღვინოებს ვაწარმოებთ“, — აღნიშნა ლუკა ბილაშვილმა.მან ასევე განმარტა, თუ რატომ შეარჩია ღვინის ბრენდისთვის სახელწოდება „ამიწიე“.„ქართულში გამოთქმა „მოდი, ერთი ღვინო ამიწიე“ ჩვენს რეალობაში დამკვიდრებული ფრაზასავითაა. გარდა ამისა, სახელწოდება ფრანგულ სიტყვას- Amitié-ს უკავშირდება, რაც მეგობრობას ნიშნავს. სწორედ ამ ასოციაციით დაერქვა ღვინის ბრენდს „ამიწიე“ (Amitié Wines)“, - განაცხადა ლუკა ბილაშვილმა.bp.ge 

ზვიად გონაძე:სასურველია, მეღვინეები მხოლოდ რუსეთის ბაზარზე არ იყვნენ დამოკიდებული

რაჭაში მდებარე საოჯახო მარნისა და სასტუმრო კომპლექსის, „გონაძეების ვენახების“ დამფუძნებლის, ზვიად გონაძის განცხადებით, რუსეთის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტის დროებით აკრძალვა სამწუხარო ფაქტია.როგორც მან „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, სასურველია, მწარმოებლები მხოლოდ რუსეთის ბაზარზე არ იყვნენ დამოკიდებული და სტაბილურ, დაბალანსებულ ბაზრებზე იყვნენ ორიენტირებული.„ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა. იმედი გვაქვს, რომ ეს გაუგებრობაა და მოკლე დროში აღმოიფხვრება. სასურველია, მხოლოდ ერთ - რუსეთის ბაზარზე არ იყო დამოკიდებული, თუმცა კომპანიებს ვერ გავამტყუნებთ, რადგან იქ გადიან, სადაც ღვინის გაყიდვის შესაძლებლობა აქვთ. თუ კომპანია გაქვს, რა თქმა უნდა, სჯობს, სტაბილურ ბაზარზე იყო ორიენტირებული, სადაც მსგავსი სიურპრიზები არ დაგხვდება“, - განაცხადა ზვიად გონაძემ.მისი თქმით, „გონაძეების მეღვინეობის“ მიერ წარმოებული ღვინო რუსეთში პირდაპირ არ გადის, თუმცა არაპირდაპირი გზით რუსულ ბაზარზე მაინც ხვდება.„ჩვენ რუსეთში პროდუქციის ექსპორტის ლიცენზია არ გვაქვს, თუმცა სხვადასხვა კომპანია ხშირად ყიდულობს ჩვენს პროდუქციას და რუსეთთან თანამშრომლობს. შეიძლება ითქვას, რომ არაპირდაპირი გზით ჩვენც გარკვეულწილად ვთანამშრომლობთ“, - განაცხადა ზვიად გონაძემ.ცნობისთვის, რუსეთმა ზოგიერთი ქართული კომპანიის პროდუქციის იმპორტზე დროებითი შეზღუდვა დააწესა. აკრძალვა შეეხება შემდეგ კომპანიებს: „თელიანი ველი“; „თბილღვინო“; „ძმები ასკანელები“; „ვაინმენი“; „ქართული ლუდის კომპანია“; „კოკა-კოლა“; „ნაბეღლავი“.bp.ge 

"მინიმუმ, 500-800 ტონა ზეთისხილის მოსავალს ველოდებით" -გიორგი სვანიძე

საქართველოში ზეთისხილის რთველის მოლოდინია. ზეთისხილის მოსავლის აღება ოქტომბრის ბოლოდან დაიწყება და ნოემბრის მიწურულამდე გაგრძელდება. როგორც „სვანიძის ზეთისხილის“ დამფუძნებელმა „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას აღნიშნა, მოსავლის ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლები შარშანდელთან შედარებით გაუმჯობესებულია.„წელს მინიმუმ, 500-800 ტონა ზეთისხილის მოსავალს ველოდებით. ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზეთისხილის დარგმა საქართველოში გაამართლა. მოთხოვნა ყოველ წელს  იზრდება. ზეთისხილი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კულტურაა,  2 000 წელი ხარობს ხე, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს რასაც დარგავენ ფერმერები, საუკუნეები გამოიღებს  მოსავალს. ამიტომ მოსახლეობას მოვუწოდებ ამ კულტურით მეტად დაინტერესდნენ,“-აღნიშნა გიორგი სვანიძემ.მისივე თქმით, მიმდინარე წელს ზეთისხილის კულტურისთვის კარგი კლიმატური პირობები იყო.„როგორც ყურძნის რთველის დროს არის დიდი რიგები. ზუსტად ასეა ზეთისხილის რთველის დროს ჩვენთან, საწარმოში. ფერმერები 6-7 საათზე იწყებენ მოსვლას. ჩვენ ამ პერიოდში 24 საათიან რეჟიმზე გადავდივართ. არ ჩერდება ქარხანა და  ვიბარებთ ზეთისხილს,“-აღნიშნა გიორგი სვანიძემ.bp.ge 

გიორგი ალადაშვილი: საქართველოდან მაღალხარისხიანი ღვინო უნდა გადიოდეს

„საქართველო არის ძალიან დიდი ისტორიის მქონე ქვეყანა, არის ღვინის ქვეყანა და საქართველოდან უნდა გადიოდეს მაღალხარისხიანი ღვინო“,  - ამის შესახებ რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობის დამფუძნებელმა გიორგი ალადაშვილმა გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ხარისხი მსოფლიო ბაზარზე კონკურენციის გასაწევად ძალიან მნიშვნელოვანია, ხოლო ხარისხიან ღვინოს ხარისხიანი ყურძენი ქმნის.„შეიძლება იყოს პერიოდები, როდესაც სეტყვა იქნება, ან ამინდები არ შეუწყობს ხელს, ან მოხდება ისე, რომ არასათანადო შხამქიმიკატები შემოვა ქვეყანაში და გლეხს გაუფუჭდება ყურძენი - ასეთ შემთხვევაში სახელმწიფოს კეთილი ნებაა დაგეხმაროს. თუმცა, ვფიქრობ, რომ თითოეული მევენახე უნდა ფიქრობდეს იმაზე, რომ აწარმოოს იმდენად მაღალხარისხიანი ყურძენი, რომ ეს პრობლემები არ ჰქონდეს ყოველწლიურად“, - განაცხადა გიორგი ალადაშვილმა.მისი შეფასებით, ამ მდგომარეობამდე გლეხები გარანტირებულმა დახმარებამ მიიყვანა. უმჯობესი იქნებოდა ეს ძალები მაგალითად,  მცირე მარნების ცნობადობის ამაღლებაში ან ტექნიკით უზრუნველყოფაში დახარჯულიყო. გიორგი ალადაშვილი გამოსავალს ყურძნის ხარისხის ეტაპობრივ გაუმჯობესებაში ხედავს და მიიჩნევს, რომ ახალი რეგულაცია ამ პროცესის საწყისია.„უნდა მიეხედოს და მიექცეს ყურადღება მევენახეებს, რომლებიც დამოკიდებული არიან ყურძნის ჩაბარებაზე. უნდა მოხდეს მათი გაერთიანება, გარკვეულ კოოპერატივებად ჩამოყალიბება და თავიანთი ყურძენი თვითონ უნდა გადაამუშაონ და თუ სუბსიდირებაზეა საუბარი, ამაში უნდა გაიცეს. სახელმწიფომ უნდა გადადგას ნაბიჯები ყურძნის ხარისხის ეტაპობრივად ასამაღლებლად. ეს რეგულაცია ამის დასაწყისია, ნელ-ნელა მივეჩვევით და განვვითარდებით - წლევანდელ შეცდომებს მომავალ წელს არ გავიმეორებთ“,- აღნიშნა გიორგი ალადაშვილმა.ცნობისთვის, „საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჩასაბარებელი ყურძნის ფასებში ცვლილება შევიდა, კერძოდ:მაღალკონდიციური ყურძენი:20 გრადუსიდან ზემოთ საფერავის შემთხვევაში - 1.50 ლარი;19 გრადუსიდან ზემოთ რქაწითელის და სხვა დანარჩენი ყურძნის შემთხვევაში - 1.30 ლარი;დაბალკონდიციური ყურძენი:16-დან 20 გრადუსამდე საფერავი - 1 ლარი;16-დან 19 გრადუსამდე რქაწითელი და სხვა დანარჩენი ყურძენი - 90 თეთრი;რაც შეეხება იმ მევენახეებს, რომლებმაც მოქმედი ღირებულებით ჩააბარეს ყურძენი, ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ახალი ფასებით გადათვლა მოხდება და მათ შესაბამისი სხვაობა დაუკომპენსირდებათ. bp.ge 

მერაბ ჭითანავა: წელს თხილის მოსავალი შემცირდა

საქართველოში თხილის მოსავლის აღება დასრულების ეტაპზეა. თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარის, მერაბ ჭითანავას განცხადებით, წელს ფერმერები დაახლოებით 40 ათას ტონა გაუტეხავი თხილის მოსავალს ელოდებიან, რაც 15%-იანი ნაკლები მაჩვენებელია წინა წელთან შედარებით.„ხარისხის მხრივაც გაცილებით უარესი მდგომარეობა გვაქვს, ვიდრე შარშან. წვიმებმა და ფაროსანამ ერთობლივად ძალიან დიდი ზიანი მიაყენა პროდუქციის ხარისხს. ასევე, მოსავლის დროულად აღება ვერ მოხერხდა და პროცესი მნიშვნელოვნად დაგვიანდა.რაც შეეხება ფასებს, დღეს თხილის გულის ფასი დაახლოებით 17-18 ლარია. გაუტეხავი თხილის შემთხვევაში ფასი დაახლოებით 4-დან 6 ლარამდე მერყეობს. ეს შარშანდელთან შედარებით ნაკლებია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დაბალი ფასია — უბრალოდ, ხარისხია დაბალი და შესაბამისად, დაბალი ხარისხის პროდუქციაც ნაკლები ღირს“, - აღნიშნა მერაბ ჭითანავამ.სექტორში მოლოდინი აქვთ, რომ ექსპორტი 20%-ით შემცირდება.„შარშანდელთან შედარებით, თხილის ფასი მსოფლიო ბაზარზე გაცილებით ნაკლებია. დაახლოებით, შარშან თუ თხილის საექსპორტო ფასი 14 ევრო იყო, დღეს 7-7 ევრო და 30 ცენტია. ეს გამოწვეულია თურქეთის ბაზარზე პროდუქციის ზრდით და კარგი მოსავლით თურქეთის ტერიტორიაზე. ექსპორტის რაოდენობა 20%-ით შემცირდება, ფასი დაბალი იქნება, ალბათ იმის ნახევარი რაც იყო წინა წელს. ფასი შარშან მაღალი იყო და რაოდენობაც მეტი იყო. ამაზე ხარისხიც მოქმედებს“, - აცხადებს მერაბ ჭითანავა.სექტორში ვარაუდობენ, რომ დაბალი მოსავალი და შემოსავლების კლება ფინანსურ პრობლემებს შეუქმნის როგორც მცირე ფერმერებს, ისე ექსპორტიორებსა და მსხვილ მწარმოებლებს.„2017-2018 წლებში ჩავატარეთ ინტენსიური შეხვედრები ფერმერებთან მთელი საქართველოს მასშტაბით, ჩავუტარეთ მათ ტრენინგები, ავუხსენით თხილის მოვლის პირობები, განსაკუთრებით ფაროსანასთან ბრძოლის მეთოდები, მოვახდინეთ დარგის პოპულარიზაცია, ამან ძალიან კარგად იმუშავა და საბოლოო ჯამში შედეგი მოგვცა, რომ 2019-2020 წლებში 55 ათასი ტონა გაუტეხავი თხილის ექსპორტი განხორციელდა, რისი მსგავსი ც შემდგომ წლებში არ ყოფილა. ბუნებრივია, როდესაც მცირდება კომუნიკაცია სექტორთან, ფერმერების ჩართულობაც იკლებს და ეს აისახება მოსავალზე და ზოგადად ინდუსტრიაზე. ძალიან სახიფათო სიტუაცია გვაქვს, ახლა ეს დაბალი მოსავალი, მცირე შემოსავალი სექტორისთვის ძალიან ცუდ ზეგავლენას იქონიებს ჩვენს ბიზნესზე, ფინანსურ პრობლემებში აღმოჩნდება არა მხოლოდ წვრილი ფერმერები, არამედ ექსპორტიორებიც, მათ შორის მსხვილი ფერმერებიც“, - აღნიშნა მერაბ ჭითანავამ.bp.ge

"სამადაშვილის ღვინის მარანი" ₾10 მლნ-ის ინვესტიციით წარმოებას აფართოებს

სამადაშვილის ღვინის მარანი ფართოვდება - ტურისტულ ობიექტს იმავე ტერიტორიაზე 2 000 კვადრატული მეტრის ახალი საწარმო ემატება, სადაც 800 კვადრატული მეტრის კასრებისა და ბოთლების დასაძველებელი სარდაფი მოეწყობა. პროექტის საინვესტიციო ღირებულება კი ₾10 მლნ-ს შეადგენს.როგორც სამადაშვილის ღვინის მარნის მეღვინე, ანანო ვეკუა "ბიზნესპარტნიორთან" განმარტავს, ახალი საწარმო თანამედროვე ტექნოლოგიური დანადგარებით სრულად აღჭურვილი დაახლოებით ორ წელიწადში იქნება.მისივე ცნობით, გაფართოების შედეგად კომპანიის საწარმოო სიმძლავრე მნიშვნელოვნად გაიზრდება. ამჟამად, მარანი წელიწადში დაახლოებით 100 ტონა ყურძენს ამუშავებს, ხოლო პროექტის დასრულების შემდეგ გადამუშავების მოცულობა 400 ტონამდე გაიზრდება."ჩალაუბანში ჩვენი ვენახების საერთო ფართობი 20 ჰექტარს შეადგენს. ასევე ვენახი გაშენებული ყვარელში ქინძმარაულის მიკროზონაში გვაქვს, რომლის ფართობი 7 ჰექტარია. ამ ეტაპზე 5 სახეობის ღვინოს ვაწარმოებთ, თუმცა ასორტიმენტის გაფართოებაზე მუდმივად ვმუშაობთ და ახალი ტიპის ღვინოების დამატებას ვგეგმავთ. მსხმოიარე ჯიშებიდან გვაქვს ქისი, ხიხვი, საფერავი და ა.შ. ადგილობრივ ბაზარზე "8 000 მოსავალში" ვართ წარმოდგენილი. ასევე ვაწარმოებთ ქვევრის ღვინოებს, რაც შეეხება მარანს თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი.მომხმარებლებს მარანში ვიზიტის შესაძლებლობა აქვთ – შეუძლიათ დაათვალიერონ მარანი და ვენახებში გაისეირნონ. ვიზიტორების უმრავლესობა უცხოელები არიან, რასაც ჩვენი ლოკაცია განაპირობებს. კერძოდ, ობიექტი სიღნაღისკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს და ტურისტებისთვის ადვილად ხელმისაწვდომია. სტუმრები ძირითადად ცენტრალური ევროპისა და სკანდინავიის ქვეყნებიდან ჩამოდიან, მათ შორის ნორვეგიიდან, ჰოლანდიიდან და ასევე ავსტრალიიდან. აღნიშნული სეგმენტი მაღალმხარჯველუნარიანია და ქართული ღვინის მიმართ დიდ ინტერესს იჩენს. აგვისტოში დატვირთულობას ველოდებით, რადგან ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა იზრდება", - აცხადებს მეღვინე.ანანო ვეკუა "ბიზნესპარტნიორთან" სექტორში არსებული გამოწვევების შესახებაც საუბრობს და განმარტავს, რომ ბოლო პერიოდში მსოფლიოში ღვინის მოხმარება მცირდება."მსოფლიოში მიმდინარე არასტაბილური მოვლენები ჩვენს სექტორზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. მომხმარებლის ქცევა ძალიან შეიცვალა - ახალგაზრდა თაობა ღვინოს ნაკლებად მოიხმარს, უფრო პოპულარული ჯანსაღი ცხოვრების წესია, რაც ალკოჰოლის მოხმარებას ამცირებს", - აღნიშნავს სამადაშვილის ღვინის მარნის წარმომადგენელი.ცნობისთვის, სამადაშვილის ღვინის მარანი გურჯაანის რაიონში სოფელ ჩალაუბანში მდებარეობს, ხოლო ადგილობრივ ბაზარზე 1 წელია ოპერირებს. ამასთან, მარნის ფართობი 900 კვადრატული მეტრია.bp.ge 

ხე-ტყის ბაზარზე ექსპორტ/იმპორტი იზრდება - რატომ ვერ იყენებს ქართული ავეჯის წარმოება ადგილობრივ ნედლეულს

საქართველოში ხე-ტყის ბაზარზე აქტივობა იზრდება, თუმცა ადგილობრივი ავეჯის ინდუსტრია ამ ტენდენციით სრულად ვერ სარგებლობს. სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მიუხედავად ქვეყანაში არსებული ხარისხიანი ხის რესურსისა, ქართული ნედლეულის გამოყენება ავეჯის წარმოებაში კვლავ მინიმალურია.ქართული ავეჯის კლასტერის გამგეობის თავმჯდომარის, ბესიკ ვერძეულის განცხადებით, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საქართველოში წარმოებული მაღალი ხარისხის ნედლეულის, მათ შორის წიფლის, თითქმის სრულად ექსპორტზე გატანის ტენდენციაა, რის გამოც ადგილობრივ მწარმოებლებს ხარისხიანი მასალის მოძიება უჭირთ.მისი თქმით, პრობლემაა ქვეყანაში ხის გამოშრობისა და გადამუშავების მიმართულებაც, რომელიც სათანადოდ განვითარებული არ არის. შედეგად, ავეჯის მწარმოებლები ძირითადად MDF-ს, ჩიპბორდსა და სხვა ინჟინერულ ფილებს იყენებენ, ხოლო იმპორტირებული ხე-ტყის ძირითადი ნაწილი სამშენებლო სექტორში გამოიყენება.ვერძეულის შეფასებით, მდგომარეობის შესაცვლელად აუცილებელია, ადგილობრივი ნედლეულის ნაწილი შიდა ბაზარზე დარჩეს. ერთ-ერთ გამოსავლად კი წიფლის ექსპორტზე კვოტირების მექანიზმის განხილვა სახელდება. ამასთან, საჭიროა ხის გადამამუშავებელი ინდუსტრიის განვითარება, ბიზნესისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და ბიუროკრატიული პროცესების გამარტივება.ცნობისთვის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის ივნისში ქვეყანაში დახერხილი და დაპროფილებული ხე-ტყის იმპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 30%-ით გაიზარდა. იმპორტირებული პროდუქციის დაახლოებით 90% რუსეთიდან შემოვიდა. ამავე პერიოდში გაუმჯობესდა ექსპორტიც, რომლის მოცულობაც წლიურად დაახლოებით 5%-ით გაიზარდა.bp.ge 

"ართანისი" – კოტეჯი ტბაზე

„ართანისი“ – კოტეჯი ტბაზე, რომელიც კახეთში, სოფელ ართანაში მდებარეობს, მასპინძლობს როგორც ადგილობრივ ისე უცხოელ ტურისტებს.როგორ გაჩნდა იდეა, რა მომსახურებას სთავაზობს სტუმრებს და რა გეგმები აქვს კოტეჯს მომავალში ნახეთ რუბრიკაში "ბიზნესის ხმა", რომელიც მომზადებულია სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან პარტნიორობით. რუბრიკის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში არსებული ბიზნესების წარმოჩენა და მათი საქმიანობის შესახებ ცნობადობის გაზრდა.