„ადგილობრივ ბაზარზე ფერმერებისგან ერთგვაროვანი და მუდმივად სტაბილურად ხარისხიანი, შესაბამისი კალიბრის პროდუქციის მიღება დიდი გამოწვევაა“- ამის შესახებ ბიზნესის განვითარების მიმართულებით „რე-ფრეშის“ პარტნიორმა გადაცემაში „ბიზნესი რუსთავი 2-ზე „გემოვანის“ რუბრიკაში სტუმრობისას განაცხადა. როგორც დავით პერტაიამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ფერმერებს ჰქონდეთ წვდომა ახალ ტექნოლოგიებზე, რათა წარმოება გრძელვადიან პერსპექტივაზე დაიგეგმოს. „ჩვენი ასოციაცია სწორედ ამას გულისხმობს, რომ ნედლეულის მომწოდებლებთან ერთად დავგეგმოთ გრძელვადიან პერსპექტივაში ის ხარისხი, რომ საექსპორტო ბაზრისთვის დამზადებული პროდუქცია იყოს უნიკალური . ფერმერებს კი ჰქონდეთ ხელმისაწვდომობა ახალ ტექნოლოგიებზე, რათა უფრო ეფექტიანად და გრძელვადიან პერსექტივაზე დაიგეგმოს წარმოება. ასოციაციის შემდგომი ეტაპია, რომ ჩვენ ყველა კომპანია, რომელიც ასოციაციაში შევდივართ, გემოვანის პლატფორმაზე მოვხვდეთ და უფრო ფართო მასშტაბი მივცეთ ჯანსაღი, ადგილობრივი და ნატურალური პროდუქციის ხელმისაწვდომობას . „რე-ფრეში“ დიდი ხანია უკვე ბაზარზეა. ახალი პროდუქტებიც შევთავაზეთ ბაზარს, როგორიც არის ბიტერი და სხვა სიროფები. ჩვენი გამოცდილება გვინდა გავუზიაროთ სხვა კომპანიებს და ასევე ვაპირებთ, რომ ექსპორტისთვისაც მოვემზადოთ.“-აღნიშნა დავით პერტაიამ.მისივე თქმით, მომხმარებლების 20% არის ის ნიშა, რომელიც ბაზარზე ნატურალურ პროდუქციას ანიჭებს უპირატესობას.„20%/80%-ზე. ასეთია თანაფარდობა. 20% არის ის ნიშა, რომელსაც ჩვენ ვუმიზნებთ, აქედან თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჯერ მხოლოდ 2% არის ათვისებული, თუმცა მოთხოვნა ძალიან დიდია. იმისთვის რომ მომხმარებლების ეს 20% დააკმაყოფილო ხარისხით მწარმოებლების ტოპ 5%-ში უნდა ხვდებოდე. ტოპ 5%-ში მოხვედრა შეიძლება უფრო რთული იყოს ვიდრე სტანდარტული მეთოდით წარმოების აწყობა, თუმცა 20% იმდენად დიდი რაოდენობაა, რომ კონკურენცია ფაქტობრივად არ არსებობს.“-აღნიშნა დავით პერტაიამ.ცნობისთვის, კომპანია „რე-ფრეში“ მომხმარებელს ყველანაირი ციტრუსის და ბროწეულის ცივად დაწურულ ორგანულ ფრეშებს სთავაზობს.დაწურვა ხდება ბაზრის ლიდერი კომპანიის, ZUMMO-ს პროფესიონალური აპარატების გამოყენებით, რომლის ინოვაციური წურვის სისტემა გამოირჩევა მაღალი ჰიგიენითა და ფილტრაციით.
ჩირის მწარმოებელი კომპანია „ჩირიფრუტი“ საექსპორტო ბაზრებზე გასასვლელად ემზადება. როგორც კომპანიის თანადამფუძნებელმა გადაცემაში „ბიზნესი რუსთავი 2-ზე, “ გემოვანის რუბრიკაში სტუმრობისას განაცხადა, კომპანიამ მიმდინარე წელს საწარმო ფართი შეიძინა.„საექსპორტო მიმართულებაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ შევქმნით ისეთ პროდუქტს, რომელიც ექსპორტზე გავა. ძალიან გვიხარია, რომ ნულიდან დაწყებულმა ბიზნესმა რეინვესტირება მოვახერხეთ და შევძელით გაფართოება. შევიძინეთ საკუთარი საწარმოო ფართი, რაც წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. როცა "ჩირიფრუტის"პროდუქტი სხვა ქვეყნებში საჩუქრად გააქვთ, ძალიან ხშირად გვირეკავენ და გვეუნებიან, რომ ეს პროდუქცია მათ ბაზარზე აუცილებლად უნდა მოხვდეს.“-აღნიშნავს სოფო ჯიქია.მისივე განმარტებით „ჩირიფრუტი“ ქართულ ბაზარზე 80-მდე სახეობის პროდუქტითაა წარმოდგენილი.„ცხრა წელია, ჩირიფრუტი ქართულ ბაზარზეა. დაარსების დღიდან ვცდილობთ მომხმარებლებს მაქსიმალურად ნატურალური პროდუქცია შევთავაზოთ. შევქმენით ოთხმოცამდე სახეობის ასორტიმენტი, რომელიც მომხმარებელმა ძალიან შეიყვარა. კონტაქტი გვაქვს ბევრ ფერმერთან, რომელთაგანაც ვყიდულობთ მაღალი ხარისხის პროდუქციას. თავიდან მომხმარებელი სკეპტიკურად იყო განწყობილი, ჩირს ნაკლებად აფასებდნენ. თუმცა წლიდან წლამდე ჩვენი მომხმარებელი ძალიან გაიზარდა. ბევრი მიმართულება განვავითარეთ. მათ შორის ხარისხი, შეფუთვა, გემოვნური თვისებები და საბოლოო ჯამში ჩვენი პროდუქცია უკვე პრესტიჟულ სასაჩუქრე მიმართულებად ითვლება. ჩვენ ეს შევძელით.“- აღნიშნავს სოფო ჯიქია.
ფაფების, ბურღულეულისა და სხვა სასარგებლო პროდუქტების ფართო ასორტიმენტი - "ბაია ფუდი" მომხმარებელს ადგილობრივი მარცვლეულისა და ხილისგან დამზადებულ პროდუქციას სთავაზობს. კომპანია წარმოებაში არ იყენებს ხელოვნურ საღებავებს, არომატიზატორებს და კონსერვანტებს.როგორც "ბაია ფუდის" დამფუძნებელი ზვიად გრძელიძე „ბიზნესი რუსთავი 2“-ის ეთერში აცხადებს, ამ ეტაპზე 25 სახეობის პროდუქციას წარმოებს. 1 თვის წინ კი, 1 სეგმენტი დაამატეს და ქართულ ბაზარზე მალე ახალი პროდუქტი სნექები გამოჩდნება.ზვდიად გრძელიძის თქმით, წარმოებაში იყენებს ქართულ შვრიას, ქერს, ხორბალს, სიმინდს."ჩვენ დიდი პროდუქციის მწარმოებელი ქვეყანა არ ვართ და არც ჩვენი საწარმოა დიდი. ჩვენ უნდა გვქონდეს ნიშური პროდუქცია. ჩვენს მიერ წარმოებული პროდუქცია ყოველგვარი ქიმიური დანამატების გარეშეა", - აღნიშნა ზვიად გრძელიძემ.
სოფელ ხუცუბანში, თეთროსნის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში პურის ცხობისას მაჭრითა და მჭადის ფქვილით დამზადებულ ბუნებრივი საფუარს იყენებენ, რომელიც თავის მხრივ, უნიკალური და ინოვაციურია, თუმცა, სათავეს უძველესი ტრადიციებიდან იღებს. ბუნებრივი საფუარით პურის ცხობა 14-16 საათს საჭიროებს და მცხობელებისგან დროსთან ერთად, დიდ ყურადღებასაც მოითხოვს. სამი სახეობის მონასტრის პური გარდა ადგილობრივი სოფლისა, ბათუმისა და ქობულეთის ქსელურ მაღაზიებშიც იყიდება.„მსოფლიოში არსებული 24 სახეობიდან 14 საქართველოს ტერიტორიაზეა აღმოჩენილი და აქედან 5 ქართული ენდემური ჯიშის ხორბალია. ამ კუთხით ჩვენი საქმიანობა დაიწყო დაახლოებით 8 წლის წინ. მოგვყავდა ქართული ჯიშის ხორბალი და გვინდოდა, რომ პური გამოგვეცხო ძველი ქართული მეთოდით, ანუ ბუნებრივი საფუარით. ყოველდღიური ცხობის შემდეგ ჩვენ დავნერგეთ ახალი მეთოდი. მაჭრისგან გავაკეთეთ საფუარი. გამოიყენება მჭადის ფქვილიც, რომლის წყალში გაღვივებიდან 12-14 საათის შემდეგ ჩვენ ვიღებთ მზა პროდუქტს. ბუნებრივ საფუარს. ქიმიური საფუარის შემდეგ ერთ საათში ფუვდება ცომი. ჩვენს შემთხვევაში, ამას ბევრი დრო სჭირდება. შესაბამისად, პურს განსაკუთრებული გემოვნური თვისებებიც შენარჩუნებული აქვს და ბუნებრივია, სურნელიც.“-აღნიშნავენ მწარმოებლები.მათივე განმარტებით, საწარმოო რაოდენობაზე გადასვლამდე ხუთი წელი გავიდა.„ არ დაგვიგეგმია რომ ამ საქმიანობისთვის კომერციული სახე მიგვეცა, მაგრამ მომხმარებლებს ძალიან მოსწონდათ და შესაბამისად, ნელნელა დავიწყეთ წარმოება. ამ ეტაპზე დღეში 600 პურს ვაცხობთ. ჩვენი პური ბათუმსა და ქობულეთში ქსელურ მაღაზიებში იყიდება.“-აღნიშნა სერგი გოგოლმა.
"ნეითივ რაჭა" - ევროპული კაპიტალით შექმნილი ქართული კომპანიაა, რომელმაც უნიკალური თვისებების ქართული მთის ღორის პროექტი განახორციელა და ბაზარზე ჯანსაღი პროდუქტი, მათ შორის რაჭული და სვანური როლი, ქართული და ესპანური ხამონი, ჩალაღაჯი და სხვა ხორცპროდუქტი გამოაქვს. "ევროპული გამოცდილებისა და ინვესტიციების შემოტანაზე ვმუშაობთ. 10 წლის წინ საქართველოს ბაზარს ესპანეთში თითქმის არ იცნობდნენ, დღეს უკვე ესპანური კომპანიები საქართველოში ფართო მასშტაბით არიან წარმოდგენილები. მე და ჩემ გუნდს ამაში ძალიან დიდი წვლილი გვაქვს", - აცხადებს "ნეითივ რაჭას" დამფუძნებელი ვასილ ბაბლუანი. როგორც მან "ბიზნესი რუსთავი-2"-ის ეთერში განაცხადა, მსოფლიოში გასტრონომიულ ტურიზმს უკვე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. მნიშვნელოვანია, ასეთი ტიპის პროექტები საქართველოშიც განვითარდეს და როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ ვიზიტორებს ქართული ენდემური ჯიშის პროდუქტით გაუმასპინძლდნენ. "ჩვენ ასეთი ლოზუნგი გვაქვს- განვითარება იწყება ტრადიციიდან. ჩვენ ეს ტრადიციული პროდუქტი ძალიან ძვირი გვიჯდება და თავისუფალ ბაზარზეც რთულია დიდ მწარმოებლებთან კონკურენცია, მაგრამ ევროპული გამოცდილება ამას ამბობს- გრძელვადიანი პროექტების არ უნდა გეშინოდეს. ჩვენი მთავარი პრიორიტეტია მასპინძლობის კონცეფცია. ჯერ ადგილობრივ მომხმარებელს და აქ მოსულ ხალხს გავუმასპინძლდეთ. პირობითად სვანეთში ასულმა სტუმარმა იმპორტირებული ღორის ხორცის კუბდარი ჭამოს - ეს ძალიან სამწუხაროა", - აღნიშნა ვასილ ბაბლუანმა.
ქრაფთ-წარმოების, ადგილობრივი ხილით დამზადებული, ქართული ნატურალური ლიმონათი „რე-ფრეში“ ქართულ ბაზარზე უკვე რამდენიმე წელია გამოჩნდა და კომპანიის სამომავლო გეგმებში პროდუქტის ექსპორტზე გატანაც განიხილება. გურიის ციტრუსის პლანტაციებში გაჩენილმა იდეამ გაამართლა, ლიმონათის წარმოებას კი მალევე მოყვა სრულიად ახალი და უნიკალური პროდუქტი „ბიტერი“.როგორც კომპანია „რე-ფრეშში“ აცხადებენ, მათ მიერ წარმოებულ პროდუქციას საქართველოში ანალოგი არ გააჩნია.„ ხილის და ციტრუსების ბაზარზე ბევრი სირთულე გადავლახეთ, აღმოვაჩინეთ ადგილობრივი რამდენიმე პლანტაცია და ბაღი მთელი საქართველოს მასშტაბით, სადაც შესაბამისი ხილი მოჰყავთ და წლიდან წლამდე მოსავლიანობას და ხარისხს ზრდიან. ჩვენც ვცდილობთ მუდმივად ახალი მებაღეები აღმოვაჩინოთ მიღებული გამოცდილება გავუზიაროთ, რომ უკეთესი ნედლეული უფრო დიდი რაოდენობით იყოს ხელმისაწვდომი. პარალელურად გუნდში დიდი სურვილი გვქონდა ჩვენი შექმნილი და წარმოებული პროდუქტებიც შეგვეთავაზებინა ერთგული და ახალი მომხმარებლისთვის და საექსპორტო პრემიუმ ბაზრებიც აგვეთვისებინა. აქედან დაიწყო ჩვენი პირველი წარმატებული პროდუქტის თავგადასავალი. თითქმის ერთ წლიანი კვლევის და ცდების შემდეგ მივიღეთ პირველი ლიმონათის რეცეპტი. მომდევნო 1 წელი დეგუსტაციებს, დახვეწას, ბაზრის მოთხოვნების მორგებას და გემოების მრავალფეროვნების ზრდას მოვახმარეთ. უკვე 2 წელზე მეტია რაც ბაზარზე ჩვენი ლიმონათი მცირე რაოდენობებით გამოდის, მაგრამ დიდი პოპულარობით სარგებლობს და სულ მალე წარმადობის ბაზრის შესაბამისად ზრდას ვგეგმავთ.“-აღნიშნავენ „რე-ფრეშში“კომპანია აწარმოებს როგორც დაბალ შაქრიან, ასევე დიაბეტურ პროდუქციას. დიაბეტური ხაზის მიმართულებით ახლო მომავალაში შაქრის შემცვლელი ჩანაცვლდება ადგილობრივი, გურიაში მოყვანილი ე.წ სტევიათი.„თავიდანვე გვქონდა გადაწყვეტილი მხოლოდ ნატურალური კომპონენტების გამოყენება. ბევრი ცდის და მუშაობის შედეგად მივიღეთ მცენარეულ-ბოტანიკური ნაყენები, რომელსაც ვიყენებთ ჩვენი ლიმონათების არომატების გასაძლიერებლად და გამოსაკვეთად. ამ ნაყენების კეთებისას, ბევრი კვლევა ჩავატარეთ და ბევრიც ვიმოგზაურეთ და გადავწყვიტეთ პროდუქტების ახალი ხაზი გაგვეკეთებინა. ჩვენივე ნატურალური კრაფტ ლიმონათის შემადგენელი კომპონენტებიდან ნაკარნახევი სიროფი, სახელად sirupo რომელიც საკონდიტრო და სასმელებისთვის შეუდარებელია ასევე ნატურალური არომატული ბიტერი. ბიტერი უნიკალური პროდუქტია, რომელიც კულინარულ შედევრებს და კოქტეილებს კიდევ უფრო შთამბეჭდავს გახდის.“-აღნიშნავენ კომპანიაში.მათივე განმარტებით, წარმოების პროცესს ტექნიკური სირთულეებიც ახლავს თან.„ბაზარზე მოქმედი ჩამოსასხმელი ხაზების აბსოლუტური უმრავლესობა მცირე წარმოებასთან შეუთავსებელი და მოუქნელია. ტექნიკური გამოწვევებისაც არ გვეშინია და ჩვენი ძალებით ამერიკის, ჩეხეთის და ახალი ზელანდიის მცირე მწარმოებლების გამოცდილების მოკვლევით მოქნილ საწარმო ხაზზე ვმუშაობთ, რაც ეფექტიანობას შესძენს ჩვენს წარმოებას. ჩვენი დაგროვილი გამოცდილების გაზიარების მიზნით შევქმენით კრაფტ სასმელების მწარმოებელთა ასოციაცია. გვინდა გავაერთინოთ მცირე და საშუალო მწარმოებლები და გავუადვილოთ საწარმოო პროცესები, როგორც ინფორმაციულად ასევე ტექნიკურად. გავამყაროთ ფერმერებსა და ბიზნესს შორის კავშირები და ამით ხელმისაწვდომი გავხადოთ ადგილობრივი ნედლეული, რაც ემსახურება წარმოების ხარისხის გაუმჯობესებას და საქართველოში მოყვანილი ხილის პოპულარიზაციას .სწორედ ეს საერთო პრინციპები გახდა "გემოვანის" ქოლგაში გაწევრიანების მიზეზი, სადაც ერთობლივად, უფრო მასშტაბურად და სისტემურად შევძლებთ სიახლეების დანერგვას და ჩვენს წვლილს შევიტანთ ქართული პროდუქციის პოპულარიზაციაში.“-აღნიშნავენ „რე-ფრეშში“
კომპანია „კეთილი და პატიოსანი“ პროდუქციას ექსპორტზე საფრანგეთშიც გაიტანს. როგორც ქართული აგროპროდუქტის მმართველმა პარტნიორმა „ბიზნესი რუსთავი 2“-ის ტრადიციულ რუბრიკაში „გემოვანი“ აღნიშნა, გასაგზავნი პროდუქცია უკვე მზადაა.„ძალიან აქტიურად ვმუშაობთ საფრანგეთის მიმართულებით. საფრანგეთში ჩვენს პროდუქტს კვლევების შედეგად მიენიჭა A კატეგორია, სულ ცოტა ხნის წინ ჩამოვასხით საფრანგეთში გასაგზავნი პროდუქცია.“-აღნიშნა სოსო მანჯავიძემ.მისივე განმარტებით, ნატურალურ პროდუქტზე მოთხოვნა როგორც ევროპულ ისე ადგილობრივ ბაზარზე მაღალია.„ის პროდუქტი რომელიც საქართველოში ჩამოდის, 70% კონცენტრატებისგანაა დამზადებული. ანუ მიიღება ქიმიური ჩარევების შედეგად. 2017 წელს ჩვენ შევიძინეთ იტალიური დანადგარები, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ ქიმიური ჩარევა არ მოხდეს და პროდუქცია იყოს სრულად ნატურალური. ზოგადად, ექსპორტი გარკვეულ პრობლემებთან ყოველთვის არის დაკავშირებული, თუნდაც სანდო პარტნიორის მოძიების კუთხით, თუმცა აქაც გვეხმარება გამოფენებში მონაწილეობა. ვიყავით გერმანიაში, დუბაიში, ამერიკაში. ეს გამოფენები პირველი კონტაქტების დამყარებაში გვეხმარება. ჩვენი მხრიდან მთავარი აქცენტი კეთდება იმაზე, რომ პროდუქტი არის ნატურალური და არის შაქრის დანამატის გარეშე. სწორედ ამით აიტაცა ამერიკამ და ევროპის ქვეყნებმა ჩვენი პროდუქტი.“- აღნიშნა სოსო მანჯავიძემ.მისივე თქმით, ამ ეტაპზე „ კეთილი და პატიოსანი“ ბაზარზე წარმოდგენილია რვა სახეობით, თუმცა ახალ მიმართულებებზე მუშაობა გრძელდება.„2014 წელს შეიქმნა ჩვენი კომპანია. თავდაპირველად, საქმიანობა სამაცივრე მეურნეობით დავიწყეთ და ძირითადად ხილის ექსპორტით ვიყავით დაკავებული. ამ პროცესში გამოჩნდა ძალიან ბევრი არასტანდარტული ხილი, მისი დახარისხება-დაკალიბრების შემდეგ. აქედან გამომდინარე, 2017-ში გაჩნდა იდეა, რომ დაგვეწყო ამ ხილის გადამუშავება. ამის შემდეგ მივიღეთ ყველა პროდუქტის ხილფაფები. უკვე 2019 წლიდან გადავწყვიტეთ „კეთილი და პატიოსანის“ შექმნა. ახლაც გვაქვს ძალიან საინტერესო გემოები. ასევე ჩავერთეთ სოუსების წარმოების მიმართულებითაც. შეიქმნა ბრენდი „პოპორელი“, დავაფინანსეთ აგროტური საქართველოს მასშტაბით, რომლის ფარგლებშიც მოვიარეთ საქართველოს ყველა კუთხე და ძველი რეცეპტები გავათანამედროვეთ. შედეგად, მივიღეთ ძალიან საინტერესო პროდუტი. მაგალითად, წითელი ტყემლის და ჭარხლის სინთეზი - წოწოლა. ალუბლის საწებელი ალუმის სახელობით, ყველა მათგანი არის ნატურალური და მათ წარმოებაში არანაირი ქიმიური ჩარევა არ ხდება“-აღნიშნა სოსო მანჯავიძემ.მისივე თქმით, კომპანია გაწევრიანებულია ქართული ენდემური და ტრადიციული აგროპროდუქციის მწარმოებლების გაერთიანება - „გემოვანში“.„ეს მიმართულება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ნატურალური პროდუქტი ყოველთვის მოთხოვნადია. „გემოვანი“ იქნება ერთგვარი ხარისხის ნიშანი ჩვენთვის. ამასთან, ჩვენ გვინდა გავაშენოთ საკუთარი პროდუქტი და წავიდეთ ბიოწარმოების მიმართულებით. რადგან ნატურალური პროდუქტი ყოველთვის მოთხოვნადია, განსაკუთრებით დასავლეთში. ჩვენთანაც ბევრი ახალგაზრდაა ჩართული ამ მიმართულებით.“-აღნიშნა სოსო მანჯავიძემ.მისივე თქმით, კომპანიებისთვის საკმაოდ რთული საკითხია მუშახელის დეფიციტი.„ძალიან გვიჭირს კადრები. ჩვენი საწარმო გურჯაანში მდებარეობს და ადგილობრივი კადრი საკმაოდ რთული მოსაძიებელია. ამისათვის ჩვენ ასეთი გზა ავირჩიეთ, გვაქვს დუალური ხელშეკრულება კაჭრეთის პროფესიულ სასწავლებელთან. გადავამზადეთ კადრები, რომელთაც შეისწავლეს ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავების საკითხები, ახალ ტექნოლოგიებთან მუშაობა და ყველა ახალ კადრს ვეხმარებით რომ განათლება მიიღონ.“-აღნიშნა სოსო მანჯავიძემ.
ახალციხემ „პურის ფესტივალს“ უმასპინძლა. სტუმრები ხორბლის ენდემურ სახეობებს და ადგილობრივ ჯიშებს, მათ მნიშვნელობასა და მოვლა-მოყვანის წესებს გაეცნენ, დააგემოვნეს ადგილზე გამომცხვარი სხვადასხვა სახეობის ხორბლის პური, ადგილობრივი პროდუქტები და სამცხე-ჯავახეთის ტრადიციული კერძები, მათ შორის ფურნეში გამომცხვარი მესხური ქადა, ტენილი ყველი და აპოხტის ხინკალი. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ფერმერების მიერ წარმოებული პროდუქტები და ხელნაკეთი ნივთები ეყიდათ. ფესტივალი, „ელკანას“ ინიციატივით წელს უკვე მეხუთედ გაიმართა. რით იყო გამორჩეული წლევანდელი ღონისძიება და რა გამოწვევების წინაშე არიან ბიოპროდუქტების მწარმოებლები ამ და სხვა თემებზე ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ დირექტორმა მარიამ ჯორჯაძემ გადაცემაში „ბიზნესი რუსთავი 2-ზე“ ყოველკვირეული რუბრიკის ფარგლებში ისაუბრა.რით იყო წელს ფესტივალი გამორჩეული და რა შედეგებით დასრულდა? წელს ფესტივალზე ყველაზე მეტი ადამიანი იყო წარმოდგენილი, მათი უმრავლესობა ადგილობრივი გახლდათ. 2010 წლიდან ჩვენ გავამრავლეთ ის თესლი, რომელიც პრაქტიკულად აღარ ითესებოდა, რადგან არის წარმოდგენა, რომ ქართული ხორბალი დაბალმოსავლიანია. მაგრამ საქართველოში ხორბლის საშუალომოსავლიანობა 2 ტონაა. ჩვენი ხორბალი კი 3 და 4 ტონა მოსავალს იძლევა. უბრალოდ, ამ რაოდენობას, ბუნებრივია, ვერ შევადარებთ ინდუსტრიული ქვეყნების წარმოებას, სადაც შეიძლება 7-8 ტონაც იყოს ხორბლის მოსავალი. ჩვენ გვაქვს ხუთი ხორბლის ენდემური სახეობა. წლევანდელ ფესტივალზე ოთხი სხვადასხვა ჯიშის ხორბლისგან გამომცხვარი პური, ბოლო ასი წლის განმავლობაში პირველად გამოცხვა. ეს პური იმდენად ყუათიანია, რომ ძალიან სწრაფად განაყრებს.ბაზარზე ხომ არ გამოვა უახლოეს პერიოდში ასეთი სახეობის პური?ბაზარზე ვერ გამოვა, რადგან ძალიან მცირეა ის რაოდენობა, რომელსაც ჩვენ ვიღებთ. ჩვენ როდესაც დავიწყეთ, ავარჩიეთ წითელი დოლი, რომელიც გემოვნური თვისებებითაც გამორჩეულია. განსხვავებული გემო აქვს. შემდეგი იყო დიკა. დღეს წითელ დოლს გადაშენება აღარ უწერია, რადგან საკმაოდ გავრცელდა და თანდათანობით გადავდივართ სხვა სახეობებზე. დიკაც, მახაც ენდემურია. იზრდება საცხობების მხრიდან ამ ენდემურ ჯიშებზე მოთხოვნა.მომავალ წელს იგეგმება პურის ფესტივალის ჩატარება? იმედია, ყოველწლიურ სახეს მიიღებს ეს ფესტივალი. ჩვენც რომ არ ჩავერიოთ, ვფიქრობ მაინც ჩატარდება.ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამას რაც შეეხება, როგორ მიმდინარეობს ეს პროგრამა და განახლებას რა მიმართულებით საჭიროებს? ჩვენ წინა კვირაში მივაწოდეთ სამინისტროს ჩვენი მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით. არის მიმართულებები რომლის დაფარვაც კარგი იქნებოდა ამ პროგრამის მეშვეობით. როგორც ცნობილია, 2030-სთვის ევროპაში იგეგმება, რომ სოფლის მეურნეობის 20-25% გადავიდეს ბიოსერტიფიცირებაზე. ჩვენ კი უნდა მივუდგეთ ქვეყნის შესაძლებლობებიდან და პრიორიტეტებიდან გამომდინარე. ვფიქრობთ, რომ სერტიფიცირების თანადაფინანსებამ საქართველოში უნდა დაფაროს მეთხილეობის სექტორიც. აქ არის დიდი პოტენციალი. ამასთან, სერტიფიცირების ამ სისტემის გამოყენება კარგი იქნება თაფლის სექტორშიც, ასევე მოცვის მიმართულებით და ადგილობრივი ბაზრისთვის მნიშვნელოვანი იქნება ბოსტნეული კულტურების ბიოსერტიფიცირების კუთხით მხარდაჭერაც, იმიტომ რომ მოთხოვნა დიდია და მომხმარებელი მზად არიან, რომ ამაში მეტი თანხა გადაიხადონ.
ხორბლისა და სიმინდის სელექცია-მეთესლეობა და მინდვრის კულტურების წარმოება უკვე 3 ათწლეულია კომპანია „ლომთაგორას“ ძირითადი საქმიანობაა. კომპანიის მთავარი ამოცანა გამოყვანილი ჯიშების რეგიონთან ადაპტირება და ხარისხისა და მოსავლიანობის ოპტიმიზაციაა. სტრატეგიული კულტურის მოშენებისა და გაძლიერებისთვის კომპანია „ლომთაგორა“ უკვე 30 წელია ხორბლის სელექციითა და მეთესლეობით არის დაკავებული.როგორც კომპანიის დირექტორის მოადგილე „ბიზნესი რუსთავი 2“-ის ტრადიციულ რუბრიკაში „გემოვანი“ აღნიშნავს, ხორბალი არის მთავარი სტრატეგიული კულტურა ნებისმიერი ქვეყნისთვის.„ ეს არის დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის ერთერთი მთავარი ფაქტორი.ჩვენთან მოსული ხაზები განიცდინან დაკვირვებას, პირობებთან ადაპტირებას, 7-8 წლის შემდეგ უკვე ჩამოყალიბებული ჯიშები გადაეცემა წარმოებას. დაახლოებით 20-მდე ჯიში გვყავს გამოყვანილი, რომელმაც დიდი სარგებლობა მოუტანა ქვეყანას მოსავლიანობითა და ხარისხით.“-აღნიშნავს ირაკლი რეხვიაშვილი.მისივე განმარტებით, გამოყვანილი ჯიშები რეგისტრაციამდე ცდის, დაკვირვების და ჯიშთა გამოცდის არაერთ ეტაპს გადიან. ჯიშების გამოყვანისა და სელექციის პროცესი მუდმივად მიმდინარეა. ამჟამად ყველაზე დაწინაურებული ხორბლის ჯიში ლომთაგრორა 126-ია, რომელიც ჯერ-ჯერობით, მარცვლის ხარისხისა და პურ-ცხობის თვისებებით ყველა დანარჩენს აღემატება.„ჩვენი ხორბლის ეს ჯიში, ლომთაგორა 126 არის უნივერსალური ჯიში, რომელიც მოიყვანება მთაშიც ბარშიც და გავლილი აქვს წინასწარი გამოცდები.“-აღნიშნავს „ლომთაგორას“ დირექტორის მოადგილე."-აღნიშნავს ირაკლი რეხვიაშვილი.მისივე ინფორმაციით, ახლო მომავალში დღის სინათლეს სავარაუდოდ კიდევ 50-მდე პერსპექტიული ხორბლის ჯიში იხილავს, თუმცა, მანამდე, მეურნეობაში საშემოდგომო სამუშაოები მიმდინარეობს. კომპანია ჯიშთა გამოყვანის პარალელურად, ინოვაციურ აგროტექნოლოგიებსაც ნერგავს. მათგან ერთ-ერთი საშემოდგომო ხორბლის ბაზოებზე თესვაა.„ბაზოების ფორმირებასთან ერთად ვაუმჯობესებთ რწყვის პროცესს. აქ ხდება წყლის ნაკლები დანახარჯები და დანაკარგები და ამასთან, უფრო სწრაფად მიმდინარეობს მორწყვა. ასევე თანაბრად ტენიანდება ხორბლის მარცვალი, რაც ნიშნავს რომ დროულ და კარგ მოსავალს მივითღებთ."ლომთაგორას" მეურნეობაში მოსავლიანობის ნიშნული ჰექტარზე 5 ტონა ნახევრიდან 7ტონამდე მერყეობს. აქ სჯერათ, რომ ქვეყანას ნამდვილად აქვს საკმარისი რესურსი ხორბლის იმპორტის მინიმუმამდე დასაყვანად. უფრო ოპტიმისტური სცენარი კი თვითმოხმარების იმპორტის გარეშე უზრუნველყოფაა.„შესაძლებელია, რომ ჩვენ თავისუფლად ვაწარმოოთ ჩვენი მოთხოვნილების შესაბამისი ხორბალი. ჩვენ გვჭირდება დაახლოებით 200 ფერმერი და ათი ასეთივე გადამამუშავებელი ქარხანა, როგორიც ჩვენ გვაქვს.“-აცხადებს ირაკლი რეხვიაშვილი.
"მზეთამზეს" დამფუძნებელი კომპანიის 8 წლიანი საქმიანობის შედეგებს დადებითად აფასებს. როგორც ოთო ნაჭყებიამ ბიზნესი რუსთავი 2-ის ტრადიციულ რუბრიკაში „გემოვანი“ აღნიშნა, მთავარი მიზანი მომხმარებლისთვის გემოვნური თვისებებით გამორჩეული და ჯანსაღი პროდუქტის მიწოდებაა.„საქართველოში პური არის ყველაზე მასიურად მოხმარებადი პროდუქტი . იმ დროისათვის, როცა ჩვენ ბიზნესსაქმიანობას ვიწყებდით, ქართული ხორბლისა და ბუნებრივი საფუარით დამზადებული პური ხელმისაწვდომი ფაქტიურად არ იყო. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ ჯანსაღი პროდუქტი გვეწარმოებინა. ძალიან რთულია, მაგრამ ამავდროულად სასიამოვნოა ამ საქმის კეთება. ბიზნესი წარმატებულია, დღემდე მოვაღწიეთ და წინ დიდი გეგმები გვაქვს. ბევრ ცდუნებას ავარიდეთ თავი, პურის ჯანსაღი რეცეპტი ძიებაში 8 წლის თავზე მივიღეთ პური, რომელსაც აქვს მომხმარებლისთვის მისაღები გემო, ჯანსაღი შემცველობა და სასარგებლო თვისებები - ეს კარგი შედეგია.“-აღნიშნა ოთო ნაჭყებიამ.მისივე განმარტებით, „მზეთამზემ“ არტიზანული პურის წარმოება ინდუსტრიულ წარმოებად აქცია. „ამ საქმეში დიდი და შეიძლება ითქვას, 24 საათიანი შრომა დევს. ჩვენ უკვე გვყავს ლოიალური მომხმარებლები, რომლებიც დახლზე სასარგებლო თვისებების მქონე პროდუქტს ეძებენ, ანოტაციას კითხულიბენ. პირობითად, პურში თუ არის შაქარი და დანამატები ეს არ არის პური, ეს არის პურისებრი. როცა პური ჯანსაღია, მასში შედის ბუნებრივი საფუარი, ფქვილი, წყალი და მარილი.“-აღნიშნა ოთო ნაჭყებიამ.ცნობისთვის, კომპანია „მზეთამზე“ დღეში 5 000 პურს აწარმოებს, ამარაგებს დიდ სავაჭრო ქსელებს და სკოლებს. ხარისხიან პროდუქციაზე, მოთხოვნის ზრდის ფონზე , სამომავლოდ, წარმოების გაფართოება უკვე დაგეგმილია.