სოფელ ხუცუბანში, თეთროსნის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში პურის ცხობისას მაჭრითა და მჭადის ფქვილით დამზადებულ ბუნებრივი საფუარს იყენებენ, რომელიც თავის მხრივ, უნიკალური და ინოვაციურია, თუმცა, სათავეს უძველესი ტრადიციებიდან იღებს. ბუნებრივი საფუარით პურის ცხობა 14-16 საათს საჭიროებს და მცხობელებისგან დროსთან ერთად, დიდ ყურადღებასაც მოითხოვს. სამი სახეობის მონასტრის პური გარდა ადგილობრივი სოფლისა, ბათუმისა და ქობულეთის ქსელურ მაღაზიებშიც იყიდება.
„მსოფლიოში არსებული 24 სახეობიდან 14 საქართველოს ტერიტორიაზეა აღმოჩენილი და აქედან 5 ქართული ენდემური ჯიშის ხორბალია. ამ კუთხით ჩვენი საქმიანობა დაიწყო დაახლოებით 8 წლის წინ. მოგვყავდა ქართული ჯიშის ხორბალი და გვინდოდა, რომ პური გამოგვეცხო ძველი ქართული მეთოდით, ანუ ბუნებრივი საფუარით. ყოველდღიური ცხობის შემდეგ ჩვენ დავნერგეთ ახალი მეთოდი. მაჭრისგან გავაკეთეთ საფუარი. გამოიყენება მჭადის ფქვილიც, რომლის წყალში გაღვივებიდან 12-14 საათის შემდეგ ჩვენ ვიღებთ მზა პროდუქტს. ბუნებრივ საფუარს. ქიმიური საფუარის შემდეგ ერთ საათში ფუვდება ცომი. ჩვენს შემთხვევაში, ამას ბევრი დრო სჭირდება. შესაბამისად, პურს განსაკუთრებული გემოვნური თვისებებიც შენარჩუნებული აქვს და ბუნებრივია, სურნელიც.“-აღნიშნავენ მწარმოებლები.
მათივე განმარტებით, საწარმოო რაოდენობაზე გადასვლამდე ხუთი წელი გავიდა.
„ არ დაგვიგეგმია რომ ამ საქმიანობისთვის კომერციული სახე მიგვეცა, მაგრამ მომხმარებლებს ძალიან მოსწონდათ და შესაბამისად, ნელნელა დავიწყეთ წარმოება. ამ ეტაპზე დღეში 600 პურს ვაცხობთ. ჩვენი პური ბათუმსა და ქობულეთში ქსელურ მაღაზიებში იყიდება.“-აღნიშნა სერგი გოგოლმა.