კომპანია "ჩაი მამათის" დამფუძნებლის, დირექტორის, კახა ურუშაძის ინფორმაციით, ადგილობრივი მწარმოებლებისთვის ქსელურ მარკეტებში შესვლა გამოწვევად რჩება.
როგორც მეწარმე "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, ბაზარზე არსებულ პირობებში ადგილობრივ პროდუქციას იმპორტირებულ საქონელთან კონკურენციის გაწევა უჭირს, ხოლო გარკვეული სახის ხელშეწყობა პრაქტიკულად არ არსებობს.
"იმპორტირებულ პროდუქტზე უფრო საშეღავათო ფასებში შეტანა არ შეგვიძლია, ობიექტზე ადგილის შერჩევაც პრობლემატური საკითხია. გარკვეული სახის ნაბიჯებია გადასადგმელი, თუმცა ამ ყველაფერს მარტივი გამოსავალი აქვს, მაგალითად, ზოგიერთ ქვეყნებში იმპორტირებულ პროდუქტზე დიდი გადასახადია დაწესებული, ამით ადგილობრივი წარმოების ხელის შეწყობა ხდება. მაგალითად, იაპონიაში ბრინჯი, რომ შეიტანოთ 800%-ი უნდა გადაიხადოთ, რადგან ქვეყანა ადგილობრივ წარმოებას ეხმარება. მსგავსი სპეციფიკის მოფიქრება ჩვენთანაც შეიძლება, რათა ცოტა კონკურენტუნარიან გარემოში მოვხვდეთ", - აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.
ამასთან, კახა ურუშაძე ფინანსური კუთხითაც საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ მწარმოებლებს ქსელურ მარკეტებში შესვლისას მაღალი გადასახადების პირობები აწუხებთ.
"ქსელურ მარკეტებში, რომ შეხვიდე "ქეშბექიც" უკან დასაბრუნებელი მაღალია. ძალიან ხშირია შემთხვევა, რომ იმპორტირებული საქონელი ბუნებრივად სუფთა არ არის და ერთი და იმავე გადასახადს ვიხდით, ხარისხის შემოწმება არ ხდება, ამ შემთხვევაში ჩაის მიმართულებით ვსაუბრობ - ქვეყანაში კატასტროფა პროდუქცია შემოდის. ერთი თემაა იმპორტი, მეორე საკითხია - ხომ შესაძლებელია, ადგილობრივ წარმოებას ქსელურ მარკეტებში შესვლისას, მაგალითად, საშემოსავლოს კუთხით გარკვეული სახის შეღავათი ჰქონდეს?! მოკლედ, ეს ყველაფერი საერთო, კომპლექსური პრობლემაა", - აცხადებს კახა ურუშაძე.
ცნობისთვის, "ჩაი მამათი" ლანჩხუთის რაიონში, სოფელ მამათში მდებარეობს, კომპანიას პლანტაცია გაშენებული 14 ჰექტარზე აქვს. "ჩაი მამათი" ადგილობრივ ბაზარზე 2 წელია ოპერირებს.
bp.ge