შავ ზღვაში სიტუაციის ესკალაციის გამო, საერთაშორისო ბირჟებზე ხორბალი 9%-ით გაძვირდა. მას შემდეგ რაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ შავი ზღვის ზოგიერთი საზღვაო ტერიტორია გადაზიდვებისთვის დროებით არაუსაფრთხოდ გამოაცხადა, ჩიკაგოს ხორბლის ფიუჩერსები დაახლოებით 7,8%-ით გაიზარდა და ბუშელზე 7,22 დოლარს მიუახლოვდა. ზრდამ დროის გარკვეულ მონაკვეთში 9%-საც მიაღწია.
ხორბლის გლობალურ ბაზარზე ვითარება მას შემდეგ შეიცვალა, რაც რუსეთმა „მარცვლეულის შეთანხმების“ დასრულების გამო შავ ზღვაში ჰუმანიტარული დერეფნის დახურვის შესახებ განაცხადა.რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 20 ივლისიდან უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი სამხედრო ტვირთის შესაძლო გადამზიდველად განიხილება.
ცნობისთვის, რუსეთმა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების დატოვებიდან რამდენიმე საათში უკრაინის პორტებზე თავდასხმები დაიწყო.
„პორტებში, რომელსაც თავს დაესხნენ, დაახლოებით მილიონი ტონა საკვები ინახება. ეს არის ის მოცულობა, რომელიც დიდი ხნის წინ უნდა მიეწოდებინათ აფრიკისა და აზიის ქვეყნებისთვის“, - დაწერა ზელენსკიმ „ტვიტერზე“.
შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება 17 ივლისს შეჩერდა.