საქართველოს ფერმერი
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი იტალიელ მეცნიერებთან თანამშრომლობით ვაზის ფიტოპლაზმურ დაავადებებს იკვლევს

საქართველოში ვაზის ფიტოპლაზმური დაავადებების გავრცელებისა და მათი გენეტიკური თავისებურებების შესწავლის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი მილანის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით კვლევას ახორციელებს. კვლევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ოქროსფერი სიყვითლის (Flavescence dorée, FD) იდენტიფიცირება და მისი გავრცელების შესაძლო რისკების შეფასება.კვლევის ფარგლებში, მილანის უნივერსიტეტის პროფესორმა ფაბიო ქუაგლინომ, ცენტრის მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის დეპარტამენტის სპეციალისტებთან ერთად, ჯიღაურას ბაზაზე, ასევე თელავის, ყვარლისა და მცხეთის მუნიციპალიტეტების ვენახებში ვაზის ფიტოპლაზმური დაავადებების მონიტორინგი ჩაატარა.მონიტორინგის შედეგად დაავადების სიმპტომების მქონე ვაზის ნიმუშები შეგროვდა. ნიმუშების ლაბორატორიული კვლევა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ვირუსოლოგიის ლაბორატორიასა და მილანის უნივერსიტეტში განხორციელდება. მათი შესწავლისთვის გამოყენებული იქნება თანამედროვე მოლეკულური დიაგნოსტიკისა და სიქვენსირების მეთოდები, რაც დაავადებების ზუსტი იდენტიფიცირებისა და ფიტოპლაზმების გენეტიკური მრავალფეროვნების განსაზღვრის შესაძლებლობას იძლევა.კვლევის მიმდინარეობისა და შემდგომი ეტაპების შესახებ ქართველმა და იტალიელმა სპეციალისტებმა სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს. მხარეებმა ვაზის ფიტოპლაზმური დაავადებების თანამედროვე დიაგნოსტიკის მეთოდები, მიღებული ნიმუშების შემდგომი კვლევისა და შედეგების ერთობლივი ანალიზის საკითხები განიხილეს.სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და მილანის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა გაგრძელდება და ერთობლივი კვლევების განხორციელებას, სამეცნიერო ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას მოიცავს.პროფესორ ფაბიო ქუაგლინოს საქართველოში ვიზიტი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის კვლევითი საგრანტო პროექტის „ვაზის ფიტოპლაზმური დაავადებების GY გენეტიკური მრავალფეროვნების შესწავლა და EPPO სტანდარტებით სარგავი მასალის სერტიფიცირების პროგრამის ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 8 თვეში უკანონო ტყითსარგებლობის 1124 ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, 2026 წლის 1 იანვრიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 1124 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 136 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 810 ფაქტი ეხება ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას, ხოლო 314 - სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევასა და არალეგალური საქმიანობის შემთხვევებს.2026 წლის 8 თვეში დალუქულია 47 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი - 265 ფაქტი დაფიქსირდა აჭარაში.  სამეგრელო-ზემო სვანეთში - 204, კახეთში - 191, იმერეთში - 152,  სამცხე-ჯავახეთში - 81, ქვემო ქართლში - 55,  რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში - 49,  გურიაში - 45, შიდა ქართლში - 40, მცხეთა-მთიანეთში კი - 35.7 სამართალდარღვევა დაფიქსირდა დედაქალაქშიც - გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომლებმა, თბილისში, 8 თვეში გამოავლინეს 3 უკანონო სახერხი საამქრო, ასევე სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 3 და ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 1 ფაქტი.ბუნებრივი რესურსების დაცვა და ტყით უკანონო სარგებლობის პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24 საათიან რეჟიმში პატრულირებენ; მყისიერი რეაგირება ხდება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზეც.

"კარგად ამოქოლავს თაღლითობის შესაძლებლობას, რასაც ბევრი ფერმერი მიმართავდა" - ბექა გონაშვილი აგროდაფინანსების ახალ პროგრამაზე

სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ აგროთანადაფინანსების განახლებული პროგრამის ამოქმედებიდან უკვე ერთი თვე გავიდა. პროგრამა ორიენტირებულია სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის ზრდასა და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებაზე. ამასთან, ახალი მექანიზმი ფერმერებსა და აგრობიზნესის წარმომადგენლებს უფრო გამჭვირვალე, მოქნილ და შედეგზე ორიენტირებულ პირობებს სთავაზობს. აგროთანადაფინანსების პროგრამა ერთ-ერთ საინფორმაციო სააგენტოსთან შეაფასა ფერმერმა ბექა გონაშვილმაც. მისი თქმით, ახალი მოდელი მომხიბვლელია მხოლოდ იმ ინვესტორებისთვის, რომლებსაც თავისუფალი კაპიტალი უკვე გააჩნიათ, თუმცა აღნიშნავს, რომ პროგრამა „საკმაოდ ამოქოლავს თაღლითობის შესაძლებლობას". „ადრე, ბანკში მიხვიდოდი, ფული მოგეცემოდა და საქმის კეთება და სახელმწიფოს მხრიდან თანხის ჩართვა ერთდროული პროცესი იყო. დღეს კი, ფერმერმა ჯერ საქმე უნდა გააკეთოს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას თავიდანვე უნდა ჰქონდეს სრული თანხა - საკუთარი, ან ბანკის მიერ სრულად დაფინანსებული. მიკრობიზნესისთვის ეს არ იქნება ადვილი და აქ მგონია, რომ უფრო მეტად შემცირდება მიმართვიანობა. თუმცა, ეს საკმაოდ კარგად ამოქოლავს თაღლითობის შესაძლებლობას, რომელსაც ძალიან ბევრი, ხშირად მიმართავდა - აგროსესხად წაიღებდა ფულს და შეიძლება, ლილოზე შემოეტანა კონტეინერით ტანსაცმელი. ამ თვალსაზრისით, ეს პროექტი ძალიან სწორია, უბრალოდ ჩვენ ვამბობთ, რომ რეალურად, ბევრი რამეა დასახვეწი და შესაძლებელია მისი უფრო კარგად გამოყენება, შედეგზე ორიენტირებულად გასვლა, ვიდრე დღეს გვაქვს“-განაცხადა ბექა გონაშვილმა. აღსანიშნავია, რომ პროგრამის ამოქმედებისთანავე სოფლის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ფერმერებს განახლებული პროგრამის პირობებს აცნობენ.შეხვედრების ფარგლებში აღინიშნება, რომ ახალი მოდელი შემუშავდა დარგში არსებული გამოწვევებისა და გამოვლენილი რისკების საფუძველზე. განახლებული მიდგომები მიმართულია სახელმწიფო ფინანსური რესურსების უფრო მიზნობრივ და ეფექტიან გამოყენებაზე, აგრეთვე ფერმერებისთვის უფრო მდგრადი და საიმედო საინვესტიციო გარემოს შექმნაზე.

ფერადი ღვინოები - "ჯორჯ გრეი ვაინერის" ისტორია

„ჯორჯ გრეი ვაინერი“ მცირე მარანი, რომლის ღვინო არართი ჯილდოს მფლობელია. წარმოების გაფართოების მიზნით კომპანიამ თანამშრომლობა დაიწყო პოლონურ-ქართული ინვესტიციით შექმნილ კომპანია „ჯიველთან“, ეს არის ქარხანა, რომელიც მცირე მარნებს სრულ საწარმოო სერვისს სთავაზობს.როგორ განვითარდა კომპანია, რა შედეგები და გეგმები აქვს მომავალში  ნახეთ რუბრიკაში "ბიზნესის ხმა", რომელიც მომზადებულია სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან პარტნიორობით. რუბრიკის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში არსებული ბიზნესების წარმოჩენა და მათი საქმიანობის შესახებ ცნობადობის გაზრდა.

"არია" - რძის პროდუქტების ქართული ბრენდი სამეგრელოდან

სამეგრელოში წარმოებულ რძის პროდუქტებზე მოთხოვნა იზრდება. როგორც "არიას" კომერციული დირექტორი თათა ქურხაშვილი “ბიზნესპარტნიორთან” აღნიშნავს, მოთხოვნის ზრდასთან ერთად, ყოველწლიურად იმატებს წარმოებული პროდუქტის რაოდენობაც."არია" ქართული ბრენდია, რომლის საწარმო და თხის ფერმა სამეგრელოში, სენაკის რაიონში, სოფელ მენჯში მდებარეობს და 60 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე რძის საწარმოს და ფერმას აერთიანებს, არის საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილი, წარმადობა კი დღეში 3 ტონა რძის გადამუშავებას მოიცავს.როგორ დაიწყო კომპანიის ისტორია და რა გეგმები აქვს კომპანიას ნახეთ რუბრიკაში "ბიზნესის ხმა", რომელიც მომზადებულია სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან პარტნიორობით. რუბრიკის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში არსებული ბიზნესების წარმოჩენა და მათი საქმიანობის შესახებ ცნობადობის გაზრდა.

"ჩიზუკამ" ასორტიმენტს კივისა და ალუბლის ყველი დაამატა

"ჩიზუკა" წარმადობის გაორმაგებას გეგმავს. როგორც კომპანიის დამფუძნებელი, ვიკა იობიძე "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, "ჩიზუკამ" მიმდინარე წელს, ასორტიმენტს კივისა და ალუბლის ყველი დაამატა.მისი თქმით, კივისა და ალუბლის ყველი ამ ეტაპზე HoReCa სექტორში და ნიშურ მაღაზიებშია წარმოდგენილი."ჩვენ მუდმივად ვაფართოებთ ასორტიმენტს - როგორც რაოდენობის, ისე პროდუქციის სახეობების კუთხით.ამ სეზონზე 4 სახეობა დავამატეთ - ალუბალი, კივი, ტრიუფელი და ლავანდა. აქედან, ლავანდას და ტრიუფელის ყველი დაძველების პროცესს გადის და ბაზარზე 2-3 კვირაში გამოჩნდება. ახალ პროდუქტებზე მოთხოვნა ჯერ შედარებით დაბალია, რადგან მომხმარებლებს ისინი ჯერ კარგად არ იცნობენ. თუმცა ველით, რომ მოთხოვნა ეტაპობრივად გაიზრდება, რადგან ქვეყანაში რძის დეფიციტია და, შესაბამისად, ნატურალურ პროდუქტებზეც არსებობს დეფიციტი. ამის გათვალისწინებით, ვფიქრობთ, რომ ჩვენი პროდუქცია მომავალშიც მუდმივად მოთხოვნადი იქნება.წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კომპანიის გაყიდვები დაახლოებით 50%-ით გაიზარდა, მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებლის ზრდაზე არ ვმუშაობდით, რადგან მარაგები არ გვქონდა. წელს ეს უკვე გავითვალისწინეთ. წარმოება 100%-ით გვინდა, რომ გავზარდოთ. ამჟამად, ისევ 50 სული ძროხა გვყავს, თუმცა მათი პირობები გავაუმჯობესეთ, რამაც წარმადობის გაზრდის შესაძლებლობას მოგვცემს", - აცხადებს ვიკა იობიძე.ცნობისთვის, საოჯახო ბიზნესმა ყველის წარმოება 1996 წელს წალკის რაიონის, სოფელ სანთაში დაიწყო.  ქართულ ბაზარზე ახალგაზრდა მეწარმის პროდუქცია "ჩიზუკას" სახელით 2 წლის წინ გამოჩნდა. კომპანიას საკუთარი ფერმა აქვს და ასევე, რძეს ადგილობრივი ფერმერებისგან იბარებს. "ჩიზუკას" ყველი იყიდება ონლაინ და ასევე, რამდენიმე სავაჭრო ქსელში, მათ შორის, "ფრესკოში".bp.ge 

"ქვეყანაში საჭიროა სასათბურე მეურნეობების განვითარება, რადგან დამოკიდებული არ ვიყოთ კლიმატსს და იმპორტზე" - ვახტანგ ბეჟიტაშვილი

კლიმატურ პირობებზე ვართ დამოკიდებული, რაც კიდევ ერთხელ დღის წესრიგში სვამს იმ საკითხს, რომელზედაც არაერთხელ მისაუბრია, რომ საჭიროა სასათბურე მეურნეობების აქტიური განვითარება. რაც შეიძლება მეტი სასათბურე მეურნეობა უნდა იყოს, რადგან კლიმატსა და იმ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე არ ვიყოთ დამოკიდებული, მათ შორის, ომებზე და ლოგისტიკის გართულებაზე, - ამის შესახებ „ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.მისივე ინფორმაციით, აუცილებელია გვქონდეს ძლიერი ადგილობრივი წარმოება, მათ შორის, სასათბურე და ღია გრუნტის მიმართულებით."თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა საშუალებას, რომ ადგილობრივი წარმოება განვავითაროთ და ის მიწა, რაც გვაქვს გამოვიყენოთ ჩვენ ხალხის გამოსაკვებად და ექსპორტზე გავიტანოთ ძალიან ბევრი მიმართულება. ქვეყანაში ამჟამად სასათბურე მეურნეობების ძალიან მცირე ნაწილია წარმოდგენილი და შესაბამისად, ფასებიც იმიტომ არის მაღალი. რაც შეიძლება მეტი ფინანსური რესურსები უნდა იყოს ხელმისაწვდომი ჩვენი ფერმერებისთვის და ასევე, შესაბამისი განათლება. რის შემდეგაც, რა თქმა უნდა, მოხდება ამ სოფლის მეურნეობის სექტორის გაძლიერება და უფრო მეტი პროდუქციის შექმნა, რაც ბაზარზე პროდუქციის იმ რაოდენობით წარმოდგენას გამოიწვევს, რომ ფასი დაბალი და მისაღები იქნება", - აცხადებს ვახტანგ ბეჟიტაშვილი.bp.ge 

როდის გაიაფდება ბალი?! - "ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის" ხელმძღვანელის განმარტება

ადგილობრივ ბაზარზე 1 კილოგრამი ბლის ფასი 80 ლარს აღწევს. „ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ვახტანგ ბეჟიტაშვილი "ბიზნესპარტნიორთან"  განმარტავს, რომ ამ ეტაპზე ბაზარზე ძირითადად იმპორტირებული და სპეციალურ სათბურებში მოყვანილი ბალია წარმოდგენილი, რის გამოც პროდუქტი ძვირია.მისივე თქმით, კლიმატური პირობების გაუმჯობესებისა და ადგილობრივი მოსავლის გამოჩენის შემდეგ ფასები შემცირდება, თუმცა შარშანდელთან შედარებით პროდუქცია მაინც, საშუალოდ, 10-15%-ით გაძვირებული იქნება."ბაზარზე იმპორტირებული ბალია და შეიძლება, რომ ამ ეტაპზე, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ეგზოტიკურ ხილად ჩაითვალოს. ღია გრუნტის პირობებში ბალი ჯერჯერობით არ არის იმ პირობებში, რომ გამოსადეგი იყოს. ეს არის არის სპეციფიკურ სათბურებში მოყვანილი და მაგიტომაც ღირს ძვირი. პროდუქცია არის ძალიან ცოტა და შესაბამისად, ფასი არის მაღალი. ღია ბაზრის პირობებში როდესაც არ არსებობს კონკურენცია, რა თქმა უნდა, მოთხოვნა-მიწოდება არეგულირებს ფასს. მე არ მგონია, რომ ახლა მოსახლეობის დიდი ნაწილი ყიდულობდეს 80-ლარიან ბალს, თუმცა ეს ფასიც ძალიან პირობითი და ყოველდღიურ რეჟიმში ფასი შეიცვლება და კლიმატური პირობების გაუმჯობესების შემდეგ შემცირდება.ზოგადად, მომატებული ფასები შარშანდელთან შედარებით სახეზე იქნება, რადგან მთლიანობაში ფასწარმოქმნის ყველა კომპონენტი გაძვირებულია და ვერც ადგილობრივი ფერმერი და ვერც იმპორტიორი იაფად ვერ გაყიდის. ანუ, მიმდინარე პერიოდის ფასებთან შედარებით ყველა მიმართულებით დაიკლებს ფასები, რადგან ადგილობრივი პროდუქცია გამოჩნდება ბაზარზე, თუმცა მთლიანობაში ფასწარმოქმნის ყველა კომპონენტის გაძვირებიდან გამომდინარე, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ფასები, დაახლოებით, 10-15%-ით გაძვირებული იქნება" - ვახტანგ ბეჟიტაშვილი.ცნობისთვის, ადგილობრივ  ბაზარზე 1 კილოგრამი ბლის ფასი 80 ლარს აღწევს. bp.ge 

"სარწყავი წყლის გადასახადის, დაახლოებით, 80%-ს სახელმწიფო ფარავს" - გიგლა თამაზაშვილი

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 1-ელი აპრილიდან ამოქმედდება საირიგაციო წყლის მიწოდების მომსახურების საფასურის სუბსიდირების პროგრამა. ცვლილების მიზანია წყლის რესურსების უფრო რაციონალურად გამოყენება, სამელიორაციო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და სისტემის გამართული ფუნქციონირება.როგორც შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა აღნიშნა, მოქმედი ტარიფი  14 წლის წინ იყო დადგენილი და ვეღარ პასუხობდა  თანამედროვე მოთხოვნებს.„საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი ახალი ტარიფი ეფუძნება რეალურ საოპერაციო ხარჯებს და არ მოიცავს კაპიტალურსა თუ მიმდინარე დანახარჯებს, რადგან მათ სრულად აფინანსებს სახელმწიფო. ტარიფის ცვლილებამდე სარწყავი წყლის საფასური ჰექტარზე 75 ლარი იყო, თუმცა დარჩენილ ნაწილს მაშინაც სახელმწიფო აფინანსებდა. მიღებული განკარგულებით, განისაზღვრა არა ერთჯერადი მორწყვის, არამედ ერთი კუბური მეტრი წყლის საფასური, რომელიც ერთწლოვანი და მრავალწლოვანი კულტურებისთვის  0.0826 ლარს შეადგენს. ამ გათვლით, ერთი მორწყვის ციკლის ღირებულება 116.50 ლარია. ერთწლოვანი კულტურებისთვის  4 მორწყვის ოპერაციის საფასური ჯამურად შეადგენს 466 ლარს, საიდანაც 349 ლარს სახელმწიფო აფინანსებს, ხოლო მრავალწლოვანებისთვის 408 ლარს, საიდანაც 306 ლარი სუბსიდირდება. შედეგად, მომხმარებლის მიერ გადასახდელი თანხის დაახლოებით 80%-ს სახელმწიფო ფარავს“, - განაცხადა გიგლა თამაზაშვილმა.

"იაპონელებისთვის ქართული ღვინო განსხვავებულია, რადგან გაზრდილი ფრანგული ღვინის კულტურაზე არიან" - "მარანი გელოვანი"

"მარანი გელოვანის" დამფუძნებლის, აკაკი გელოვანის ინფორმაციით, იაპონელები აქცენტს ნატურალურ, ბიო ღვინოზე აკეთებენ.როგორც "ბიზნესპარტნიორთან" აკაკი გელოვანი აცხადებს, აღნიშნული სეგმენტისთვის ქართული ღვინის გემოვნური თვისებები განსხვავებულია, რადგან გაზრდილი ფრანგული ღვინის კულტურაზე არიან.მისივე თქმით, ტურისტული ობიექტის ღვინო იაპონიაში უკვე გადის, ხოლო პროდუქციის რეალიზაცია ყოველწლიურად მზარდია."მომავალი წლიდან ვგეგმავთ, რომ სოფელ წყლულეთში 1 ჰექტარზე ვენახი გავაშენოთ. ამჟამად, ბიო ყურძენს კახეთში ადგილობრივი მევენახეებისგან ვყიდულობთ. სერტიფიცირებული, ბიო მიმართულების ჯიშის ყურძენი ვისაც აქვს,  წლებია მათთან ვთანამშრომლობთ. რაც შეეხება წარმადობას, წელიწადში 5 000-დან 7 000 ბოთლამდე ავდივართ.კახური ჯიშის ღვინოები გვაქვს: "რქაწითელი", "კახური მწვანე", "ქისი" და "საფერავი". ექსპორტის მიმართულებით უცხოეთში 8 ქვეყანაში გავდივართ: იაპონია, აშშ, გერმანია, პოლონეთი, ავსტრია, საფრანგეთი, შვეიცარია. ამავდროულად საექსპორტო ხაზის გაფართოებაზე აქტიურად ვმუშაობთ. კერძოდ, მოლაპარაკებები ახალ იაპონელ ექსპორტიორებთან გვაქვს.იაპონელები აქცენტს ნატურალურ, ბიო ღვინოზე აკეთებენ. აღნიშნულ ქვეყანაში ქართულ ღვინოს საკუთარი ნიშის დაკავება შეუძლია, მაგრამ კონცენტრირებული მუშაობაა საჭირო. დიდი კულტურის ხალხია და ღვინის მიმართულებით გაზრდილი ფრანგულ კულტურაზე არიან. წარმოიდგინეთ მერე, უცებ ქვევრში დამზადებულ, მზისფერ ღვინოს სინჯავენ, მათთვის ქართული ღვინის გემოვნური თვისებები განსხვავებულია - მოსწონთ. იაპონიის მიმართულებით ღვინის რეალიზაცია მზარდია, რადგან მათთან კომუნიკაციას მუდმივად ვცდილობ", - აცხადებს "მარანი გელოვანის" დამფუძნებელი.ტურისტული ობიექტის წარმომადგენელი ბაზრების დივერსიფიცირებაზეც დეტალურად საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ აუცილებელია მევენახეებმა აღნიშნული მიმართულებით აქტიურად იმუშაონ."დივერსიფიცირებაზე მუდმივად ვმუშაობთ და ერთ ქვეყანაზე დამოკიდებული ვიყოთ, ცხადია, არ გვინდა. ბაზარი ცვალებადია, აქედან გამომდინარე, სხვადასხვა, მიმართულების ათვისება სჯობს", - აცხადებს აკაკი გელოვანი.ცნობისთვის, "მარანი გელოვანი" მაღალმთიან რეგიონში, თბილისიდან 25კმ-ში, სოფელ ქვემო წყლულეთში, მდებარეობს. ექსპორტზე კი 2017 წლიდან გადის.bp.ge