ბოლო რამდენიმე დღეა ქვეყანაში, მაღაზიათა ქსელების დახლებზე კვერცხის დეფიციტი შეინიშნება. სიტუაციაში გასარკვევად "ბიზნესპარტნიორი" მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელ ზურაბ უჩუმბეგაშვილს დაუკავშირდა, რომელიც აცხადებს, რომ აღნიშნული პროდუქტი დეფიციტში არ არის და ის უბრალოდ "ნაკლებობაშია".
მისი თქმით, ქვეყნის მასშტაბით კვერცხის იმპორტი შემცირებულია, შესაბამისად სუპერმარკეტების დახლებზე ცარიელი ადგილი ჩანს.
როგორც ზურაბ უჩუმბეგაშვილი აცხადებს, საქართველოში კვერცხის წარმოების 90%-ი ადგილობრივ ბაზარზე მოდის, ხოლო თურქეთიდან შემოსული იმპორტირებული საქონლის წილი 10%-ია. ბოლო წლებში კი, კვერცხის იმპორტი მხოლოდ თურქეთიდან ხორციელდებოდა.
როგორც ზურაბ უჩუმბეგაშვილი განმარტავს, თურქეთიდან შემოსული მთელი პროდუქცია (სტანდარტული და სერტიფიცირებული კვერცხი) აშშ-ის ბაზარზე გადავიდა. აქედან გამომდინარე, საქართველოს ბაზარს კვერცხის ნაკლებობა დაეტყო. საერთო ჯამში, ქვეყანაში პროდუქტის იმპორტი გასულ წელს 60 მლნ იყო, წელს კი 10 მლნ-მდე დაიწია.
ასოციაციის ხელმძღვანელი ადგილობრივ წარმოებასაც მიმოიხილავს და აღნიშნავს, რომ ადგილობრივ ბიზნესს წარმოება შემცირებული არ აქვს. ზურაბ უჩუმბეგაშვილის თქმით, ბაზრიდან თურქეთის ჩახსნა კარგია, რადგან ადგილობრივ წარმოებას პროდუქციის ნაკლებობის შევსების რესურსი აქვს.
"წელს კვერცხზე ფასის მომატებას არ ვაპირებთ, ყოველ შემთხვევაში მწარმოებლებისგან არ განიხილება. იცით რა ხდება?! გასულ წლებში ქვეყნის მასშტაბით ძალიან დიდი რაოდენობით იმპორტირებული საქონელი შემოდიოდა. წელს სხვადასხვა მიზეზის გამო იმპორტირებული პროდუქტი დიდი რაოდენობით არ შემოვიდა. საქსტატის ანგარიშის მიხედვითაც, ადგილობრივი ბიზნესი კვერცხს იმაზე მეტს აწარმოებს, ვიდრე წინა წლებში იყო. მოკლედ, იმპორტირებული პროდუქცია არ შემოსულა და აღნიშნული ადგილია დახლებზე ცარიელი, კვერცხის დეფიციტი არა, მაგრამ ცოტა ნაკლებობა შეინიშნება. აშშ-ში რა სიტუაციაა კვერცხთან დაკავშირებით კარგად იცით, 1 ცალი კვერცხი დაახლოებით $1 ღირდა, თურქეთის მთელი წარმოება (სტანდარტული და სერტიფიცირებული) აშშ-ის ბაზარზე აეწყო. დამატებით თურქეთმა კვერცხსა და ქათამზე კვოტები შემოიღო, ანუ თურქეთისთვის ქათმის ხორცისა და კვერცხის ექსპორტი კვოტირებულია.
ადგილობრივ ბაზარს საკუთარი წარმოება შემცირებული არ აქვს, ჩვეულებრივად ვმუშაობთ. წარმოიდგინეთ - კვერცხის იმპორტი 60 მლნ იყო, წელს კი 10 მლნ არ ყოფილა. ბაზარს აღნიშნული რაოდენობის პროდუქტი, რომ აკლდება ასე უცებ ვერ შევავსებთ, მომავალ წელს კი შევსებული იქნება. ზოგადად, ყოველწლიური გეგმა გვაქვს, რომ წარმოება გავზარდოთ შარშან 6 000 მლნ-ზე ვიყავით და ამჟამად, 700 მლნ კვერცხს გადავცდით, წინ კიდევ თვე ნახევარია...
რაც შეეხება ქათმის ჭირს, ყოველ წელს რაღაც ავადმყოფობაა ხოლმე, მაგრამ განსაკუთრებული და საგანგაშო არაფერი დაფიქსირებულა...", - აცხადებს ზურაბ უჩუმბეგაშვილი.
იმპორტირებული საქონლის თემას მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელი დეტალურად მიმოიხილავს და ხაზს უსვამს, რომ ამ ეტაპამდე ადგილობრივ ბიზნესს არასამართლიანი ფასის ეშინოდა, ახლა კი სურათი შეიცვალა.
"იმპორტირებული საქონელი იმდენად დაბალ ფასად შემოდიოდა, რომ წარმოების გაზრდა აღარ გვიღირდა, მხოლოდ რაღაც ნიშნულს ვიკავებდით. სხვა სიტუაციაა, როდესაც იცი რომ იმპორტირებული საქონელი არ შემოვა, მაშინ წარმოებას გაზრდი. არასამართლიანი ფასის გვეშინოდა, ამ ეტაპზე იმპორტირებული საქონელი ჩაეხსნა. რესურსი რომ წარმოება გავზარდოთ გვაქვს და მომავალი წლიდან გავაკეთებთ კიდეც. ეს ყველაფერი ადგილობრივ წარმოებაზე დადებითაც აისახება", - აცხადებს ზურაბ უჩუმბეგაშვილი.
ცნობისთვის, როგორც საერთაშორისო მედიაში წერენ, აშშ-ში კვერცხის ფასი ასტრონომიულად მაღალი იყო, რაც ფრინველის გრიპის გამო შექმნილმა დეფიციტმა და მწარმოებლების მხრიდან გაზრდილმა ხარჯებმა გამოიწვია.
bp.ge






