სოფლის მეურნეობა

ლევან მეხუზლა: მცირე მარნები ნიშანდების საფასურს არ გადაიხდიან

"მცირე მარნები ნიშანდების საფასურს არ გადაიხდიან", - განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ.ლევან მეხუზლას განმარტებით, მცირე მარნებისთვის ნიშანდება იქნება სავალდებულო, თუმცა საფასურს არ გადაიხდიან.მიმდინარე წლის 4 ნოემბერს დამტკიცდა სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სერტიფიცირებული ალკოჰოლიანი სასმლის სავალდებულო ნიშანდების წესი და ფორმა.ახალი რეგულაციის მიზანია ალკოჰოლიანი სასმლის ფალსიფიცირების პრევენცია, პროდუქტის მიკვლევადობის უზრუნველყოფა და მომხმარებლისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა.ალკოჰოლიანი სასმლის ნიშანი იქნება დაცული მატერიალური ფორმის, QR კოდითა და უნიკალური ნომრით.QR კოდის დასკანერებით მომხმარებელი შეძლებს მიიღოს ინფორმაცია პროდუქტის დასახელების, კატეგორიის, მწარმოებლის, შესაბამისობის სერტიფიკატისა და ნიშნის სტატუსის შესახებ.ნიშანდების წესი 2027 წლის 1 თებერვლიდან ამოქმედდება.

სოფლის მეურნეობა

გორის მუნიციპალიტეტში 1 000 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწაზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდა

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვეშის ტერიტორიაზე, „საქართველოს მელიორაციამ“ ტირიფონის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის გაწმენდითი სამუშაოები დაასრულა.  შედეგად, 1 000 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა.სამუშაოების ფარგლებში არხის 1 500-მეტრიანი მონაკვეთი  ნატანი მასისა და მცენარეული საფარისგან გაიწმინდა, რამაც მისი გამტარუნარიანობა მნიშვნელოვნად გაზარდა და წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყო ხელი.ტირიფონის მაგისტრალური არხით გორის მუნიციპალიტეტის შვიდი სოფლის _ ციცაგიაანთკარის, ახრისის, მეჯვრისხევის, ზერტის, კვარხითის, ხელთუბნისა და თორტიზას მოსახლეობა სარგებლობს.აღსანიშნავია, რომ გორის მუნიციპალიტეტში, 2026 წელს გაიწმინდა და მოწესრიგდა 82 კილომეტრი სამელიორაციო არხი, შეკეთდა ან შეიცვალა 128 ერთეული სხვადასხვა ტიპის ჰიდროტექნიკური ნაგებობა.

სოფლის მეურნეობა

შანხაიში საერთაშორისო სიმპოზიუმი ქვევრში ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ ტექნოლოგიას დაეთმო

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია Meiburg Wine Media-ს ორგანიზებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ შანხაიში საერთაშორისო სიმპოზიუმი „თიხის კონვენცია“ გაიმართა. სიმპოზიუმის მთავარი თემა ქვევრში ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული ტექნოლოგია იყო.ღონისძიების ფარგლებში ქართული მეღვინეობის წარმომადგენლებმა საერთაშორისო აუდიტორიას ქვევრში ღვინის დაყენების მრავალსაუკუნოვანი ისტორია, ტრადიცია და ტექნოლოგიური თავისებურებები გააცნეს. სიმპოზიუმზე სიტყვით გამოვიდნენ იაგო ბიტარიშვილი („იაგოს ღვინო“, დამფუძნებელი), შოთა ნატროშვილი („თელიანი ველი“, ექსპორტის მენეჯერი), ვლადიმერ კუბლაშვილი („მეღვინეობა ხარება“, გენერალური დირექტორი და მთავარი მეღვინე) და საბა კიტიაშვილი („მეღვინეობა შუმი“, სომელიე).სიმპოზიუმის ფარგლებში გაიმართა ქართული ღვინის მასშტაბური დეგუსტაცია და ქვევრში ღვინის წარმოების შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება. ღონისძიება მიზნად ისახავდა ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებას, მისი უნიკალური წარმოების მეთოდის საერთაშორისო აუდიტორიისთვის გაცნობასა და ჩინეთის ბაზარზე ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის წარმოჩენას.„მოხარულები ვართ, რომ შანხაიში ვმასპინძლობთ საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც ქართული ღვინისა და მისი წარმოების უნიკალურ ტრადიციას ეძღვნება. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქვევრს - თიხის ჭურჭელს, რომლის გამოყენებითაც საქართველოში გამორჩეული ღვინოები იქმნება. კონფერენცია ხელს უწყობს საქართველოსა და ჩინეთს შორის გამოცდილების გაზიარებას და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს აცნობს თიხის ჭურჭელში ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციას“, - აღნიშნა კომპანია Meiburg Wine Media-ის დამფუძნებელმა, ღვინის მაგისტრმა დებრა მეიბურგმა.სიმპოზიუმზე ასევე განიხილეს თიხის ჭურჭელში ღვინის წარმოების გამოცდილება ესპანეთში, პორტუგალიასა და საბერძნეთში.ქვევრში ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს 2013 წელს იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ეს აღიარება ადასტურებს მეთოდის უნიკალურობას და ხაზს უსვამს ღვინის განსაკუთრებულ ადგილს ქართულ კულტურასა და ისტორიაში. ქვევრის ღვინის საერთაშორისო პოპულარიზაცია კი ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებასა და მისი საექსპორტო შესაძლებლობების განვითარებას უწყობს ხელს.

სოფლის მეურნეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხა ₾1.180 მლრდ-ს შეადგენს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის მომავალ წელს გამოყოფილი თანხა 985 მილიონი ლარია, თუმცა აღსანიშნავია, რომ 2027 წელს დასაფინანსებელი პროექტებისთვის სამინისტროს მიმდინარე წელს დამატებით გამოეყოფა 195 მილიონი ლარი, სამინისტროს მომდევნო წლის რეალური ბიუჯეტი 1 მილიარდ 180 მილიონ ლარს შეადგენს, მათ შორის:სურსათის უვნებლობის მიმართულებით გამოყოფილია 111 მილიონ ლარამდე;მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებაზე, მიმდინარე წელს გამოყოფილ თანხასთან ერთად, ჯამში, დაიხარჯება 113,0 მილიონ ლარზე მეტი;ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში გამოყოფილი თანხა შეადგენს 387 მილიონ ლარზე მეტს.პროგრამის ფარგლებში, მომდევნო წლიდან 27 მილიონი ლარია გათვალისწინებული მეცხოველეობის, მეფრინველეობას და აკვაკულტურის განვითარების ახალ მიმართულებებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს რიგი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ადგილობრივი წარმოების ზრდას.თითქმის ოთხჯერ გაიზარდა და 30 მილიონი ლარია გათვალისწინებული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსებაზე.ახალი პროგრამებია გათვალისწინებული მცირე საოჯახო მეურნეობების ხელშეწყობის და საწარმოო დანახარჯების თანადაფინანსების მიმართულებით. შესაბამისად, 5 მილიონი და 20 მილიონი ლარის ოდენობით.სამელიორაციო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და მის ექსპლოატაციაზე, მიმდინარე წელს გამოყოფილ თანხასთან ერთად, ჯამურად, მიიმართება 233 მილიონ ლარზე მეტი.მომდევნო წელს მნიშვნელოვნად გაძლიერდება სოფლის მეურნეობის ლაბორატორია, რომლის დასაფინანსებლად გამოყოფილია 17 მილიონ ლარზე მეტი.მყარი ნარჩენების მართვის მიმართულებით, მიმდინარე წელს გამოყოფილ თანხასთან ერთად, სამინისტროს ფარგლებში 2027 წლის ბიუჯეტი 55 მილიონ ლარს აჭარბებს.სამინისტროს გარდა, მყარი ნარჩენების მიმართულებით თანხები გამოყოფილია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისთვის 41 მილიონი ლარი, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისთვის 40 მილიონი ლარი, შესაბამისად, აღნიშნული მიმართულებით ჯამური დაფინანსება 136 მილიონ ლარს აჭარბებს.სამინისტროს ასიგნებების ფარგლებში, გარემოსდაცვითი სხვა პროგრამების დაფინანსება, მიმდინარე წელთან შედარებით, გაზრდილია 44 მილიონ ლარზე მეტით და 182 მილიონ ლარს აღემატება.

სოფლის მეურნეობა

აგროთადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა აქტიურად მიმდინარეობს

სოფლის განვითარების სააგენტოს აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაფორმებულია 25 ხელშეკრულება, რომელთა შესაბამისი პროექტების ჯამური ღირებულება 16 მილიონ ლარს აღემატება.  დაფინანსების მიზნობრიობები მოიცავს მსხვილფეხა მეცხოველეობის ფერმების, საფუტკრე, სასათბურე და აკვაკულტურის მეურნეობების, ასევე შემნახველი საწარმოების მოწყობასა და მრავალწლოვანი ბაღების გაშენებას.განხილვის დასკვნით ეტაპზეა დამატებით 9 განაცხადი, რომელთა შესაბამისი პროექტების ჯამური ღირებულება 7,15 მილიონ ლარს შეადგენს.-2026 წლის 1 ივლისიდან 10 ნოემბრის ჩათვლით, პროგრამის ფარგლებში სოფლის განვითარების სააგენტოში წარდგენილია 108 განაცხადი. წარმოდგენილი პროექტების ჯამური ღირებულება 58,6 მილიონ ლარს შეადგენს. პროგრამაში განაცხადების მიღებისა და განხილვის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. დაინტერესებულ პირებს განაცხადის წარდგენა შეუძლიათ როგორც ელექტრონულად, ისე მატერიალური ფორმით. პროგრამაში ჩართვა ხორციელდება დადგენილი პროცედურების შესაბამისად და მოიცავს განაცხადის მიღებას, თანდართული დოკუმენტაციის განხილვასა და დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას.აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის მიზანია სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების წახალისება და აგრობიზნესის განვითარება. სახელმწიფო თანადაფინანსება ფერმერებსა და მეწარმეებს შესაძლებლობას აძლევს, განახორციელონ ახალი პროექტები, გააფართოონ არსებული საქმიანობა და გაზარდონ საწარმოო შესაძლებლობები.

საქართველოს ფერმერი
"ავთანდილის მეღვინეობა" იტალიასა და გერმანიაში ექსპორტის დაწყებას გეგმავს

„ავთანდილის მეღვინეობა“ (Avtandil Winery) მომავალ წლის გაზაფხულზე,  ექსპორტზე გასვლას  პირველად გეგმავს. როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ავთანდილ ირომაშვილმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, ამჟამად მოლაპარაკებები იტალიელ და გერმანელ წარმომადგენლებთან მიმდინარეობს.„ჯერჯერობით უცხოურ ბაზარზე არ გავსულვართ, თუმცა ორი ქვეყნის წარმომადგენლებთან უშუალო კონტაქტი გვაქვს. შეთანხმების ეტაპებს გავდივართ და საკითხის დეტალებს ვაზუსტებთ. ეს ქვეყნები იტალია და გერმანიაა. იმედი გვაქვს, რომ მომავალ გაზაფხულზე უკვე ვითანამშრომლებთ, თუმცა ამ ეტაპზე ჯერ კიდევ მოლაპარაკებების პროცესში ვართ.მათთვის გადაწყვეტილების მიღება ცოტა რთულია, რადგან ბრენდს ნაკლები ცნობადობა აქვს და, ამასთანავე, არ გვაქვს იმ რაოდენობის ღვინო, რომ მათი მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ. ვინაიდან ღვინის ხარისხი მოსწონთ და პროდუქცია უკვე შერჩეული აქვთ, რაოდენობის გამო, სამწუხაროდ, გარკვეულწილად თავს იკავებენ“, – განაცხადა ავთანდილ ირომაშვილმა.კომპანია ასორტიმენტის გაფართოებასაც გეგმავს.„წელსაც დავიწყეთ ასორტიმენტის გაფართოება – ღვინოები ამჟამად დაღვინების ეტაპზეა. კიდევ ორი პოზიციის დამატებას და სხვადასხვა ყურძნის ჯიშის ათვისებას ვაპირებთ.ძირითადად საკუთარ ვენახებს ვამუშავებთ და ამ ეტაპზე მხოლოდ ორი სახეობის ვაზი გვაქვს – მიკროზონების საფერავი და რქაწითელი. თუმცა გვინდა, სხვადასხვა ყურძნის ჯიშიც ავითვისოთ, რათა ჩვენი მარანი უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ, გაიზარდოს ინტერესი და მომხმარებელს მეტი არჩევანი შევთავაზოთ.ამ ეტაპზე, რასაც ვამზადებთ, იქნება წითელი ტკბილი ღვინო, რადგან მის წარმოებაზე ბევრი მომხმარებლისგან მივიღეთ მოთხოვნა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ მისი დამატება. ასევე, წელს ბაზარზე ცქრიალა ღვინის გამოშვებას ვაპირებთ, რადგან ამ მიმართულებითაც არის ინტერესი და ეს ჩვენთვისაც სიახლე იქნება“, – განაცხადა ავთანდილ ირომაშვილმა.მისი თქმით, წინა წლებთან შედარებით, კომპანიის მიერ წარმოებულ ღვინოზე მოთხოვნა და გაყიდვები გაზრდილია.„გაყიდვების მაჩვენებელი მომატებულია, თუმცა წლის ბოლომდე ზუსტი შედარება გამიჭირდება. გასულ წელთან შედარებით, ჩვენს ღვინოზე მოთხოვნა გაზრდილია. მაღაზიებსა და ღვინის ბარებში, რომლებთანაც ვთანამშრომლობთ, მოთხოვნა უფრო სისტემატური გახდა, ვიდრე გასულ წელს.რამდენ პროცენტიანი ზრდა იქნება წლის ბოლოს, ჯერჯერობით ზუსტად ვერ გეტყვით, თუმცა გაყიდვები გაცილებით მეტია, ვიდრე გასულ წელს. სავარაუდოდ, დაახლოებით 30%-ით მაინც მოიმატებდა“, – აღნიშნა კომპანიის დირექტორმა.მისი განმარტებით, „ავთანდილის მეღვინეობას“ ამჟამად ღვინის ექვსი სახეობა აქვს.„წელს დაახლოებით 10 000 ბოთლამდე ღვინო გვაქვს ჩამოსხმული. ეს ერთი სახეობა არ არის – ღვინის ექვსი დასახელება გვაქვს. არის როგორც ლიმიტირებული ჩამოსხმის ღვინოები, ისე ისეთი სახეობებიც, რომელთა რაოდენობაც შედარებით მეტია. ადგილობრივ ბაზარზეც აქტიურად ვცდილობთ ჩვენი პროდუქციის გაყიდვას“, – განაცხადა ავთანდილ ირომაშვილმა.მისივე თქმით, კომპანიის ღვინოებიდან ყველაზე დიდი მოთხოვნით რქაწითელი (წარაფი) და საფერავი სარგებლობს.„ეს ბრენდი უკვე ჩამოყალიბებული გვაქვს და წლის დასაწყისიდან დღემდე არაერთი მედალიც მოიპოვა, რის შემდეგაც მოთხოვნა და დაინტერესება გაიზარდა. ძირითადად, ყველა, ვინც საქართველოს სტუმრობს და ღვინის მოყვარულია, ჩვენი ღვინო მოსწონს. გამიჭირდება გითხრათ, რომელი ქვეყნიდან არის უფრო მეტი დაინტერესება, რადგან ინტერესს თითქმის ყველა ქვეყნის ტურისტი გამოხატავს“, – განაცხადა ავთანდილ ირომაშვილმა.ცნობისთვის, ავთანდილის მეღვინეობა (Avtandil Winery) კახეთში, სოფელ კარდანახში მდებარეობს და ბაზარზე 2021 წლიდან ოპერირებს.bp.ge

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი იტალიელ მეცნიერებთან თანამშრომლობით ვაზის ფიტოპლაზმურ დაავადებებს იკვლევს

საქართველოში ვაზის ფიტოპლაზმური დაავადებების გავრცელებისა და მათი გენეტიკური თავისებურებების შესწავლის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი მილანის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით კვლევას ახორციელებს. კვლევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ოქროსფერი სიყვითლის (Flavescence dorée, FD) იდენტიფიცირება და მისი გავრცელების შესაძლო რისკების შეფასება.კვლევის ფარგლებში, მილანის უნივერსიტეტის პროფესორმა ფაბიო ქუაგლინომ, ცენტრის მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის დეპარტამენტის სპეციალისტებთან ერთად, ჯიღაურას ბაზაზე, ასევე თელავის, ყვარლისა და მცხეთის მუნიციპალიტეტების ვენახებში ვაზის ფიტოპლაზმური დაავადებების მონიტორინგი ჩაატარა.მონიტორინგის შედეგად დაავადების სიმპტომების მქონე ვაზის ნიმუშები შეგროვდა. ნიმუშების ლაბორატორიული კვლევა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ვირუსოლოგიის ლაბორატორიასა და მილანის უნივერსიტეტში განხორციელდება. მათი შესწავლისთვის გამოყენებული იქნება თანამედროვე მოლეკულური დიაგნოსტიკისა და სიქვენსირების მეთოდები, რაც დაავადებების ზუსტი იდენტიფიცირებისა და ფიტოპლაზმების გენეტიკური მრავალფეროვნების განსაზღვრის შესაძლებლობას იძლევა.კვლევის მიმდინარეობისა და შემდგომი ეტაპების შესახებ ქართველმა და იტალიელმა სპეციალისტებმა სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს. მხარეებმა ვაზის ფიტოპლაზმური დაავადებების თანამედროვე დიაგნოსტიკის მეთოდები, მიღებული ნიმუშების შემდგომი კვლევისა და შედეგების ერთობლივი ანალიზის საკითხები განიხილეს.სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და მილანის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა გაგრძელდება და ერთობლივი კვლევების განხორციელებას, სამეცნიერო ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას მოიცავს.პროფესორ ფაბიო ქუაგლინოს საქართველოში ვიზიტი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის კვლევითი საგრანტო პროექტის „ვაზის ფიტოპლაზმური დაავადებების GY გენეტიკური მრავალფეროვნების შესწავლა და EPPO სტანდარტებით სარგავი მასალის სერტიფიცირების პროგრამის ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 8 თვეში უკანონო ტყითსარგებლობის 1124 ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, 2026 წლის 1 იანვრიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 1124 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 136 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 810 ფაქტი ეხება ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას, ხოლო 314 - სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევასა და არალეგალური საქმიანობის შემთხვევებს.2026 წლის 8 თვეში დალუქულია 47 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი - 265 ფაქტი დაფიქსირდა აჭარაში.  სამეგრელო-ზემო სვანეთში - 204, კახეთში - 191, იმერეთში - 152,  სამცხე-ჯავახეთში - 81, ქვემო ქართლში - 55,  რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში - 49,  გურიაში - 45, შიდა ქართლში - 40, მცხეთა-მთიანეთში კი - 35.7 სამართალდარღვევა დაფიქსირდა დედაქალაქშიც - გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომლებმა, თბილისში, 8 თვეში გამოავლინეს 3 უკანონო სახერხი საამქრო, ასევე სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 3 და ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 1 ფაქტი.ბუნებრივი რესურსების დაცვა და ტყით უკანონო სარგებლობის პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24 საათიან რეჟიმში პატრულირებენ; მყისიერი რეაგირება ხდება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზეც.

"კარგად ამოქოლავს თაღლითობის შესაძლებლობას, რასაც ბევრი ფერმერი მიმართავდა" - ბექა გონაშვილი აგროდაფინანსების ახალ პროგრამაზე

სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ აგროთანადაფინანსების განახლებული პროგრამის ამოქმედებიდან უკვე ერთი თვე გავიდა. პროგრამა ორიენტირებულია სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის ზრდასა და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებაზე. ამასთან, ახალი მექანიზმი ფერმერებსა და აგრობიზნესის წარმომადგენლებს უფრო გამჭვირვალე, მოქნილ და შედეგზე ორიენტირებულ პირობებს სთავაზობს. აგროთანადაფინანსების პროგრამა ერთ-ერთ საინფორმაციო სააგენტოსთან შეაფასა ფერმერმა ბექა გონაშვილმაც. მისი თქმით, ახალი მოდელი მომხიბვლელია მხოლოდ იმ ინვესტორებისთვის, რომლებსაც თავისუფალი კაპიტალი უკვე გააჩნიათ, თუმცა აღნიშნავს, რომ პროგრამა „საკმაოდ ამოქოლავს თაღლითობის შესაძლებლობას". „ადრე, ბანკში მიხვიდოდი, ფული მოგეცემოდა და საქმის კეთება და სახელმწიფოს მხრიდან თანხის ჩართვა ერთდროული პროცესი იყო. დღეს კი, ფერმერმა ჯერ საქმე უნდა გააკეთოს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას თავიდანვე უნდა ჰქონდეს სრული თანხა - საკუთარი, ან ბანკის მიერ სრულად დაფინანსებული. მიკრობიზნესისთვის ეს არ იქნება ადვილი და აქ მგონია, რომ უფრო მეტად შემცირდება მიმართვიანობა. თუმცა, ეს საკმაოდ კარგად ამოქოლავს თაღლითობის შესაძლებლობას, რომელსაც ძალიან ბევრი, ხშირად მიმართავდა - აგროსესხად წაიღებდა ფულს და შეიძლება, ლილოზე შემოეტანა კონტეინერით ტანსაცმელი. ამ თვალსაზრისით, ეს პროექტი ძალიან სწორია, უბრალოდ ჩვენ ვამბობთ, რომ რეალურად, ბევრი რამეა დასახვეწი და შესაძლებელია მისი უფრო კარგად გამოყენება, შედეგზე ორიენტირებულად გასვლა, ვიდრე დღეს გვაქვს“-განაცხადა ბექა გონაშვილმა. აღსანიშნავია, რომ პროგრამის ამოქმედებისთანავე სოფლის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ფერმერებს განახლებული პროგრამის პირობებს აცნობენ.შეხვედრების ფარგლებში აღინიშნება, რომ ახალი მოდელი შემუშავდა დარგში არსებული გამოწვევებისა და გამოვლენილი რისკების საფუძველზე. განახლებული მიდგომები მიმართულია სახელმწიფო ფინანსური რესურსების უფრო მიზნობრივ და ეფექტიან გამოყენებაზე, აგრეთვე ფერმერებისთვის უფრო მდგრადი და საიმედო საინვესტიციო გარემოს შექმნაზე.