საქართველოში კაკლის მოსავალი გაიზარდა და 4500 ტონა შეადგინა, ფერმერები მოსავლის ამღებ ტექნიკაში ინვესტიციას ზრდიან, - ამის შესახებ კაკლის გადამმუშავებელი საწარმო "ანიგოზის" თანადამფუძნებელმა ანა ქევხიშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე თქმით, ახალი ტექნოლოგიების დანერგვამ გარკვეული დრო მოითხოვა და ამან მოსავლის ხარისხზეც იმოქმედა.
"დიდი რაოდენობის მოსავლის აღება ხელით ფიზიკურად შეუძლებელი იყო და ძალიან ბევრმა ფერმერმა ინვესტიცია მოსავლის ამღებ ტექნიკაში განახორციელა. შესაბამისად, ამან გამოიწვია ის, რომ სანამ ადამიანები ახალ ტექნოლოგიურ ცვლილებებს შეეჩვეოდნენ, მოსავლის აღების პროცესი გაჭიანურდა. აღნიშნულმა ფაქტორმა, კი მოსავლის ხარისხზე გარკვეულწილად იმოქმედა. გამომდინარე აქედან, რეგიონების მიხედვით არასტაბილური ხარისხი გვხვდება. გვაქვს როგორც მაღალი ხარისხის კაკალი, რომელიც საექსპორტო პოტენციალის არის და გვაქვს შედარებით დაბალ ხარისხიანი. ამ თვალსაზრისით ბაზარი დივერსიფიცირებულია. ადგილობრივი ფერმერებისთვის როგორც საექსპორტო, ისე ადგილობრივი ბაზარი საინტერესო გასაღების ბაზრად რჩება", - აცხადებს ანა ქევხიშვილი.
გარდა ამისა, მანვე აღნიშნა, რომ საერთაშორისო ბაზარზე ფასები დასტაბილურდა, ადგილობრივ ბაზარზე კი ფასები არ მცირდება და შარშანდელ ნიშნულს ინარჩუნებს.
"ადგილობრივ ბაზარზე ხარისხობრივი მაჩვენებლიდან გამომდინარე, ფასები იცვლება - იწყება 7-8 ლარიდან და ადის 12 ლარამდე. მოსავლის 50%ადგილობრივ ბაზარზე, ხოლო 50% ექსპორტზე იყიდება. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საექსპორტო ბაზარია ევროკავშირი, ასევე, გალფის და მეზობელი ქვეყნები", - აღნიშნა მან.
კაკლის გადამმუშავებელი საწარმო „ანიგოზი“ სოფელ მარტყოფში პანდემიის პერიოდში, კერძოდ 2021 წელს, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსებით ამოქმედდა. პროექტში, დაახლოებით, 3 მლნ ლარის ინვესტიცია ჩაიდო. თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი საწარმო ამჟამად, ორი მიმართულებით მუშაობს, კერძოდ, ფერმერებისგან იბარებს როგორც სველ მდგომარეობაში, ახალ დაკრეფილ კაკალს, ასევე მშრალ კაკალს მეორადი გადამუშავებისთვის.
bp.ge







