„საქართველო არის ძალიან დიდი ისტორიის მქონე ქვეყანა, არის ღვინის ქვეყანა და საქართველოდან უნდა გადიოდეს მაღალხარისხიანი ღვინო“, - ამის შესახებ რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობის დამფუძნებელმა გიორგი ალადაშვილმა გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ხარისხი მსოფლიო ბაზარზე კონკურენციის გასაწევად ძალიან მნიშვნელოვანია, ხოლო ხარისხიან ღვინოს ხარისხიანი ყურძენი ქმნის.
„შეიძლება იყოს პერიოდები, როდესაც სეტყვა იქნება, ან ამინდები არ შეუწყობს ხელს, ან მოხდება ისე, რომ არასათანადო შხამქიმიკატები შემოვა ქვეყანაში და გლეხს გაუფუჭდება ყურძენი - ასეთ შემთხვევაში სახელმწიფოს კეთილი ნებაა დაგეხმაროს. თუმცა, ვფიქრობ, რომ თითოეული მევენახე უნდა ფიქრობდეს იმაზე, რომ აწარმოოს იმდენად მაღალხარისხიანი ყურძენი, რომ ეს პრობლემები არ ჰქონდეს ყოველწლიურად“, - განაცხადა გიორგი ალადაშვილმა.
მისი შეფასებით, ამ მდგომარეობამდე გლეხები გარანტირებულმა დახმარებამ მიიყვანა. უმჯობესი იქნებოდა ეს ძალები მაგალითად, მცირე მარნების ცნობადობის ამაღლებაში ან ტექნიკით უზრუნველყოფაში დახარჯულიყო. გიორგი ალადაშვილი გამოსავალს ყურძნის ხარისხის ეტაპობრივ გაუმჯობესებაში ხედავს და მიიჩნევს, რომ ახალი რეგულაცია ამ პროცესის საწყისია.
„უნდა მიეხედოს და მიექცეს ყურადღება მევენახეებს, რომლებიც დამოკიდებული არიან ყურძნის ჩაბარებაზე. უნდა მოხდეს მათი გაერთიანება, გარკვეულ კოოპერატივებად ჩამოყალიბება და თავიანთი ყურძენი თვითონ უნდა გადაამუშაონ და თუ სუბსიდირებაზეა საუბარი, ამაში უნდა გაიცეს. სახელმწიფომ უნდა გადადგას ნაბიჯები ყურძნის ხარისხის ეტაპობრივად ასამაღლებლად. ეს რეგულაცია ამის დასაწყისია, ნელ-ნელა მივეჩვევით და განვვითარდებით - წლევანდელ შეცდომებს მომავალ წელს არ გავიმეორებთ“,- აღნიშნა გიორგი ალადაშვილმა.
ცნობისთვის, „საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჩასაბარებელი ყურძნის ფასებში ცვლილება შევიდა, კერძოდ:
მაღალკონდიციური ყურძენი:
20 გრადუსიდან ზემოთ საფერავის შემთხვევაში - 1.50 ლარი;
19 გრადუსიდან ზემოთ რქაწითელის და სხვა დანარჩენი ყურძნის შემთხვევაში - 1.30 ლარი;
დაბალკონდიციური ყურძენი:
16-დან 20 გრადუსამდე საფერავი - 1 ლარი;
16-დან 19 გრადუსამდე რქაწითელი და სხვა დანარჩენი ყურძენი - 90 თეთრი;
რაც შეეხება იმ მევენახეებს, რომლებმაც მოქმედი ღირებულებით ჩააბარეს ყურძენი, ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ახალი ფასებით გადათვლა მოხდება და მათ შესაბამისი სხვაობა დაუკომპენსირდებათ.
bp.ge





