„ავთანდილის მეღვინეობა“ (Avtandil Winery) მომავალ წლის გაზაფხულზე, ექსპორტზე გასვლას პირველად გეგმავს. როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ავთანდილ ირომაშვილმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, ამჟამად მოლაპარაკებები იტალიელ და გერმანელ წარმომადგენლებთან მიმდინარეობს.
„ჯერჯერობით უცხოურ ბაზარზე არ გავსულვართ, თუმცა ორი ქვეყნის წარმომადგენლებთან უშუალო კონტაქტი გვაქვს. შეთანხმების ეტაპებს გავდივართ და საკითხის დეტალებს ვაზუსტებთ. ეს ქვეყნები იტალია და გერმანიაა. იმედი გვაქვს, რომ მომავალ გაზაფხულზე უკვე ვითანამშრომლებთ, თუმცა ამ ეტაპზე ჯერ კიდევ მოლაპარაკებების პროცესში ვართ.
მათთვის გადაწყვეტილების მიღება ცოტა რთულია, რადგან ბრენდს ნაკლები ცნობადობა აქვს და, ამასთანავე, არ გვაქვს იმ რაოდენობის ღვინო, რომ მათი მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ. ვინაიდან ღვინის ხარისხი მოსწონთ და პროდუქცია უკვე შერჩეული აქვთ, რაოდენობის გამო, სამწუხაროდ, გარკვეულწილად თავს იკავებენ“, – განაცხადა ავთანდილ ირომაშვილმა.
კომპანია ასორტიმენტის გაფართოებასაც გეგმავს.
„წელსაც დავიწყეთ ასორტიმენტის გაფართოება – ღვინოები ამჟამად დაღვინების ეტაპზეა. კიდევ ორი პოზიციის დამატებას და სხვადასხვა ყურძნის ჯიშის ათვისებას ვაპირებთ.
ძირითადად საკუთარ ვენახებს ვამუშავებთ და ამ ეტაპზე მხოლოდ ორი სახეობის ვაზი გვაქვს – მიკროზონების საფერავი და რქაწითელი. თუმცა გვინდა, სხვადასხვა ყურძნის ჯიშიც ავითვისოთ, რათა ჩვენი მარანი უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ, გაიზარდოს ინტერესი და მომხმარებელს მეტი არჩევანი შევთავაზოთ.
ამ ეტაპზე, რასაც ვამზადებთ, იქნება წითელი ტკბილი ღვინო, რადგან მის წარმოებაზე ბევრი მომხმარებლისგან მივიღეთ მოთხოვნა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ მისი დამატება. ასევე, წელს ბაზარზე ცქრიალა ღვინის გამოშვებას ვაპირებთ, რადგან ამ მიმართულებითაც არის ინტერესი და ეს ჩვენთვისაც სიახლე იქნება“, – განაცხადა ავთანდილ ირომაშვილმა.
მისი თქმით, წინა წლებთან შედარებით, კომპანიის მიერ წარმოებულ ღვინოზე მოთხოვნა და გაყიდვები გაზრდილია.
„გაყიდვების მაჩვენებელი მომატებულია, თუმცა წლის ბოლომდე ზუსტი შედარება გამიჭირდება. გასულ წელთან შედარებით, ჩვენს ღვინოზე მოთხოვნა გაზრდილია. მაღაზიებსა და ღვინის ბარებში, რომლებთანაც ვთანამშრომლობთ, მოთხოვნა უფრო სისტემატური გახდა, ვიდრე გასულ წელს.
რამდენ პროცენტიანი ზრდა იქნება წლის ბოლოს, ჯერჯერობით ზუსტად ვერ გეტყვით, თუმცა გაყიდვები გაცილებით მეტია, ვიდრე გასულ წელს. სავარაუდოდ, დაახლოებით 30%-ით მაინც მოიმატებდა“, – აღნიშნა კომპანიის დირექტორმა.
მისი განმარტებით, „ავთანდილის მეღვინეობას“ ამჟამად ღვინის ექვსი სახეობა აქვს.
„წელს დაახლოებით 10 000 ბოთლამდე ღვინო გვაქვს ჩამოსხმული. ეს ერთი სახეობა არ არის – ღვინის ექვსი დასახელება გვაქვს. არის როგორც ლიმიტირებული ჩამოსხმის ღვინოები, ისე ისეთი სახეობებიც, რომელთა რაოდენობაც შედარებით მეტია. ადგილობრივ ბაზარზეც აქტიურად ვცდილობთ ჩვენი პროდუქციის გაყიდვას“, – განაცხადა ავთანდილ ირომაშვილმა.
მისივე თქმით, კომპანიის ღვინოებიდან ყველაზე დიდი მოთხოვნით რქაწითელი (წარაფი) და საფერავი სარგებლობს.
„ეს ბრენდი უკვე ჩამოყალიბებული გვაქვს და წლის დასაწყისიდან დღემდე არაერთი მედალიც მოიპოვა, რის შემდეგაც მოთხოვნა და დაინტერესება გაიზარდა. ძირითადად, ყველა, ვინც საქართველოს სტუმრობს და ღვინის მოყვარულია, ჩვენი ღვინო მოსწონს. გამიჭირდება გითხრათ, რომელი ქვეყნიდან არის უფრო მეტი დაინტერესება, რადგან ინტერესს თითქმის ყველა ქვეყნის ტურისტი გამოხატავს“, – განაცხადა ავთანდილ ირომაშვილმა.
ცნობისთვის, ავთანდილის მეღვინეობა (Avtandil Winery) კახეთში, სოფელ კარდანახში მდებარეობს და ბაზარზე 2021 წლიდან ოპერირებს.
bp.ge





