საოჯახო მარნის „ამიწიე“ (Amitié Wines) დამფუძნებლის, ლუკა ბილაშვილის განცხადებით, რუსეთის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტზე დაწესებული დროებითი შეზღუდვა კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრები დაბალანსებული უნდა იყოს.

როგორც ლუკა ბილაშვილმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, რუსეთის ბაზარი არასტაბილურია და ქართული ღვინის ექსპორტზე დამოკიდებულების შემცირება აუცილებელია.

„ღვინის სექტორში საექსპორტო ბაზრები ცალსახად დაბალანსებული უნდა იყოს. როგორც სტატისტიკიდან ვიცი, ქართული ღვინის დაახლოებით 70-75% რუსეთში გადის ექსპორტზე, რაც ძალიან საფრთხილოა. რუსეთის მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებული გადაწყვეტილება 100%-ით პოლიტიკურია.

ჩვენ გვყავს ისეთი მეღვინეობები, რომლებიც ხარისხით არცერთ ევროპულ საწარმოს არ ჩამოუვარდებიან. რუსეთის ბაზარი არასტაბილურია. ეს ბაზარი მნიშვნელოვანია, რადგან გაყიდვების ყველაზე დიდი წილი სწორედ მასზე მოდის, თუმცა ბაზრების დივერსიფიკაცია აუცილებელია, რათა მეღვინეობები და ბიზნესები მსგავსი რისკებისგან დაცულები იყვნენ. გარდა ამისა, დღეს იმდენი ომი და უბედურება ხდება, რომ რისკებისგან დაზღვეული არავინაა“, - განაცხადა ლუკა ბილაშვილმა.

ცნობისთვის, რუსეთმა ზოგიერთი ქართული კომპანიის პროდუქციის იმპორტზე დროებითი შეზღუდვა დააწესა. შეზღუდვა შეეხება შემდეგ კომპანიებს: „თელიანი ველი“, „თბილღვინო“, „ძმები ასკანელები“, „ვაინმენი“, „ქართული ლუდის კომპანია“, „კოკა-კოლა“ და „ნაბეღლავი“.

bp.ge