შპს „საქართველოს მელიორაცია“, თანამშრომელთა პროფესიული და ლიდერული კომპეტენციების განვითარების მიზნით, საველე დონის ლიდერების (Field Level Leadership – FLL) ტრენინგების ციკლს აგრძელებს. პროგრამა მიზნად ისახავს საველე რგოლში დასაქმებული თანამშრომლების მენეჯერული უნარების გაძლიერებას, სამუშაო პროცესების ეფექტიან მართვასა და გუნდური მუშაობის გაუმჯობესებას.
შიდა ქართლში გამართულ სამდღიან სწავლებაში კომპანიის რეგიონული სამსახურისა და სერვისცენტრების თანამშრომლები მონაწილეობდნენ. ტრენინგზე მონაწილეები გაეცნენ ლიდერობისა და მართვის თანამედროვე მიდგომებს, სამუშაო პროცესების სწორად დაგეგმვისა და ორგანიზების პრინციპებს, გუნდში ეფექტიანი კომუნიკაციისა და პრობლემების გადაჭრის პრაქტიკულ მეთოდებს.
სწავლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება თანამშრომლებთან და მოქალაქეებთან კომუნიკაცია იყო. აღნიშნულ სესიაზე ყურადღება გამახვილდა ინფორმაციის სწორად და გასაგებად მიწოდებაზე, მოქალაქეთა საჭიროებების გათვალისწინებასა და მათთან კონსტრუქციული ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე. აღნიშნული უნარები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კომპანიის საველე რგოლისა და სერვისცენტრების თანამშრომლების ყოველდღიურ საქმიანობაში.
ტრენინგის მონაწილეებს სიტყვით მიმართა კომპანიის კომერციულმა დირექტორმა, მამელი ქობალიამ. მან ისაუბრა ეფექტიანი კომუნიკაციის მნიშვნელობაზე გუნდური მუშაობის, სამუშაო პროცესების კოორდინაციისა და დასახული მიზნების მიღწევის პროცესში. ყურადღება გაამახვილა თანამშრომლებს შორის ინფორმაციის დროული და სწორი გაცვლის აუცილებლობაზეც.
სწავლება განხორციელდა მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში და მიზნად ისახავს ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებას. მას მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები და ინდოელი ტრენერები ესწრებოდნენ. ტრენინგებს კი შპს „საქართველოს მელიორაციის“ თანამშრომლები უძღვებოდნენ, რომლებმაც შესაბამისი პროფესიული მომზადება ინდოეთის ქალაქ ჩენნაიში გაიარეს.
პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება მიღებული ცოდნისა და საერთაშორისო გამოცდილების კომპანიის თანამშრომლებისთვის გაზიარებაა. ადგილობრივი ტრენერების მიერ ტრენინგების ჩატარება ხელს უწყობს თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებას, ცოდნის უწყვეტი გაზიარების პრაქტიკის დამკვიდრებასა და თანამედროვე სამუშაო მეთოდების ყოველდღიურ საქმიანობაში დანერგვას.
„საქართველოს მელიორაცია“ თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებას ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად განიხილავს. მსგავსი სასწავლო პროგრამები ხელს უწყობს მენეჯერული რესურსის განვითარებას, სამუშაო პროცესების ეფექტიანობის ზრდასა და მოქალაქეებთან კომუნიკაციის ხარისხის გაუმჯობესებას.







