გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ლაშა დოლიძე და ლაშა ავალიანი ბელარუსის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის მოადგილე ივან სმილიგინს და საქართველოში ბელარუსის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ნიკოლაი როგაშჩუკს შეხვდნენ.შეხვედრაზე მხარეებმა სოფლის მეურნეობისა და აგროსასურსათო პროდუქციით ვაჭრობის დინამიკა და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა მზარდია, მათ შორის, საქართველოდან მინერალური წყლების ექსპორტის მიმართულებით. მხარეებმა ასევე იმსჯელეს ქართული ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების, აგრეთვე სხვა აგროსასურსათო პროდუქციის ბელარუსის ბაზარზე ექსპორტის გაფართოებისა და ბაზარზე წვდომის შესაძლებლობებზე.„საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის სავაჭრო ურთიერთობები აქტიურად ვითარდება და მზარდია ინტერესი კერძო ბიზნესისა და ინვესტორების მხრიდან. მნიშვნელოვანია თანამშრომლობის გაღრმავება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და ტექნოლოგიების, მეცხოველეობისა და აკვაკულტურის მიმართულებით. ასევე მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის პრაქტიკული გამოცდილებისა და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობების შექმნა“, - აღნიშნა ლაშა დოლიძემ.საუბარი ასევე შეეხო მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის, ინვესტიციების მოზიდვის, მეცხოველეობისა და აკვაკულტურის სფეროებში გამოცდილების გაზიარებისა და სტუდენტებისა და ახალგაზრდა სპეციალისტების გაცვლითი პროგრამების მიმართულებით.„საქართველოს აგრარული სექტორის პოტენციალს დადებითად ვაფასებთ. ბოლო ცხრა თვის მონაცემებით, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა გაზრდილია და ვიმედოვნებთ, რომ ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება. მზად ვართ, გავაღრმაოთ თანამშრომლობა სპეციალისტების გამოცდილების გაზიარებისა და სტუდენტებისა და ახალგაზრდა კადრების პროფესიული მომზადების მიმართულებით“, - განაცხადა ივან სმილიგინმა.შეხვედრას ბელარუსის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე, დირექტორის მოადგილე ნოდარ ხატიაშვილი და მეხილეობის კვლევის სამსახურის უფროსი ზვიად ბობოქაშვილი თურქეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ. ვიზიტი თურქეთის თესლის მწარმოებელთა კავშირის (TÜRKTOB) ფარგლებში მოქმედი ნერგების მწარმოებელთა ასოციაციის (FÜAB) მოწვევით გაიმართა.ვიზიტის მიზანს საქართველოსა და თურქეთს შორის მეხილეობის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება, თურქეთის სანერგე მეურნეობების გამოცდილებისა და წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობა, ასევე ხარისხიანი სარგავი მასალის წარმოებისა და საქართველოში მისი ხელმისაწვდომობის გაზრდის შესაძლებლობების განხილვა წარმოადგენდა.ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები FÜAB-ის წარმომადგენლებთან, ასევე თურქეთის შესაბამისი უწყებებისა და სექტორის წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე განხილული იყო თურქეთში წარმოებული ხეხილის პერსპექტიული ჯიშების საქართველოში შემოტანისა და მათი გამოცდის შესაძლებლობები.სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ცენტრის წარმომადგენლები იზმირისა და ჩუკუროვას რეგიონებში FÜAB-ის წევრ სანერგე მეურნეობებს ეწვივნენ. დელეგაციის წევრები ადგილზე გაეცნენ ხეხილის სანერგე მასალის წარმოების პროცესს, თანამედროვე ტექნოლოგიებს, სანერგე ასოციაციის სადედე ნარგაობებსა და ინ ვიტრო გამრავლების პრაქტიკას. ასევე, მოინახულეს Odemis Bademli Fidancilik-ის სანერგე მეურნეობა და გაეცნენ თურქეთში მოქმედ ხეხილის ნერგების სერტიფიცირების სისტემას. დელეგაციამ შეხვედრა გამართა იზნიქის მერის მოადგილე აჰმეტ კაიასთან.ვიზიტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგია თურქული სანერგე მეურნეობების მიერ წარმოებული ხეხილის ჯიშების საქართველოში გამოცდისა და სამეცნიერო შესწავლის მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივა. სამომავლოდ დაგეგმილია ცენტრის სხვადასხვა რეგიონულ ბაზაზე თურქული ჯიშების საცდელი, სადემონსტრაციო და საკოლექციო ნარგაობების გაშენება.აღნიშნული ნარგაობები გამოყენებული იქნება კვლევითი მიზნებისთვის, რაც ცენტრის სპეციალისტებს შესაძლებლობას მისცემს, შეისწავლონ სხვადასხვა ჯიშის ბიოლოგიური და სამეურნეო მახასიათებლები, ადგილობრივ აგროკლიმატურ პირობებთან მათი ადაპტაციის უნარი და საქართველოს მეხილეობის სექტორისთვის მათი პერსპექტიულობა.თურქეთის ნერგების მწარმოებელთა ასოციაცია (FÜAB) 2008 წლიდან, თურქეთის თესლის მწარმოებელთა კავშირის (TÜRKTOB) ფარგლებში მოქმედი პროფესიული ორგანიზაციაა, რომელიც ხეხილისა და ვაზის ნერგების წარმოებისა და ვაჭრობის სექტორს აერთიანებს.
სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს სპეციალისტებმა, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ტექნიკური თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში, სომხეთის, თურქმენეთისა და ტაჯიკეთის კოლეგა უწყებების წარმომადგენლებს გამოყენებიდან ამოღებული რადიოაქტიური წყაროების უსაფრთხო მართვის მიმართულებით საქართველოს გამოცდილება გაუზიარეს.პროგრამა მოიცავდა რადიოაქტიური ნარჩენების მართვისა და უსაფრთხოების სფეროს არაერთ მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის - გამოყენებიდან ამოღებული რადიოაქტიური წყაროების გადაფუთვის ტექნოლოგიებს, ნარჩენების განთავსების ობიექტების დახურვის დაგეგმვასა და ტექნიკურ სტრატეგიებს, საინჟინრო გადაწყვეტილებებსა და დახურვის ღონისძიებებს, უსაფრთხოების ანგარიშების მომზადებასა და მარეგულირებელ ჩარჩოს, ასევე დახურვის შემდგომი მონიტორინგისა და გარემოს გრძელვადიანი უსაფრთხოების შეფასების სისტემებს.განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რადიოაქტიური ნარჩენების მართვის, ობიექტების დეკომისიისა და გარემოს აღდგენის მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას.ვიზიტის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება რადიოაქტიური ნარჩენების უსაფრთხო მართვის საკითხებზე, რაც ხელს უწყობს IAEA-ს წევრ ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარებასა და თანამშრომლობის გაღრმავებას.
გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ირაკლი მეგრელიძე სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად თურქეთის ქალაქ ანტალიაში, გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 31-ე კონფერენციას (COP31) დაესწრო.გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, კონფერენციის ფარგლებში ირაკლი მეგრელიძემ მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში, რომელიც ცენტრალური და დასავლეთ აზიისა და კავკასიონის მყინვარების დაჩქარებულ დნობასა და ამ პროცესებთან დაკავშირებულ გამოწვევებს, ასევე რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობას დაეთმო."დისკუსიაში მონაწილეობდნენ სომხეთის რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტროს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების - მწვანე კლიმატის ფონდისა (GCF) და აზიის განვითარების ბანკის (ADB) მაღალი რანგის წარმომადგენლები. ირაკლი მეგრელიძემ ისაუბრა კლიმატის ცვლილების გავლენით კავკასიონის გამყინვარების ზონაში მიმდინარე დეგრადაციის პროცესებზე და ყურადღება გაამახვილა პერიგლაციალური არეალებიდან მომდინარე საფრთხეებზე. როგორც სააგენტოს უფროსის მოადგილემ აღნიშნა, კლიმატური რისკების საერთო ხასიათიდან გამომდინარე, სულ უფრო იზრდება რეგიონული თანამშრომლობის, ცოდნის გაცვლისა და კოორდინირებული ქმედებების გაძლიერების საჭიროება, რათა გამოვლინდეს, დაინერგოს და მასშტაბური გახდეს ადაპტაციის ეფექტიანი გადაწყვეტილებები.დისკუსიის მონაწილეებმა განიხილეს რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების, გამოცდილების გაზიარებისა და კლიმატური გამოწვევების საპასუხოდ ერთობლივი ძალისხმევის გაძლიერების შესაძლებლობები.გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 31-ე კონფერენცია (COP31) 9- 20 ნოემბერს, თურქეთის ქალაქ ანტალიაში იმართება. კონფერენცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კლიმატის საკითხებზე მომუშავე დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლებს აერთიანებს.მისი მიზანია კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ გლობალური ძალისხმევის გაძლიერება, პარიზის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება",-აღნიშნულია ინფორმაციაში.
ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციისა და კანადის ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და სააგენტოს კონტრაქტორი კანადური მარკეტინგული კომპანიის A+M Consulting & Communications ორგანიზებით, საქართველოში კანადელი ღვინის კომერციულისექტორისა და მედიის 10 წარმომადგენელი იმყოფებოდა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.მათი ცნობით, ვიზიტის ფარგლებში კანადელი სტუმრები ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიების საქმიანობას ქართლსა და კახეთში გაეცნენ, ინფორმაცია მიიღეს ქართული ღვინის 8 000- წლიან ისტორიაზე, ღვინის დაყენების ტექნოლოგიებსა და ტრადიციებზე."სტუმრებმა დააგემოვნეს როგორც კლასიკური, ისე ტრადიციული მეთოდით დამზადებული ქართული ღვინოები. მსგავსი ტიპის ვიზიტები ხელს უწყობს ქართული ღვინის საერთაშორისო ცნობადობის ამაღლებას, ქართველი მწარმოებლებისა და უცხოელი ღვინის პროფესიონალების პირდაპირი საქმიანი კონტაქტების დამყარებას, რაც მნიშვნელოვანია კანადის ბაზარზე ქართული ღვინის პოზიციების გაძლიერებისა და ექსპორტის ზრდისთვის.მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოდან კანადაში 203 ათას ლიტრამდე ქართული ღვინოა ექსპორტირებული, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 5%-ით აღემატება. ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლებაა. ამ მიზნით, სააგენტო 2013 წლიდან, ქართული ღვინის საექსპორტობაზრების დივერსიფიკაციის ხელშეწყობის ფარგლებში, მიზანმიმართულ სარეკლამო და მარკეტინგულ კამპანიებს ახორციელებს",-აღნიშნულია ინფორმაციაში.
ბიძინა ივანიშვილისა და საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერით მოქმედ ფრინველთსაშენში გამოყვანილი 800 ერთეულამდე კოლხური ხოხობი ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ჭაჭუნას დაცული ტერიტორიების საადაპტაციო ვოლიერში განათავსეს.ფრინველები ვოლიერში რამდენიმე თვეს გაატარებენ, რაც მათ ველურ გარემოსთან შეგუებასა და თვითგადარჩენის უნარების გამომუშავებაში დაეხმარება. ადაპტაციის პერიოდის დასრულების შემდეგ, ხოხბების ბუნებაში ეტაპობრივი გაშვება მოხდება.საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭორვილაში მდებარე ფრინველთსაშენი, რომელიც ფონდ „ქართუს“ საქველმოქმედო პროექტის ფარგლებში ფუნქციონირებს, საქართველოს ადგილობრივი ფაუნის, კერძოდ, კოლხური ხოხბის, კაკბისა და გნოლის პოპულაციების გამრავლებასა და აღდგენას ემსახურება. ფრინველების გაშვება ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის ველურ ბუნებაში სისტემატურად ხდება, რაც მიზნად ისახავს მათი პოპულაციების აღდგენისა და საქართველოს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მცხეთის, დუშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტებში წიაღის უკანონო მოპოვების 3 ფაქტი გამოავლინეს. სამართალდარღვვები დაფიქსირდა სოფლების - წიფრანის, გალავანისა და თეთრახევას მიმდებარედ.სამართალდამრღვევებმა სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, მდინარეების - არაგვის, თეზამისა და ქუსნოს კალაპოტებიდან, უკანონოდ მოიპოვეს ჯამში დაახლოებით 130 კუბური მეტრი მოცულობის ქვიშა-ხრეში.თიანეთის მუნიციპალიტეტში გამოვლენილი ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.წიაღისეულის უკანონო მოპოვებით გარემოს დიდი ზიანი ადგება. ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების შედეგი შეიძლება იყოს: მდინარის კალაპოტების დეფორმირება, ნაპირების ჩამონგრევა, ნიადაგის ეროზია, ასევე, დასახლებული პუნქტების დატბორვა, წარეცხვა, წყლის დონის კლება, ეკოსისტემების განადგურება.ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტია. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ და სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე დაუყოვნებლივ რეაგირებენ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან ერთად თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. შეხვედრა ქალაქ ანტალიაში, გაეროს კლიმატის ცვლილების 31-ე კონფერენციის (COP31) ფარგლებში გაიმართა.შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა, ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება და რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, სატრანსპორტო და ენერგეტიკულ დაკავშირებადობას, შუა დერეფნის განვითარებასა და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მნიშვნელობას.„გაეროს კლიმატის ცვლილების 31-ე კონფერენციაში მონაწილეობს მსოფლიოს 90-მდე ქვეყნის ლიდერი, რაც საქართველოს პრეზიდენტს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან შეხვედრისა და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობას აძლევს. განსაკუთრებით აღსანიშნავია შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან, რომლის ფარგლებშიც კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობას და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობას”, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი საქართველოს პრეზიდენტთან ერთად თურქეთის რესპუბლიკაში გაეროს კლიმატის ცვლილების 31-ე კონფერენციის (COP31) ფარგლებში გამართულ ლიდერთა სამიტში მონაწილეობდა.კონფერენცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს აერთიანებს. მისი მთავარი მიზანია კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ გლობალური ძალისხმევის გაძლიერება და პარიზის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობა.
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსი ნინო უტიაშვილი თურქეთის ქალაქ ანტალიაში, გაეროს კლიმატის ცვლილების 31-ე კონფერენციის (COP31) ფარგლებში გამართულ საერთაშორისო თემატურ ღონისძიებას დაესწრო, რომელიც გაეროს ორი ორგანიზაციის, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსა (IAEA) და სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ერთობლივ ინიციატივა Atoms for Food-ს მიეძღვნა.IAEA-ს თემატურ პავილიონში გამართულ ღონისძიებაზე საქართველოს ეროვნული წარმომადგენლის სტატუსით მოხსენება ნინო უტიაშვილმა წარადგინა. მან ისაუბრა ინიციატივაში საქართველოს ჩართვის მნიშვნელობაზე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერასა და IAEA-სთან თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე.„ინიციატივა Atoms for Food-ი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ახალი შესაძლებლობაა ეროვნული ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის, სამეცნიერო პოტენციალის განვითარებისა და სოფლის მეურნეობაში ბირთვული ტექნოლოგიების პრაქტიკული დანერგვის მიმართულებით. ამ ეტაპზე ვემზადებით IAEA-ს შეფასების მისიისთვის, რომელიც საქართველოში არსებული შესაძლებლობების შესწავლასა და თანამშრომლობის შემდგომი ეტაპების განსაზღვრას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა ნინო უტიაშვილმა.ინიციატივა Atoms for Food-ი მიზნად ისახავს ბირთვული მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის, სურსათის უვნებლობისა და სურსათით უზრუნველყოფის გაუმჯობესებას.ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნების გამოცდილების, ეროვნული პრიორიტეტებისა და სამომავლო ხედვების გაზიარება.გაეროს კლიმატის ცვლილების 31-ე კონფერენცია (COP31) 9-20 ნოემბერს, თურქეთის ქალაქ ანტალიაში იმართება და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს, მთავრობის წარმომადგენლებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს აერთიანებს. კონფერენციის მთავარი მიზანია კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ გლობალური ძალისხმევის გაძლიერება, პარიზის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება.
"მცირე მარნები ნიშანდების საფასურს არ გადაიხდიან", - განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ.ლევან მეხუზლას განმარტებით, მცირე მარნებისთვის ნიშანდება იქნება სავალდებულო, თუმცა საფასურს არ გადაიხდიან.მიმდინარე წლის 4 ნოემბერს დამტკიცდა სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სერტიფიცირებული ალკოჰოლიანი სასმლის სავალდებულო ნიშანდების წესი და ფორმა.ახალი რეგულაციის მიზანია ალკოჰოლიანი სასმლის ფალსიფიცირების პრევენცია, პროდუქტის მიკვლევადობის უზრუნველყოფა და მომხმარებლისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა.ალკოჰოლიანი სასმლის ნიშანი იქნება დაცული მატერიალური ფორმის, QR კოდითა და უნიკალური ნომრით.QR კოდის დასკანერებით მომხმარებელი შეძლებს მიიღოს ინფორმაცია პროდუქტის დასახელების, კატეგორიის, მწარმოებლის, შესაბამისობის სერტიფიკატისა და ნიშნის სტატუსის შესახებ.ნიშანდების წესი 2027 წლის 1 თებერვლიდან ამოქმედდება.
გიგლა თამაზაშვილი: 2026 წელს ₾22 მლნ-ის პროექტი უკვე დასრულდა
ქართველმა მეღვინეებმა იტალიაში, მერანოს ღვინის საერთაშორისო ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა
სეს-მა სამეგრელოში დარღვევების გამო ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერა
სურსათში ტრანსცხიმების განსაზღვრის ლაბორატორიული შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში WHO-ს ექსპერტები იმყოფებიან
დავით სონღულაშვილი საქართველოს პრეზიდენტთან ერთად თურქეთში, გაეროს კლიმატის ცვლილების 31-ე კონფერენციაში მონაწილეობს