სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი, მცენარეთა გენეტიკური რესურსების ეროვნული კოორდინატორი  ლევან უჯმაჯურიძე და ცენტრის სტანდარტების, სერტიფიცირების, დაგეგმვისა და ეკონომიკური ანალიზის სამსახურის უფროსი, თესლის გენბანკის მენეჯერი თამარ ჯინჯიხაძე 2025 წლის 22–29 ნოემბერს, პერუს დედაქალაქ ლიმაში გამართულ, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მცენარეთა გენეტიკური რესურსების საერთაშორისო ხელშეკრულების (ITPGRFA) მმართველი საბჭოს რიგით მე- 11 სესიასა და ევროპის ქვეყნების წარმომადგენელთა რეგიონალურ შეხვედრებში მონაწილეობდნენ. საქართველო აღნიშნულ ხელშეკრულებას 2019 წელს შეუერთდა.

სესიის გახსნაზე წარმოდგენილი იყო დოკუმენტური ფილმი, რომელშიც ასახული იყო ქართული მცენარეთა გენეტიკური რესურსების დაცვის მიმართულებით საქართველოს გამოცდილება და საქართველოში არსებული ადგილობრივი ჯიშების თესლის სვალბარდის გლობალურ საცავში განთავსების პრაქტიკა.

სესიაზე,  რომელშიც  ევროპის,  აზიის, ავსტრალიის,  აფრიკის, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის დელეგაციები მონაწილეობდნენ, განხილული იქნა მცენარეთა გენეტიკური რესურსების კონსერვაციისა და მდგრადი გამოყენების პოლიტიკა,  ფერმერთა უფლებები და მათი დაცვის მექანიზმები, გლობალური საინფორმაციო სისტემის გაძლიერება; მრავალმხრივი სისტემის (MLS) ფუნქციონირების შეფასება, კლიმატის ცვლილების გავლენა მცენარეთა გენეტიკურ რესურსებზე და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

სესიის მიმდინარეობის პარალელურად ჩატარებულ თემატურ შეხვედრებზე წარმოდგენილი  პრეზენტაციები გენბანკების სტანდარტებს, ხარისხის მენეჯმენტს და მათში  სამეცნიერო-კვლევითი, სასწავლო უნივერსიტეტების და აკადემიური წრეების ჩართულობას ეხებოდა. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლები ასევე გაეცნენ  საექსპოზიციო სივრცეში წარმოდგენილ სასოფლო-სამეურნეო კულტურებისა და ტექნოლოგიების მასშტაბურ  გამოფენას.

საქართველოს მცენარეთა გენეტიკური რესურსების საერთაშორისო ხელშეკრულების  (ITPGRFA) მმართველობითი საბჭოს შეხვედრაში მონაწილეობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის გენეტიკური რესურსების საერთო პოლიტიკის გაძლიერებაში და საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოებაში. მიღებული გამოცდილება და კონტაქტები გააძლიერებს მომავალ თანამშრომლობას როგორც  გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის (FAO) ორგანიზაციასთან, ისე საერთაშორისო სამეცნიერო ინსტიტუციებთან.

აღსანიშნავია ასევე სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მრავალფეროვნების მსოფლიო გლობალური ფონდის Crop Trust-ის ინიციატივა, საქართველოში  რეგიონალური შეხვედრის ჩატარების შესახებ, რომლის მთავარი თემები  მცენარეთა გენეტიკური რესურსების დოკუმენტაცია, მონაცემთა ბაზები და GRIN Global საინფორმაციო სისტემის დანერგვა იქნება.

მომავალ 2026 წლის 2-4 ივნისს საქართველოში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით ევროპის ქვეყნების  მცენარეთა გენეტიკური რესურსების კოპერირებული პროგრამის (ECPGR)  სამეთვალყურეო კომიტეტის შეხვედრები გაიმართება.