"ქართული რძის პროდუქტების" დამფუძნებლის, გიორგი ლიპარტელიანის შეფასებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს  მიერ შემუშავებული ნედლი რძის წარმოების წახალისებისა და ბაზრის რეგულირების მიზნით შემუშავებული ახალი  გეგმა გაამართლებს იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის მასშტაბით  ფალსიფიცირებული პროდუქტების იდენტიფიცირება და მკაცრი კონტროლი დაიწყება.

ამასთან, როგორც გიორგი ლიპარტელიანი "ბიზნესპარტნიორთან" განმარტავს, რძის ფხვნილის რაიმე სახით შეზღუდვა არ შეიძლება, რადგან აღნიშნული ბაზარზე რძის დეფიციტს გამოიწვევს,

მისივე შეფასებით, ქვეყანაში არსებობს კარგი პირობები ფერმერული მეურნეობის განვითარებისთვის, თუმცა დაინტერესებული პირებისგან საკმარისი ინტერესი და რესურსი ჯერ არ ჩანს. 

"პირველ რიგში, აუცილებელია ქვეყანაში რძის წარმოების გაზრდა და სხვადასხვა წარმოების მეთოდების წახალისება. ყველაზე მნიშვნელოვანია ფალსიფიცირებული პროდუქტების იდენტიფიცირება და მკაცრი კონტროლის დაწყება. ზოგადად, თუ შეიზღუდება მცენარეული ცხიმის შემცველი პროდუქტების გაყიდვა, ეს ნედლი რძის მოხმარებას ვერ გაზრდის. ნედლი რძის ხელშეწყობის ყველაზე ეფექტური გზა ბაზარზე ფალსიფიცირებული პროდუქტების მკაცრი კონტროლია. ხშირია შემთხვევები, როდესაც ყველი თითქოს ნატურალური რძითაა დამზადებული რეალურად კი აღნიშნულ სტანდარტს არ შეესაბამება - მაგალითად, რესტორნებში შემოთავაზებული ყველის ასორტიც ხშირად არ არის ნატურალური. ამ ყველაფრის კონტროლი უნდა გამკაცრდეს. საჭიროა მეწარმეების აქტიური მონიტორინგი, რაც საბოლოოდ ნატურალურ პროდუქტებზე მოთხოვნის ზრდასაც გამოიწვევს. თუ გარკვეული პროდუქტების, მაგალითად რძის ფხვნილის, მოხმარებას შევზღუდავთ, ეს  ბაზარზე დეფიციტის ზრდას გამოიწვევს და ნატურალური რძის სახელით არანატურალური პროდუქტები გაიყიდება. დღეს საქართველოში ნედლი რძე დეფიციტურია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რძის ფხვნილი თავისთავად მავნებელია", - აცხადებს გიორგი ლიპარტელიანი.

"ქართული რძის პროდუქტების" დამფუძნებელი მომხმარებლების შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამ კუთხით სამინისტროს გადაწყვეტილება მისასალმებელია. კერძოდ, აუცილებელია პროდუქტების მკაფიოდ განსხვავება და მყიდველის სათანადო ინფორმირება.

"გეგმას დადებითად ვაფასებ მომხმარებლების კონტექსტში. ამ შემთხვევაში აუცილებელია პროდუქტების მკაფიოდ განსხვავება და მყიდველების სათანადო ინფორმირება. საჭიროა ანოტაციებზე მუშაობა, რათა მომხმარებელი უფრო ინფორმირებული იყოს. თუმცა აღნიშნულმა პროცესმა ბიზნესს ხელი არ უნდა შეუშალოს.

ეტიკეტირების ცვლილებას რაც შეეხება, ყველა კომპანიისთვის პრობლემა იქნება, რადგან უმეტესწილად 5-6 თვის მარაგი გვაქვს. თუმცა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აღნიშნულს გაითვალისწინებენ... ასევე უნდა შეიცვალოს დიზაინი, რაც ფინანსური კუთხით ბიზნესისთვის ნამდვილად დამატებითი ხარჯია", - აცხადებს სექტორის წარმომადგენელი. 

ცნობისთვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ნედლი რძის წარმოების წახალისებისთვის ახალი გეგმა შეიმუშავა. რეფორმის ფარგლებში იგეგმება ნებაყოფლობითი ხარისხის ნიშნის (პიქტოგრამის) დანერგვა, რომელიც მომხმარებელს მიანიშნებს, რომ პროდუქტი 100%-ით ქართული ნედლი რძისგან არის დამზადებული. ასევე სავალდებულო გახდება მცენარეული ცხიმის შემცველი პროდუქტების მკაფიო ვიზუალური მარკირება როგორც ადგილობრივ, ისე იმპორტირებულ ნაწარმზე. სავაჭრო ქსელებში აღნიშნული პროდუქტები განცალკევებულად განთავსდება.

გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა სახელმწიფო კონტროლის გაძლიერებას. სურსათის ეროვნული სააგენტო გაამკაცრებს მონიტორინგს HoReCa სექტორში, აგრარულ ბაზრებსა და სადისტრიბუციო ქსელებში.

ცნობისთვის, შპს "ქართული რძის პროდუქტები" ადგილობრივ ბაზარზე 2024 წელიდან ოპერირებს.

bp.ge