საქართველოში ხე-ტყის ბაზარზე აქტივობა იზრდება, თუმცა ადგილობრივი ავეჯის ინდუსტრია ამ ტენდენციით სრულად ვერ სარგებლობს. სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მიუხედავად ქვეყანაში არსებული ხარისხიანი ხის რესურსისა, ქართული ნედლეულის გამოყენება ავეჯის წარმოებაში კვლავ მინიმალურია.

ქართული ავეჯის კლასტერის გამგეობის თავმჯდომარის, ბესიკ ვერძეულის განცხადებით, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საქართველოში წარმოებული მაღალი ხარისხის ნედლეულის, მათ შორის წიფლის, თითქმის სრულად ექსპორტზე გატანის ტენდენციაა, რის გამოც ადგილობრივ მწარმოებლებს ხარისხიანი მასალის მოძიება უჭირთ.

მისი თქმით, პრობლემაა ქვეყანაში ხის გამოშრობისა და გადამუშავების მიმართულებაც, რომელიც სათანადოდ განვითარებული არ არის. შედეგად, ავეჯის მწარმოებლები ძირითადად MDF-ს, ჩიპბორდსა და სხვა ინჟინერულ ფილებს იყენებენ, ხოლო იმპორტირებული ხე-ტყის ძირითადი ნაწილი სამშენებლო სექტორში გამოიყენება.

ვერძეულის შეფასებით, მდგომარეობის შესაცვლელად აუცილებელია, ადგილობრივი ნედლეულის ნაწილი შიდა ბაზარზე დარჩეს. ერთ-ერთ გამოსავლად კი წიფლის ექსპორტზე კვოტირების მექანიზმის განხილვა სახელდება. ამასთან, საჭიროა ხის გადამამუშავებელი ინდუსტრიის განვითარება, ბიზნესისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და ბიუროკრატიული პროცესების გამარტივება.

ცნობისთვის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის ივნისში ქვეყანაში დახერხილი და დაპროფილებული ხე-ტყის იმპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 30%-ით გაიზარდა. იმპორტირებული პროდუქციის დაახლოებით 90% რუსეთიდან შემოვიდა. ამავე პერიოდში გაუმჯობესდა ექსპორტიც, რომლის მოცულობაც წლიურად დაახლოებით 5%-ით გაიზარდა.

bp.ge