გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნადირობის სეზონის გახსნიდან 1 თვეში, 2026 წლის 22 აგვისტოდან 22 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, 646 სამართალდარღვევა გამოავლინეს.
ყველაზე მეტი - 196 ფაქტი დაფიქსირდა იმერეთში. 119 სამართალდარღვევა გამოვლენილია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, 93 - გურიაში, 69 - შიდა ქართლში, 49 – სამცხე-ჯავახეთში, 39 - აჭარაში, 34 - მცხეთა-მთიანეთში, 21 - ქვემო ქართლში, 18 კი - კახეთში.
სამართალდარღვევები დაფიქსირდა დედაქალაქშიც. სეზონის გახსნიდან 1 თვეში, თბილისში ნადირობის წესების დარღვევის 8 ფაქტია გამოვლენილი.
გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან, 546 აკრძალული იარაღით, მეთოდით ან საშუალებით ნადირობის ფაქტია. 54 შემთხვევაში სამართალდამრღვევები გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის გარეშე ნადირობდნენ, 24 შემთხვევაში მონადირეებმა ნადირობის წესები დაარღვიეს, 22 შემთხვევაში კი მოქალაქეები მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნადირობდნენ.
ნადირობის სეზონის გახსნიდან 1 თვეში დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ამოღებულია 525 უკანონო საშუალება - ფრინველების მოსაზიდი ხმოვანი მოწყობილობა ე.წ. მანოკი.
მიმდინარე წლის 22 აგვისტოდან 22 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსის რაოდენობა 66 ერთეულს შეადგენს. ბრაკონიერებმა უკანონოდ მოინადირეს 63 მწყერი, ასევე თითო-თითო კაკაბი, ოფოფი და ხოხობი.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს ბრაკონიერობისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.





