ადგილობრივ ბაზარზე ალკოჰოლიანი სასმელების რეალიზაციისთვის სერტიფიკატის გაცემის ათლარიანი საფასური მცირე მარნებს არ შეეხებათ. ამ გადაწყვეტილების შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, გადაცემა “ბიზნესპარტნიორში” ისაუბრა.როგორც დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, მცირე მარნებთან მიმართებით ეს საკითხი მოხსნილია.
"უნდა ითქვას, რომ მათ აღარ ექნებათ გადასახადი, თორემ აუცილებლად მოუწევთ შესაბამისი სერტიფიცირების გავლა. რაც შეეხება დიდ მეღვინეობებს, მათთვის რა თქმა უნდა , სერტიფიცირების ათლარიანი საფასური არ გაუქმდება. მცირე მარნების ხელშეწყობა არის პრიორიტეტი და რადგან ეს საკითხი მათ ასე აწუხებდათ, ჩვენთვის ამოცანა არ არის რომ პრობლემა შევქმნათ, ჩვენთვის ამოცანა არის რომ მიმართულება შევქმნათ რომ ქართული ღვინო იყოს გამორჩეულად მაღალხარისხიანი."- აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
მისივე განმარტებით, მცირე მარნებს აღნიშნული გადასახადი არც მომავალში შეეხებათ.
"ამ ეტაპზე არ დგას დღის წესრიგში რაიმე კონკრეტული ვადა და არც მომავალშია მოსალოდნელი რომ შეეხოთ ეს გადასახადი. რადგან ეს არის ტვირთი მცირე მარნებისთვის, მათთან კონსულტაციების შედეგად ეს საკითხი გავითვალისწინეთ . ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც მეღვინეობაში და სხვა მიმართულებებში მიიღება მიმართულია იმისკენ რომ ხარისხობრივად გაუმჯობესდეს. რადგან იყოს კონკურენტუნარიანი და ფერმერს ქონდეს შესაძლებლობა, ღირსეული შემოსავალი მიიღოს იმ რთული და მძიმე შრომით, რაც სოფლის მეურნეობაში არსებობს."-აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
ცნობისთვის, 1 სექტებრიდან ადგილობრივ ბაზარზე ალკოჰოლიანი სასმელების რეალიზაციისთვის სერტიფიკატის გაცემა ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ფასიანი გახდა და ერთ განაცხადზე 10 ლარს შეადგენს.





