ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია ff.k Public Relations-ის ორგანიზებით, ქართული ღვინის დეგუსტაცია გერმანიის კუნძულ ზილტზე (Sylt) გაიმართა.
ქართული ღვინის წარდგენას გერმანიის ღვინის ბაზარზე გავლენიანი და ცნობილი სომელიე, ლექტორი ნილს ლაკნერი (Nils Lackner) უძღვებოდა.
ღონისძიებას 35 ღვინის მოყვარული და პროფესიონალი დაესწრო. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ 10 სხვადასხვა ქართული ღვინო. დეგუსტაციის ფარგლებში ასევე წარმოდგენილი იყო ქართული სამზარეულო.
ღვინის ეროვნული სააგენტო მარკეტინგულ კომპანია ff.k Public Relations-თან 2021 წლიდან თანამშრომლობს. კამპანიის ფარგლებში, ღვინის პროფესიონალებისთვის, სავაჭრო სექტორის წარმომადგენლებისა და მომხმარებლებისთვის გერმანიის სხვადასხვა ქალაქში ტარდება დეგუსტაცია-სემინარები. ქართული ღვინო წარმოდგენილია საერთაშორისო გამოფენებზე; ხორციელდება მიზნობრივი სარეკლამო და მედია კამპანიები; ასევე, მედიის, ღვინის პროფესიონალებისა და გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებისთვის საქართველოში ღვინის ტურები ეწყობა.
გერმანია, ქართული ღვინის გაყიდვების მზარდი დინამიკით გამოირჩევა. მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან გერმანიაში ექსპორტირებულია 1 მილიონზე მეტი ლიტრი ღვინო, რაც 29%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.






