ქართული ჩაის მწარმოებელი კომპანია "გრინგოლდის" ერთ-ერთი დამფუძნებლისა და წარმოების ხელმძღვანელის, ნიკა სიორიძის შეფასებით, ქართული პროდუქტი ნელ-ნელა ევროპულ ბაზარზე საკუთარ ნიშას იკავებს.
როგორც "ბიზნესპარტნიორთან" კომპანიის წარმომადგენელი განმარტავს, სექტორის მიზანია არა ათიათასობით ტონა ჩაის წარმოება, არამედ ისეთი ხარისხიანი პროდუქციის შექმნა, რომელიც უცხოურ ბაზარზე კონკურენტუნარიანი იქნება.
"ევროპულ ბაზარზე, მაგალითად გერმანიაში, პოლონეთსა და ჩეხეთში, ნელ-ნელა ჩვენს ნიშას ვიკავებთ. პროცესი უკვე დაწყებულია, რადგან ბოლო სამი წლის განმავლობაში არა მხოლოდ ჩვენი, არამედ სხვა ქართული კომპანიების ექსპორტიც იზრდება. მიუხედავად ამისა, ქართული ჩაი ჯერ კიდევ საკმარისად ცნობადი არ არის - ბოლო 30 წლის განმავლობაში სექტორი ფაქტობრივად მკვდარი იყო, ამიტომ დღეს რთულია კონკურენცია გავუწიოთ ჩინეთს, შრი-ლანკასა და ინდოეთს. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ქართული ჩაი ორგანული და ნატურალურია სრულიად განსხვავებული გემოვნური თვისებები აქვს. მთავარი მიზანი არ არის ათიათასობით ტონა ჩაის წარმოება, არამედ ისეთი ხარისხიანი პროდუქტის შექმნა, რომელიც ბაზარზე კონკურენტუნარიანი იქნება. ქართული ჩაი ჩვენი ბუნებრივი და კლიმატური პირობებიდან გამომდინარე უნიკალური და განსხვავებულია, ამიტომ საკუთარი მომხმარებელი აუცილებლად ეყოლება", - აცხადებს ნიკა სიორიძე.
"გრინგოლდის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გამოწვევების შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ სექტორს სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა აქვს, თუმცა აუცილებელი მარკეტინგული სტრატეგიის კიდევ უფრო გააქტიურება.
"რაც შეეხება გამოწვევებს, სახელმწიფოს მხრიდან 2016 წლიდან მხარდაჭერა გვაქვს, რადგან სწორედ მაშინ დაიწყო ჩაის რეაბილიტაციის პროგრამა. ასევე ხელმისაწვდომია შეღავათიანი აგროკრედიტები. თუმცა, ახლა უკვე იმ ეტაპზე ვართ, როდესაც მკვეთრი მარკეტინგული სტრატეგიაა აუცილებელი. მეტი ჩართულობის ქვეშ ვგულისხმობ რეგიონებში ვიზიტებსაც. მაგალითად, კარგი იქნება, თუ გურიაში უფრო ხშირად ჩამოვლენ. სეზონი დაწყებულია და მნიშვნელოვანია პროცესების ადგილზე გაცნობა. როგორც კახეთში რთველის პერიოდში ხშირად მიდიან და პროცესის მიმდინარეობას აკვირდებიან, ასევე სასურველია, ჩაის სექტორის მიმართაც მეტი ყურადღება იყოს და ადგილზე უფრო ხშირად ხდებოდეს ვიზიტები", - აღნიშნავს კომპანიის წარმომადგენელი.
ცნობისთვის, ქართული ჩაის მწარმოებელი კომპანია "გრინგოლდი" აზიურ ბაზარზეც გავიდა. კომპანიის პლანტაციები, რომელიც 29 ჰექტარს მოიცავს ოზურგეთის მუნიციპალიტეტ სოფელ ნაგომარში მდებარეობს. "გრინგოლდი" 20 სახის ჩაის აწარმოებს. პროდუქცია წარმოდგენილია ადგილობრივ ბაზარზე ქსელურ მარკეტებში: "სპარი", "ორ ნაბიჯი", "დეილი", "გუდვილი" და ა.შ. ამასთან, "გრინგოლდი"-ს საექსპორტო ქვეყნებია: ჩეხეთი, გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, უკრაინა.
bp.ge







