გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ქალაქ გურჯაანში რთველის საკოორდინაციო შტაბის მუშაობას გაეცნო. შტაბი რთველის პერიოდში პროცესის კოორდინაციას, მევენახეებისა და ღვინის მწარმოებლებისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას და რთველთან დაკავშირებული საკითხების ოპერატიულად გადაწყვეტას უზრუნველყოფს. შტაბი 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს.
დავით სონღულაშვილმა მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების, ყურძნის ხარისხის გაუმჯობესებისა და ხარისხის მიხედვით დიფერენცირებული ფასების პოლიტიკის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
"მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდაჭერა სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულია. დარგის მდგრადი და გრძელვადიანი განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონკურენტუნარიანი და მაღალი ღირებულების პროდუქციის წარმოება, რაც, საბოლოო ჯამში, ქართული ღვინის პოზიციებსა და საერთაშორისო ბაზრებზე მის კონკურენტუნარიანობას განსაზღვრავს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ყურძნის ხარისხის მიხედვით დიფერენცირებული ფასების დანერგვა. აღნიშნული მიდგომა გასულ წელს რთველის პერიოდში წარმატებით დაინერგა და მევენახეებს მისცა დამატებითი სტიმული, ეზრუნათ ყურძნის კონდიციურობასა და სათანადო მაჩვენებლებზე. წელს კიდევ უფრო მეტ აქცენტს ვაკეთებთ ამ მიმართულებაზე, რაც ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესებასა და საერთაშორისო ბაზრებზე ჩვენი საექსპორტო პოზიციების გაძლიერებას შეუწყობს ხელს", - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
გურჯაანში, რთველის საკოორდინაციო შტაბში გამართულ შეხვედრას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე და რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსი ლევან მეხუზლა, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე, პარლამენტის წევრები და კახეთის მუნიციპალიტეტების მერები დაესწრნენ.
ლევან მეხუზლამ რთველის საკოორდინაციო შტაბის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ მიმდინარე წლის რთველი წარმატებით ჩაივლის, მოსავალი ხარისხიანი იქნება და ქართული ღვინის საექსპორტო პოზიციები საერთაშორისო ბაზრებზე კიდევ უფრო გაძლიერდება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, ყველა მევენახეს შესაძლებლობა ექნება, მოახდინოს ყურძნის რეალიზაცია და მოსავალი დაუბინავებელი არ დარჩეს. ამ მიზნით, შპს "მოსავლის მართვის კომპანია" კახეთის რეგიონში მოწეულ ყურძენს ფიზიკური პირებისგან დადგენილი ფასებით ჩაიბარებს.
კერძოდ, კონდიციური და დაუზიანებელი საფერავის, რომლის შაქრიანობა არანაკლებ 21%-ია, ფასი 1,50 ლარით განისაზღვრება, ხოლო არაკონდიციური საფერავის შემთხვევაში, რომლის შაქრიანობა 17%-დან 21%-მდეა ან/და ყურძენი ნაწილობრივ დაზიანებულია, ფასი 0,90 ლარი იქნება. 17%-ზე ნაკლები შაქრიანობის ან/და დაზიანებული საფერავის ფასი 0,30 ლარით განისაზღვრება.
"ვაზისა და ღვინის შესახებ" საქართველოს კანონით ნებადართული ვაზის ჯიშებისგან მოწეული სხვა ყურძნის შემთხვევაში, შაქრიანობის არანაკლებ 20%-ის მქონე და დაუზიანებელი ყურძნის ფასი 1,30 ლარი იქნება, 17%-დან 20%-მდე შაქრიანობის შემთხვევაში 0.80 ლარი, ხოლო 17%-ზე ნაკლები შაქრიანობის შემთხვევაში 0.30 ლარი.
რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელი ხაზის ნომრებზე: 1501 და 032 2 219 37 18.





