სამადაშვილის ღვინის მარანი-ს მეღვინის, ანანო ვეკუას შეფასებით, ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალი მაღალია, განსაკუთრებით აზიურ ბაზრებზე, სადაც პროდუქტის განსხვავებული გემო მომხმარებლებისთვის საინტერესოა.

როგორც ანანო ვეკუა "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, ადგილობრივი ღვინის სხვადასხვა ჯიში როგორც აზიურ, ისე ევროპულ ბაზრებზე მოთხოვნადია.

"ქართული ჯიშები ძალიან კარგია - რქაწითელი, მწვანე, საფერავი, შავკაპიტო. ისინი ყველანაირი მომხმარებლისთვის საინტერესოა. კონკურენცია უცხოეთში დიდია, თუმცა აზიურ ბაზარზე განსაკუთრებით შეგვიძლია ვიმუშაოთ, რადგან მათთვის ქართული ღვინო განსხვავებულ გემოსთან ასოცირდება. ზოგადად, ჩვენი ღვინო როგორც აზიურ, ისე ევროპულ ბაზარს მოსწონს. საექსპორტო ბაზრებზე წარმატებისთვის მნიშვნელოვანია კონკრეტული ქვეყნის მომხმარებლის გემოვნებისა და მოთხოვნის შესწავლა. მაგალითად, ჩინელ მომხმარებელს მსუყე, მაღალალკოჰოლიანი წითელი ღვინოები მოსწონს, რითაც შეგვიძლია მათთან თავი მოვიწონოთ", - აცხადებს ანანო ვეკუა.

მეღვინე "ბიზნესპარტნიორთან" სექტორში არსებული გამოწვევების შესახებაც საუბრობს და განმარტავს, რომ ბოლო პერიოდში მსოფლიოში ღვინის მოხმარება მცირდება.

"მსოფლიოში მიმდინარე არასტაბილური მოვლენები ჩვენს სექტორზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. მომხმარებლის ქცევა ძალიან შეიცვალა - ახალგაზრდა თაობა ღვინოს ნაკლებად მოიხმარს, უფრო პოპულარული ჯანსაღი ცხოვრების წესია, რაც ალკოჰოლის მოხმარებას ამცირებს", - აღნიშნავს სამადაშვილის ღვინის მარნის წარმომადგენელი.

ცნობისთვის, სამადაშვილის ღვინის მარანი გურჯაანის რაიონში სოფელ ჩალაუბანში მდებარეობს, ხოლო ადგილობრივ ბაზარზე 1 წელია ოპერირებს. ამასთან, მარნის ფართობი 900 კვადრატული მეტრია.