სამადაშვილის ღვინის მარნის მეღვინის, ანანო ვეკუას შეფასებით, საქართველოში ბიო ღვინის წარმოება რთულია.
როგორც "ბიზნესპარტნიორთან" ანანო ვეკუა განმარტავს, აღნიშნული მიმართულების წარმოებისას - განსხვავებული ტექნოლოგიებია საჭირო. მისივე თქმით, ერთ-ერთი მთავარი სირთულე ისაა, რომ ვენახის მიმდებარედ შესაძლოა არაბიო ვენახი იყოს გაშენებული, რაც წარმოების პროცესს ართულებს.
"ჩვენ არ ვიყენებთ ჰერბიციდებს, თუმცა ბიო მიმართულება არ გვაქვს. ზოგადად, ამ ხაზის მიმართ ინტერესი ძალიან მაღალია, თუმცა ჩვენს რეალობაში ნამდვილი ბიო ღვინის პოვნა რთულია. მოგეხსენებათ, ბიო ღვინის წარმოებისას - დიდი გამოცდილება, შრომა, განსხვავებული ტექნოლოგიაა საჭირო. ამავდროულად როდესაც მომიჯნავე ვენახი ბიო მიმართულების არ არის, შრომას აზრი ეკარგება. პირველ რიგში, ღვინის სიჯანსაღეა მთავარი. აპრიორი, რომ აუცილებლად ბიო მიმართულებით უნდა განვითარდეთ მე, როგორც მეღვინეს სწორი არ მგონია", - აცხადებს ანანო ვეკუა.
მეღვინე "ბიზნესპარტნიორთან" სექტორში არსებული გამოწვევების შესახებაც საუბრობს და განმარტავს, რომ ბოლო პერიოდში მსოფლიოში ღვინის მოხმარება მცირდება.
"მსოფლიოში მიმდინარე არასტაბილური მოვლენები ჩვენს სექტორზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. მომხმარებლის ქცევა ძალიან შეიცვალა - ახალგაზრდა თაობა ღვინოს ნაკლებად მოიხმარს, უფრო პოპულარული ჯანსაღი ცხოვრების წესია, რაც ალკოჰოლის მოხმარებას ამცირებს", - აღნიშნავს "სამადაშვილის ღვინის მარნის" წარმომადგენელი.
ცნობისთვის, "სამადაშვილის ღვინის მარანი" გურჯაანის რაიონში სოფელ ჩალაუბანში მდებარეობს, ხოლო ადგილობრივ ბაზარზე 1 წელია ოპერირებს. ამასთან, მარნის ფართობი 900 კვადრატული მეტრია.






