2027 წლის 1-ელი თებერვლიდან ადგილობრივ ყველა კატეგორიის ღვინოზე სავალდებულო დეგუსტაციის ამოქმედებას კომპანია „ღვინის ქურდების“ თანადამფუძნებელი ზაზა ასათიანი „ბიზნესპარტნიორთან“ აფასებს.
მისი თქმით, ადგილობრივ ბაზარზე ზადიანი (არასასურველი არომატები და გემოები, რომლებიც ღვინოს არასწორი დაყენების, შენახვის ან ჰაერთან კონტაქტის შედეგად უჩნდება) ღვინო დიდ პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს, რადგან ქართული მეღვინეობა განვითარდა. შესაბამისად, მისი თქმით, დეგუსტაციის პროცესი ბიუროკრატიულ მექანიზმებს შექმნის, რამაც შესაძლოა ღვინის ბაზარზე გამოჩენა გარკვეული დროით გაწელოს.
„საექსპორტო ღვინო ყოველთვის გადის დეგუსტაციას და შემიძლია გითხრათ, რომ ეს პროცესი საკმაოდ ლმობიერია. ანგარიშს ბევრ ფაქტორს უწევენ. თუ ეს პროცესი ისევე ლმობიერი დარჩება, როგორც ახლა არის - შესაძლოა შეიქმნას გარკვეული ბიუროკრატიული მექანიზმი, რომელიც ღვინის ბაზარზე გამოჩენის პროცესს გააჭიანურებს და მომხმარებელს მხოლოდ და მხოლოდ ზადიანი ღვინისგან დაიცავს. რამდენად სწრაფად და გამჭვირვალედ მოხდება დეგუსტაციის პროცესი, მნიშვნელოვანი საკითხია. ყველა რეგულაციას აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები და განვითარებას აფერხებს ხოლმე. შესაძლოა სწორი მიმართულებას აძლევდეს, მაგრამ ტემპს ნამდვილად აფერხებს. პირადად მე ვფიქრობ, რომ ზადიანი ღვინო დიდ პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს ადგილობრივ ბაზარზე, რადგან ქართული მეღვინეობა განვითარდა და აღარ არის 90-იანი წლები, როცა გაფუჭებული ღვინო იყიდებოდა ყველგან. აქედან გამომდინარე, მეღვინეები იცავენ მინიმალურ ხარისხს და დიდი მოთამაშეები მით უმეტეს. ამასთან დახლის ღვინოებიც უკვე სტანდარტიზებულია.
ვფიქრობ, რომ ბაზარზე არსებული ღვინიდან წუნდებული ძალიან მცირე რაოდენობა იქნება, რადგან უკვე ძალიან იშვიათად შემხვედრია წუნდებული ღვინო“, - აცხადებს ზაზა ასათიანი.
ცნობისთვის, კანონპროექტით შემოდის ალკოჰოლიანი სასმელების სავალდებულო QR-ნიშანდება, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას სერტიფიცირების შესახებ და ალკოჰოლიანი სასმლის შესახებ. ნიშანდების წესი მინისტრმა უნდა დაამტკიცოს, ხოლო სისტემა 2027 წლის 1 თებერვლიდან ამოქმედდება.
გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებს. კანონპროექტის თანახმად, იცვლება „მცირე ზომის მარნის“ დეფინიცია და მისი წლიური წარმადობის მაქსიმალური ზღვარი 40 000 ლიტრიდან 25 000 ლიტრამდე მცირდება. ამასთან, ტერმინი „სახლის ღვინო“ იცვლება ტერმინით - „ბუნებრივი ღვინო“. ბუნებრივი ღვინო მიიღება ორგანული ყურძნის ტკბილის სპონტანური დადუღებით, სადაც დაუშვებელია ნებადართული ოპერაციებისა და ნივთიერებების გამოყენება, გარდა გოგირდის დიოქსიდისა, რომლის შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს 50 მგ/ლ-ს.
bp.ge







