სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით, 6.2 პროცენტით გაიზარდა.

საქსტატის ცნობით, აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო ცოცხალი ცხოველების და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ღირებულების 14.5 პროცენტიანი მატებით, რამაც 7.66 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

"წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 14.2 პროცენტით. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო ცოცხალი ცხოველების და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ღირებულების 25.1 პროცენტიანი მატებით, რაც 13.91 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე.

ამავე პერიოდში მრავალწლოვანი კულტურების ღირებულება 2.6 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ერთწლოვანი კულტურების ღირებულება 7.4 პროცენტით შემცირდა, რამაც, შესაბამისად, 1.13 და -0.8 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი წარმოადგენს საანგარიშო პერიოდში ქვეყნის მასშტაბით სასოფლო მეურნეობების მიერ წარმოებული და რეალიზებული პროდუქციის ფასების საშუალო დონის ცვლილებას საბაზო პერიოდთან შედარებით.

ინდექსი მოიცავს შემდეგ პროდუქტებს:
• ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურები (ხორბალი, სიმინდი, მზესუმზირა, კარტოფილი და სხვ.);
• მრავალწლოვანი კულტურები (ყურძენი, ხილი, თხილი, კაკალი და სხვ.);
• ცოცხალი ცხოველები და ცხოველური წარმოშობის პროდუქტები (მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი, თაფლი, რძე და სხვ.)",-აღნიშნულია ინფორმაციაში.