ტაშისკარის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციის შედეგად, ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში საირიგაციო მომსახურება 7 000 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწაზე გაუმჯობესდება. პროექტი არსებული ინფრასტრუქტურის განახლებასა და წყლის რესურსების მართვის თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას ითვალისწინებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, დაგეგმილია საირიგაციო და სადრენაჟო სისტემების რეაბილიტაცია, მაგისტრალური არხის გამტარუნარიანობის გაზრდა, თამარაშენის არხის განახლება და 3 120 ჰექტარზე გამანაწილებელი ქსელის მოდერნიზაცია. ასევე, მოეწყობა თანამედროვე ნატანდამჭერი გისოსები და ფერმერთა სატუმბი სისტემებისთვის წყალმიმღები აუზები.
"არხის გამშვები ნაგებობები დისტანციური მონიტორინგისა და მართვის სისტემით (SCADA) აღიჭურვება, ქსელში კი 84 წყალმზომი სადგური დამონტაჟდება. სამუშაოები გააუმჯობესებს წყლის მიწოდებას, ხელს შეუწყობს წყლის მოხმარების ზუსტ აღრიცხვასა და ინფრასტრუქტურის ეფექტიან მართვას. ქარელის მუნიციპალიტეტში, GRAIL-ის პროექტის ფარგლებში გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე, ადგილობრივ ფერმერებს პროექტის ტექნიკური
გადაწყვეტილებები, დაგეგმილი სამუშაოები და მოსალოდნელი შედეგები გააცნეს. შეხვედრაში შპს „საქართველოს მელიორაციის“, მსოფლიო ბანკისა და საპროექტო კომპანია „იუშინ-დასანის“ წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
შეხვედრაზე იმსჯელეს ადგილობრივი ფერმერების ჩართულობის მნიშვნელობაზე, მათ საჭიროებებსა და ხელმისაწვდომ შესაძლებლობებზე, პროექტის მოსალოდნელ სარგებელსა და საგრანტო პროგრამებში მონაწილეობის პერსპექტივებზე.
რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ ტაშისკარის სარწყავი სისტემის მომსახურების არეალში წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების ჩამოყალიბებაც იგეგმება. ეს ორგანიზაციები ფერმერებს საშუალებას მისცემს, ერთობლივად ჩაერთონ ირიგაციის მართვასა და წყლის განაწილებაში და ეფექტიანად გამოიყენონ ინფრასტრუქტურა",-აღნიშნულია ინფორმაციაში.






