გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის იმერეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტები საჩხერის, ჭიათურისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში გამოავლინეს.
სოფელ ლიჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქემ უკანონოდ მოჭრა სხვადასხვა სახეობის 4 ძირი ხე-მცენარე და მოპოვებული მერქნული მასალის უკანონო ტრანსპორტირებას ახდენდა. სამართალდამრღვევის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შესაბამისი მუხლით.
უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტები გამოვლინდა ასევე სოფლებში წყალშავასა და ხრესილში, სადაც მოქალაქეებს საკარმიდამო ეზოებში არარეგისტრირებული, ცირკული ტიპის სახერხი დანადგარები ჰქონდათ დამონტაჟებული. ვინაიდან აღნიშნული ფაქტები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, შემდგომი რეაგირების მიზნით მასალები შესაბამის უწყებებს გადაეგზავნა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის ბუნებრივი რესურსების დაცვა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლები სახელმწიფო გარემოსდაცვითი კონტროლის ფარგლებში განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტების გამოვლენასა და აღკვეთას. ამ მიმართულებით კონტროლი აქტიურად ხორციელდება, მათ შორის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.
2026 წლის 10 თვის მონაცემებით, მხოლოდ იმერეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე ტყით უკანონო სარგებლობის 177 ფაქტია გამოვლენილი.







