2026 წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი სამელიორაციო პროექტების საერთო ღირებულება 8,3 მილიონ ლარს შეადგენს. პროექტების შედეგად, სარწყავი წყლის მიწოდება ჯამში 570 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება.
მიმდინარე წელს ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის მარცხენა მაგისტრალური არხის გამანაწილებლებზე ჰიდრანტები მოეწყო. სამუშაოების ღირებულებამ 282 858 ლარი შეადგინა. ასევე დასრულდა სოფელ მელაანთან მდებარე შპს „საქართველოს მელიორაციის“ საქმიანი ეზოს შემოღობვისა და კეთილმოწყობის სამუშაოები.
ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტში სამი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს. სოფელ კარდენახში რეაბილიტაცია უტარდება ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის გამანაწილებლის 1 160-მეტრიან მონაკვეთს. ასევე ხორციელდება ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის მარცხენა მაგისტრალური არხის გამანაწილებლების რეაბილიტაციის პირველი ეტაპი და ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის მაგისტრალურ არხზე არსებული კალაურის ავარიული წყალსაგდების რეაბილიტაცია.
მიმდინარე პროექტების ჯამური ღირებულება 7,3 მილიონ ლარს შეადგენს. სამუშაოების დასრულების შედეგად, სარწყავი წყლის მიწოდება 500 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება.
გარდა ამისა, სოფელ ბაკურციხეში დაგეგმილია ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის გამანაწილებლების ღარული სისტემის რეაბილიტაცია. 620 000 ლარის ღირებულების პროექტის განხორციელების შედეგად, წყალუზრუნველყოფა დამატებით 70 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება.
ინფრასტრუქტურული პროექტების პარალელურად, გურჯაანის მუნიციპალიტეტში სარწყავი სისტემების საექსპლუატაციო სამუშაოებიც ჩატარდა. გაიწმინდა 54 კილომეტრი სიგრძის არხები და მილსადენები, შეკეთდა 5 მსხვილი ჰიდროტექნიკური ნაგებობა, ხოლო 243 სხვა ჰიდროტექნიკური ერთეული შეკეთდა ან ახლით შეიცვალა.
სარწყავი და სადრენაჟე ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირება მნიშვნელოვანი წინაპირობაა სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტიანად გამოყენებისა და ფერმერული საქმიანობის შეუფერხებლად წარმართვისთვის. გურჯაანის მუნიციპალიტეტში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები სწორედ სარწყავი წყლის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებასა და სოფლის მეურნეობის განვითარებას ემსახურება.







