ბიძინა ივანიშვილისა და საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერით მოქმედ ფრინველთსაშენში გამოყვანილი 800 ერთეულამდე კოლხური ხოხობი ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ჭაჭუნას დაცული ტერიტორიების საადაპტაციო ვოლიერში განათავსეს.

ფრინველები ვოლიერში რამდენიმე თვეს გაატარებენ, რაც მათ ველურ გარემოსთან შეგუებასა და თვითგადარჩენის უნარების გამომუშავებაში დაეხმარება. ადაპტაციის პერიოდის დასრულების შემდეგ, ხოხბების ბუნებაში ეტაპობრივი გაშვება მოხდება.

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭორვილაში მდებარე ფრინველთსაშენი, რომელიც ფონდ „ქართუს“ საქველმოქმედო პროექტის ფარგლებში ფუნქციონირებს, საქართველოს ადგილობრივი ფაუნის, კერძოდ, კოლხური ხოხბის, კაკბისა და გნოლის პოპულაციების გამრავლებასა და აღდგენას ემსახურება. 

ფრინველების გაშვება ქვეყნის სხვადასხვა  რეგიონის ველურ ბუნებაში  სისტემატურად ხდება, რაც მიზნად ისახავს მათი პოპულაციების აღდგენისა და  საქართველოს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას.