სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში, ფერმერებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. სემინარის ძირითადი თემები ციფრულ აგრომეტეოროლოგიურ პლატფორმას - საქართველოს სოფლის მეურნეობის კლიმატურ სერვისს (GECSA), მის ფუნქციებსა და შესაძლებლობებს, ასევე კურკოვანი კულტურების ახალ ჯიშებსა და მათი წარმოების თანამედროვე აგროტექნოლოგიებს შეეხებოდა.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ნოდარ ხატიაშვილმა, მონაწილეებს GECSA-ს დანიშნულება და მნიშვნელობა გააცნო, ასევე კლიმატური ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისა და ფერმერულ მეურნეობებში კლიმატური რისკების მართვის პროცესში პლატფორმის როლზე ისაუბრა.

ზვიად ბობოქაშვილმა, ცენტრის მეხილეობის კვლევის სამსახურის უფროსმა,  ფერმერებს პლატფორმის პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობები გააცნო. ყურადღება გამახვილდა ამინდის პროგნოზისა და კულტურებზე მორგებული აგრონომიული რეკომენდაციების გამოყენებაზე, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დაგეგმვაზე, მავნებელ-დაავადებების პრევენციასა და შესაბამისი პრეპარატების შერჩევაზე.

სემინარის ფარგლებში ასევე განიხილეს ატმის, ნექტარინის, ბლისა და ქლიავის ახალი ჯიშები და კურკოვანი კულტურების წარმოების თანამედროვე აგროტექნოლოგიები.

მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სპეციალისტისთვის მათთვის საინტერესო საკითხებზე კითხვები დაესვათ, მიეღოთ პრაქტიკული რეკომენდაციები და გაეზიარებინათ საკუთარი გამოცდილება.

სემინარი გაიმართა პროექტის „მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემის გაფართოება და კლიმატთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოყენება საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) მხარდაჭერით გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ერთობლივად ახორციელებენ.