გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გასტრონომიის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაციის (AGAJ) ორგანიზებით, აგრარულ ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAJ) პრესტურის ფარგლებში, დიდი ბრიტანეთის, შოტლანდიის, სლოვენიის, სერბეთის, შვეიცარიის, ნორვეგიის, დანიის, სამხრეთ აფრიკისა და იაპონიის ჟურნალისტები საქართველოს აგრარულ პოტენციალს, ადგილობრივ წარმოებასა და ტრადიციულ პროდუქტებს გაეცნენ.
პრესტურის ფარგლებში, უცხოელი ჟურნალისტები მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის რეგიონებში ადგილობრივ მეწარმეებს, ტრადიციული პროდუქტების მწარმოებლებსა და აგროტურისტულ მეურნეობებს ეწვივნენ. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, უშუალოდ გაცნობოდნენ ქართული გასტრონომიის, აგრო-ბიომრავალფეროვნებისა და ენდემური ჯიშების შესახებ ინფორმაციას, ასევე იმ ოჯახებისა და მეწარმეების საქმიანობას, რომლებიც ტრადიციულ ცოდნასა და წარმოების მეთოდებს თაობიდან თაობას გადასცემენ.
„გასტრონომიის ეროვნული სააგენტოსთვის მნიშვნელოვანია რეგიონებში ტრადიციული წარმოების განვითარებისა და ადგილობრივი მეწარმეების საქმიანობის ხელშეწყობა, მათი პროდუქციის პოპულარიზაცია და ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა. მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს ქართული გასტრონომიის განვითარებას, უნიკალური ტრადიციებისა და წარმოების მეთოდების შენარჩუნებას და მათ პოპულარიზაციას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო დონეზე“, - განაცხადა გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან ქარუმიძემ.
თიანეთში ჟურნალისტები „მართა ბებოს დამბალხაჭოს“, კახეთში კი „ლაგაზის მეურნეობას“, „ნუმისის“ მარანსა და ხილის გადამმუშავებელ საწარმოს „ქართული აგროპროდუქტი“ ეწვივნენ. სტუმრები გაეცნენ დამბალხაჭოსა და კარაქის წარმოების ტრადიციას, ქართული ხორბლის ენდემურ ჯიშებს, თუშურ კულინარიას, ქვევრის ღვინის დამზადების მეთოდებსა და ადგილობრივი ხილის გადამუშავების პროცესს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტრადიციული ცოდნის შენარჩუნებასა და ადგილობრივი პროდუქციის წარმოება-რეალიზაციის განვითარებას.
IFAJ-ის პრესტურის მიზანია საერთაშორისო აგრარული მედიის წარმომადგენლებისთვის ქართული სოფლის მეურნეობის, ტრადიციული წარმოების მეთოდებისა და ადგილობრივი პროდუქტების გაცნობა, ასევე საქართველოს აგრარული და გასტრონომიული პოტენციალის საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზაციის ხელშეწყობა.





