სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია „ველნეს კურორტ ბიოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სროლის ხმისა და სავარაუდო უკანონო ნადირობის ფაქტების შესახებ.  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განმარტებით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის მსგავსი ინფორმაციით არავის მოუმართავს და სავარაუდო სამარალდარღვევის შესახებ შეტყობინება არც სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) დაფიქსირებულა.

"საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება №95-ის (ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე. 2013 წლის 27 დეკემბერი) თანახმად - ნადირობა აკრძალულია საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში, სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში, ასევე სახელმწიფო ნაკრძალების გარშემო 500-მეტრიან და ეროვნული პარკების გარშემო 250-მეტრიან ზონებში. ნადირობა ასევე აკრძალულია სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მართვაში/სარგებლობაში არსებული საშენი მეურნეობების ფართობებზე. ვინაიდან „ველნეს კურორტი ბიოლი“ და მისი მიმდებარე ტერიტორია მოქცეულია თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში, აღნიშნულ ტერიტორიაზე ნადირობა აკრძალულია. უკანონო ნადირობის პრევენციის მიზნით დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებშიც, გამკაცრებულ კონტროლს ახორციელებენ. შედეგად, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის გახსნიდან 2 თვეში, მხოლოდ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ნადირობის წესების დარღვევის 10 ფაქტია გამოვლენილი. „ველნეს კურორტი ბიოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სავარაუდო უკანონო ნადირობის ფაქტების შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციის გავრცელებისთანავე კი, დეპარტამენტის მიერ აღნიშნული ტერიტორია მკაცრ კონტროლზეა აყვანილი - გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების ეკიპაჟები ინტენსიურ რეჟიმში ახდენენ პატრულირებას და სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში შესაბამის რეაგირებას მოახდენენ."-აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.