გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა, ჰონკონგში გამართულ „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ ინიციატივის მწვანე ინოვაციების კონფერენციაში (Belt and Road Green Innovation Conference) მიიღო მონაწილეობა.
კონფერენციაზე ნინო თანდილაშვილი ძირითადი მოხსენებით წარდგა და საქართველოს მდგრადი განვითარების პრიორიტეტებზე, მწვანე ეკონომიკის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებსა და საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსა და ჩინეთს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობებს, ასევე საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობასა და შუა დერეფნის როლს ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო და სავაჭრო კავშირების განვითარებაში.
მინისტრის პირველმა მოადგილემ ხაზი გაუსვა ქვეყანაში წყლის რესურსების მდგრადი მართვის, სარწყავი ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის მნიშვნელობას. აღნიშნა, რომ აზიის განვითარების ბანკისა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში სარწყავი და სადრენაჟე ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 300 მილიონ აშშ დოლარზე მეტია მობილიზებული.
"საქართველოს ტერიტორიების 15%-ზე მეტი ეროვნულ დაცულ ტერიტორიებს უკავია, ხოლო ქვეყნის ტერიტორიის 23% საერთაშორისო კონვენციებით დაცული მაღალი კონსერვაციის ტერიტორიებს მოიცავს. ეს გამოხატავს საქართველოს მთავრობის გრძელვადიან ხედვას ბიომრავალფეროვნების დაცვისა და ეკოსისტემების მდგრადობის შენარჩუნების მიმართულებით“,- განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
მოხსენებისას მინისტრის პირველმა მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ჩინეთთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზეც, მათ შორის მწვანე ტექნოლოგიების, ნარჩენების მართვის, განახლებადი ენერგიისა და გარემოსდაცვითი ინიციატივების მიმართულებით.
კონფერენციის ფარგლებში გამართულ ოფიციალურ მიღებაზე მინისტრის პირველ მოადგილეს ჰონკონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა ჯონ ლიმ (John KC Lee) უმასპინძლა. კონფერენცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეკოლოგიისა და გარემოს სამინისტროსა და ჰონკონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის მთავრობის ორგანიზებით გაიმართა.
კონფერენციაში ჩინეთის ეკოლოგიისა და გარემოს მინისტრი ჰუანგ რუნციუ (Huang Runqiu), სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის ოფიციალური პირები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.






