გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა სახიფათო ნარჩენების მართვის მიმართულებით დაგეგმილი პროექტის მომზადების საკითხები, საინვესტიციო პრიორიტეტები და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროექტის ფარგლებში სახიფათო ნარჩენების წინასწარი დამუშავებისა და განთავსებისთვის განკუთვნილი ნაგავსაყრელის მშენებლობის მოსამზადებელ სამუშაოებს, მათ შორის, ტექნიკურ ეკონომიკური კვლევის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშისა და დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

საუბარი ასევე შეეხო პროექტის განხორციელებისთვის საჭირო უწყებათაშორისი კოორდინაციის გაძლიერების, ინსტიტუციური მზაობისა და გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების გათვალისწინების მნიშვნელობას.

„სახიფათო ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის განვითარება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით აუცილებელია შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა. მსოფლიო ბანკის მხარდაჭერა ხელს შეუწყობს პროექტის სათანადო მომზადებას და საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებას“,- განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შორის, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) მონაწილეობით, გაფორმდა საგრანტო დაფინანსების შეთანხმება პროექტის - „წყლის მიწოდების სისტემის, წყალარინების, გამონაჟონი წყლისა და სახიფათო ნარჩენების“ მოსამზადებლად. გრანტი გაიცემა მსოფლიო ბანკის მიერ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი, მიხეილ გოგოლიძე და სამინისტროს შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.