სურსათის ეროვნული სააგენტოს ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის ფარგლებში, თერჯოლის მუნიციპალიტეტში,საქართველოს ცხოველთა ფედერაციის (GAF) მიერ სპეციალურად მოწყობილ სივრცეში, ცოფზე დაკვირვების მიზნით მოთავსებული ძაღლებისთვის კანონმდებლობით განსაზღვრული 6 თვიანი (დაავადების ინკუბაციური პერიოდი) საზედამხედველო პერიოდი ამოიწურა. ძაღლების ჰიპერპოპულაციის
მართვის პროგრამის ეკიპაჟებმა ცხოველები იმერეთის ინტერმუნიციპალურ თავშესაფარში გადაიყვანეს, სადაც მათ შესაბამისი ვეტერინარული მანიპულაციები (სტერილიზაცია/კასტრაცია, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, იდენტიფიკაცია) ჩაუტარდათ. ერთი კვირის განმავლობაში ძაღლებს გააჩუქებენ
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ თავასაში არსებული სპეციალურად გამოყოფილი ტერიტორიიდან, სადაც ძაღლებმა ექვსთვიანი საზედამხედველო პერიოდი გაიარეს. ცხოველებს, რომლებსაც არ გამოუჩნდებათ პატრონი, პროგრამის ეკიპაჟები, კანონმდებლობის შესაბამისად,ბუნებრივ არეალში - პირვანდელ ლოკაციებზე დააბრუნებენ.
მიმდინარე წლის მაისში, მარტვილის მუნიციპალიტეტიდან იმერეთის ინტერმუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილ 30 ძაღლზე
მზრუნველობა საქართველოს ცხოველთა ფედერაციამ (GAF) ითავა. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ სივრცის შემოწმებისა და დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების შემდეგ, ცხოველები თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სპეციალურად მოწყობილ სივრცეში განათავსეს.
სააგენტო, კანონმდებლობის მოთხოვნების, ცხოველთა კეთილდღეობის პრინციპების და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ძაღლებზე ზედამხედველობასა და მონიტორინგს ექვსი თვის განმავლობაში მუდმივად ახორციელებდა.





