გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და პირველ ლედისთან, თამარ ბაგრატიონთან ერთად, კახეთის რეგიონში, ტარიბანას ველზე, „სვანიძის ზეთისხილის“ ბაღებში ზეთისხილის რთველში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, 2026 წლის მოსავლის პროგნოზით, მსხმოიარე ბაღებიდან დაახლოებით 500-700 ტონა ზეთისხილის მიღებას ელოდებიან. კომპანია საკუთარ ბაღებში მოყვანილ მოსავალთან ერთად, საქართველოში ზეთისხილის მწარმოებელი ფერმერებისგანაც იბარებს ნაყოფს და მის გადამუშავებას უზრუნველყოფს. საწარმოს წარმადობა დღეში 80 ტონამდე ზეთისხილის ნაყოფს შეადგენს.

„ზეთისხილის კულტურის განვითარებას საქართველოში მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს. ბაღების ფართობის ზრდასთან ერთად, იზრდება მოსავლის მიღებისა და ადგილობრივი წარმოების განვითარების შესაძლებლობებიც, რაც ფერმერებს მოსავლის რეალიზაციის შესაძლებლობას აძლევს“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

„სვანიძის ზეთისხილის“ ბაღებსა და საწარმოში სეზონურად 100-120 ადამიანია დასაქმებული, რომელთა დაახლოებით 95% ადგილობრივი მოსახლეობაა. საწარმო სხვადასხვა წლებში სარგებლობდა სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, მათ შორის, შეღავათიანი აგროკრედიტის, „დანერგე მომავლის“, ტექნიკური დახმარებისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამებით. მხარდაჭერის ფარგლებში დაფინანსდა ბაღების გაშენება, ასევე ნიადაგის დასამუშავებელი და მოსავლის ამღები ტექნიკისა და დანადგარების შეძენა.

გარდა ამისა, ტექნიკური დახმარების ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსებით, საწარმო ISO 22000-ის სტანდარტთან შესაბამისობის სერტიფიცირების პროცესს გადის. სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, ზეთისხილის კულტურის გაშენება ქვეყნის მასშტაბით 25,7 მლნ ლარით, 3 720 ჰექტარზე თანადაფინანსდა. მათ შორის, კახეთის რეგიონში თანადაფინანსებამ 20 მლნ ლარი შეადგინა და 3 000 ჰექტარზე მეტ ფართობს მოიცავს.