ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს წარმომადგენლები თელავში კახეთის რეგიონის სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრის მიზანი რადიაციული უსაფრთხოების საკითხებზე მათი ინფორმირება, მოქმედი რეგულაციების მოთხოვნების განმარტება და პრაქტიკული საკითხების განხილვა იყო.
სააგენტოს სპეციალისტებმა და მოწვეულმა ექსპერტებმა, სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებს, რადიაციული უსაფრთხოების სფეროში მოქმედი ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნები და საერთაშორისო სტანდარტები გააცნეს. საუბარი შეეხო სამედიცინო დასხივების ოპტიმიზაციის პრინციპებს, პერსონალისა და პაციენტების რადიაციულ დაცვას, აგრეთვე ავტორიზაციის პირობების შესრულებასთან დაკავშირებულ პრაქტიკულ საკითხებს.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სააგენტოსა და ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ავტორიზებულ პირებს შორის ეფექტიანი კომუნიკაციისა და თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსი ნინო უტიაშვილი, ავტორიზაციის დეპარტამენტის უფროსი ნინო ესვანჯია, ინსპექტირებისა და რეაგირების დეპარტამენტის უფროსი გიორგი დეკანოიძე, აგრეთვე მოწვეული ექსპერტები - მედიცინის აკადემიური დოქტორი გელა არაბიძე და საქართველოს რადიაციული უსაფრთხოების ასოციაციის დირექტორი ირაკლი თორთლაძე.
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო ავტორიზებულ პირებთან რეგიონულ საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრებს აგრძელებს. მიზანი რადიაციული უსაფრთხოების მიმართულებით არსებული რეგულაციების შესახებ ცნობიერების ამაღლება და ავტორიზებულ პირებთან თანამშრომლობის გაღრმავებაა. შეხვედრები საქართველოს სხვა რეგიონებშიც გაიმართება.




