ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია ff.k Public Relations-ის ორგანიზებით, გერმანიის ქალაქებში ჰამბურგი, ერფრუტი და ბერნკასტელ-კუესი ქართული ღვინის მასტერკლასები და დეგუსტაციები გაიმართა.
ღონისძიებებს გერმანელი ღვინის მაგისტრი და ღვინის მარკეტინგის ექსპერტი იანეკ შუმანი (Janek Schumann) უძღვებოდა. გერმანიის ღვინის ინდუსტრიაში ერთ-ერთი კვალიფიციური ღვინის პროფესიონალის მიერ ქართული ღვინის წარდგენა, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს გერმანიის ღვინის ბაზაზრე ქართული ღვინის პოზიციების გაძლიერებას.
გერმანიაში გამართულ ღონისძიებებს ჯამში 100-მდე ადამიანი - სომელიეები, იმპორტიორები, ღვინის ბიზნესის და HoReCa სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, გერმანულ კომპანია ff.k Public Relations-თან ღვინის ეროვნულმა სააგენტომ თანამშრომლობა 2021 წლიდან დაიწყო. კამპანიის ფარგლებში, დეგუსტაცია-სემინარები გერმანიის სხვადასხვა ქალაქში ღვინის პროფესიონალების, ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებისა და მომხმარებლებისთვის იმართება; ქართული ღვინო წარმოდგენილია საერთაშორისო გამოფენებზე, ხორციელდება მიზნობრივი სარეკლამო და მედია კამპანიები, მედიის, სომელიეებისა და გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებისთვის ეწყობა ღვინის ტურები საქართველოში.
გერმანია ქართული ღვინის გაყიდვების მზარდი დინამიკით გამოირჩევა. მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან გერმანიაში ექსპორტირებულია 1,14 მილიონ ლიტრამდე ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28%-ით მეტია.





