გამწვანების ღონისძიებები ქარელში, ხარაგაულსა და ჭიათურაში გაიმართა.ჯამში, პროგრამის დაწყებიდან დღემდე, საქართველოს რეგიონებში 18 000-მდე ნერგი დაირგო.

პროგრამა საქართველოს მასშტაბით 9 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება და მასში 41 000-ზე მეტი პირველკლასელი ჩაერთვება.https://cheminergi.eiec.gov.ge/ka — ელექტრონულ პლატფორმაზე თითოეულ ბავშვს შესაძლებლობა აქვს, თვალყური ადევნოს საკუთარი ნერგის ზრდასა და განვითარებას. „ჩემი პირველი ნერგი“ საქართველოს მთავრობის ინიციატივაა, რომლის მიზანია ადრეული ასაკიდან გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და ბავშვებში ბუნებაზე ზრუნვის პასუხისმგებლობის ჩამოყალიბება.პროგრამის ფარგლებში თბილისსა და საქართველოს ათივე რეგიონში პირველკლასელები საკუთარ პირველ ნერგს რგავენ. ნერგების სახეობები რეგიონების კლიმატური პირობების გათვალისწინებით შეირჩა.

მათ შორისაა ქართული მუხა, კავკასიური ცაცხვი, მინდვრის ნეკერჩხალი, კავკასიური და ელდარის ფიჭვი და სხვა სახეობები.თითოეული პირველკლასელისთვის გათვალისწინებულია ერთი ნერგი. ბავშვები უშუალოდ მონაწილეობენ დარგვის პროცესში, შემდგომ კი შესაძლებლობა ექნებათ, დააკვირდნენ საკუთარი ნერგის ზრდას და იზრუნონ მასზე.პროგრამის განხორციელებაში ჩართულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები მთელი ქვეყნის მასშტაბით.