"ინვეტ ჯგუფმა" ცხოველთა კომბინირებული საკვების განახლებული საწარმო გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
გარდაბანში, საწარმოს გახსნას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი დაესწრო.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, საწარმოს მოდერნიზაცია და საწარმოო სიმძლავრეების გაზრდა მნიშვნელოვანია აგროსექტორის განვითარების, ადგილობრივი წარმოების გაძლიერებისა და ხარისხიანი პროდუქციის წარმოების ხელშეწყობისთვის.
„სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირველადი წარმოების ხელშეწყობა, არამედ იმ საწარმოო შესაძლებლობების გაძლიერებაც, რომლებიც ამ სექტორის ეფექტიან ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. ცხოველთა კომბინირებული საკვების ხარისხი და ხელმისაწვდომობა მეცხოველეობის განვითარებასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. მისასალმებელია, რომ კერძო სექტორი წარმოების გაფართოებაში, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და ხარისხის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს. სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობა სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისა და აგროსექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდის მნიშვნელოვანი წინაპირობაა“, - განაცხადა ლაშა ავალიანმა.
საწარმოს სრული რეკონსტრუქცია და გადაიარაღება 2025–2026 წლებში განხორციელდა. კომპანიამ პროექტში 6,7 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. შედეგად, შეიქმნა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საწარმო, რომლის წლიური წარმადობა 40 000 ტონას შეადგენს. საწარმოში ასევე მოეწყო ევროპული სტანდარტების შესაბამისი ლაბორატორია.
კომპანია „ინვეტ ჯგუფი“ სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია და სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამებით სარგებლობს.




