"მერებაშვილის მამულის" დამფუძნებლისშალვა მერებაშვილის ინფორმაციით, ტურისტულ ობიექტზე ჩასულ აზიელ სტუმრებს საქართველო აზიის შვეიცარიად მიაჩნიათ.

როგორც მეღვინე და ტურისტული კომპლექსის მფლობელი "ბიზნესპარტნიორთან" განმარტავს, აღნიშნულ ბაზარზე ღვინის მოხმარება ბოლო 10 წელიწადში 60%-ით გაიზარდა, შესაბამისად, ქართულ ღვინოს დიდი პოტენციალი აქვს.

"აზიურ ქვეყნებს საქართველოს მიმართ დიდი ინტერესი აქვთ. ჩვენთან ჩამოსული სტუმრები, რომლებიც ტაილანდიდან, სინგაპურიდან გვსტუმრობენ უშუალო კომუნიკაცია მაქვს, ხშირად ვეკითხები რატომ აირჩიეს ეს ქვეყანა - თითქმის ყველა ერთ აზრზეა: საქართველო აზიის შვეიცარიად მიაჩნიათ. აღნიშნული ქვეყნები საქართველოს მაინც აზიად მოიაზრებენ. მოკლედ, ჩვენი ქვეყნის მიმართ ძალიან დიდი დაინტერესებაა, განსაკუთრებულ ყურადღებას ტრადიციებს აქცევენ და აფასებენ. შესაბამისად, როდესაც ქვეყანას ეცნობიან კარგად იციან, რომ საქართველოს სავიზიტო ბარათი ღვინოა, თავისი 8 000 წლიანი ისტორიით.

აზიურ ბაზარზე ღვინის მოხმარება ბოლო 10 წელიწადში 60%-ით გაიზარდა, ამიტომ აღნიშნული სეგმენტი მაღალი ალკოჰოლური სასმელებიდან ღვინის დაგემოვნებაზე გადავიდა. ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს, თუმცა უმაღლესი ხარისხი უნდა დავაკმაყოფილოთ, რათა ჩვენი ნიშა დავიკავოთ. აუცილებელი კიდევ უფრო მეტი აქტიური მარკეტინგული ჩართულობა, ღვინის ეროვნული სააგენტო კერძო სექტორთან ერთად ბერს აკეთებს, მაგრამ გასაკეთებელი კიდევ მეტია, რომ მოწოდების სიმაღლეზე ვიყოთ", - აცხადებს შალვა მერებაშვილი.

როგორც ტურისტული კომპლექსის მფლობელი განმარტავს, ვიზიტორების 99%-ი საერთაშორისო სტუმრებზე მოდის, რადგან ადგილობრივი მოსახლეობა ღვინის მიმართულებით ძირითადად კახეთს სტუმრობს.

"წელს ჩვენს მამულს სასტუმრო დაემატა, რომელიც 6 სხვადასხვა კატეგორიის ოთახისგან შედგება, სივრცე 15 სტუმარზეა გათვლილი. მშენებლობა გასულ წელს  დავიწყეთ და რამდენიმე თვის წინ -  ივნისში გავხსენით.  მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე, არა მხოლოდ მიღება-გამასპინძლების სერვისი გვაქვს, არამედ სტუმარს ადგილზე დარჩენასაც ვთავაზობთ. სასტუმროს გახსნის შემდეგ მომხმარებლების რაოდენობა 15%-ით გაიზარდა, რასაც სწორედ ახალი ობიექტის გახსნას ვუკავშირებ.

ზოგადად, სასტუმროს სფერო ასეთია - პირველ წელს დატვირთულობა დაახლოებით, 30%-ს შეადგენს, შემდეგ წლებში კი მომხმარებლების რაოდენობა იზრდება. აღნიშნული ტენდენციის მიუხედავად, 30%-იან დატვირთულობას აგვისტოს ბოლოს უკვე გადავაჭარბეთ, კერძოდ, 40%-იანი დატვირთვა გვქონდა", - აცხადებს მერებაშვილის მამულის წარმომადგენელი.

შალვა მერებაშვილი უშუალოდ მომხმარებლების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ვიზიტორები ყველაზე ხშირად გერმანიიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, ისრაელიდან, პოლონეთიდან, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან სტუმრობენ.

"მერებაშვილის მარნის" დამფუძნებელი ინფრასტრუქტურულ საკითხსაც მიმოიხილავს და ხაზს უსვამს, რომ კასპში აღნიშნული ხაზით პრობლემები არ არის.

"წლების წინ გზის პრობლემა გვქონდა, მაგრამ ახლა ეს საკითხი მოგვარებულია, სტუმარს გადაადგილება და ტურისტულ ლოკაციებამდე მოსვლა არ უჭირს. ამასთან, საგზაო ნიშნების მაჩვენებლებიც გვაქვს. აქედან გამომდინარე, ინფრასტრუქტურულ პრობლემებს ნაკლებად ვაწყდებით", - აცხადებს "მერებაშვილის მამულის" დამფუძნებელი.

ცნობისთვის, "მერებაშვილის მამულის" მეღვინეობა და სასტუმრო შიდა ქართლში, კასპში მდებარეობს, ტურისტულ ობიექტს 2 ჰექტარზე გაშენებული ვენახი სოფელ ოკამში აქვს. მარანი ადგილობრივ ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს. რაც შეეხება სასტუმროს ფუნქციონირება რამდენიმე თვის წინ, ივნისში დაიწყო.

bp.ge