ლავანდას ეთერზეთით როგორც უცხოელები, ისე ქართველები ინტერესდებიან. როგორც ჩემთვის არის ცნობილი ეთერზეთს მასაჟისთვის იყენებენ. გარდა ამისა, მოთხოვნაა კულინარიულ ლავანდაზე, რომელსაც ძირითადად  HoReCa სექტორში ყიდულობენ, -  ამის შესახებ "ნუკრიანის ლავანდის" სანერგე მეურნეობის ავტორი და განმახორციელებელი კომპანია "ინფინიტი ტექნოლოჯი ჯორჯიას" დამფუძნებელი  ალექსანდრე მანველოვი "ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს.

მისივე ინფორმაციით, გაყიდვების ზრდის ტენდენცია სტაბილურია და წინა წლის მონაცემებთან შედარებით არ შეცვლილა.

"წელს ვიზიტორებს არ მივიღებთ, რადგან ჩვენთვის საინტერესო მიმართულება აღარ არის. კომპანია ამ ეტაპზე ეთერზეთებს, ჰიდროლატებს, საშეს და კულინარიულ ლავანდას აწარმოებს. გარდა ამისა, სანერგე მეურნეობაში მომხმარებლებს ლავანდის ნერგების შეძენაც შეუძლიათ", - აცხადებს ალექსანდრე მანველოვი.

აღსანიშნავია, რომ სანერგე მეურნეობა ლავანდას საპონსაც აწარმოებდა, თუმცა აღნიშნული მიმართულებაც მაღალი თვითღირებულების გამო შეწყვიტა.

ალექსანდრე მანველოვის ინფორმაციით, მათი პროდუქცია ამჟამად, როგორც ონლაინ, ისე ადგილზე - სანერგე მეურნეობაში იყიდება.

"ნუკრიანის ლავანდა" საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ლავანდის პირველი პლანტაციაა, რომელიც კახეთში, 2018 წელს გაშენდა. პლანტაცია 1,5 ჰა-ზეა გაშენებული.

bp.ge