გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და ხმელთაშუა ზღვის მეთევზეობის გენერალური კომისიის (GFCM) მხარდაჭერით, შავ ზღვაში დემერსალური ტრალის გამოყენებით კვლევების მორიგი ეტაპი განახორციელა.
კვლევები წინასწარ შერჩეულ 20 სადგურზე, ზღვის სხვადასხვა სიღრმეზე, სტანდარტიზირებული ხელსაწყოს, დემერსალური ტრალის გამოყენებით მიმდინარეობს, რომელიც გარემოს ეროვნულ სააგენტოს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში უსასყიდლოდ გადასცა.
კვლევის მიზანია შავი ზღვის პრიორიტეტული თევზის სახეობების შესახებ სამეცნიერო მონაცემების შეგროვება, რაც ხელს შეუწყობს თევზჭერის რესურსების მდგრად მართვას, ზღვის ბიომრავალფეროვნების დაცვასა და რეგიონში მეთევზეობის თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.
აღსანიშნავია, რომ სინჯების აღება ხორციელდება საერთაშორისო მეთოდოლოგიის შესაბამისად, რომელიც შემუშავებულია FAO-ს ხმელთაშუა ზღვის მეთევზეობის გენერალური კომისიის (GFCM) მიერ და გამოიყენება შავი ზღვის ყველა მონაწილე ქვეყანაში. აღნიშნული მეთოდოლოგია უზრუნველყოფს მონაცემების სტანდარტიზაციას, რაც თევზის მარაგების მეცნიერულად სანდო შეფასების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.
კვლევები, პროექტის „ექსპერიმენტული დემერსალური ტრალური კვლევა საქართველოს წყლებში“ FAO/GFCM-ის ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და ხელს უწყობს საქართველოში შავი ზღვის თევზის რესურსების მდგრადი მართვის პრინციპების დანერგვას, მათი მეცნიერული შეფასების გაუმჯობესებას და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას.





