გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხაშურის მუნიციპალიტეტში წიაღის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.

სოფელ ოსიაურის მიმდებარედ, სამართალდამრღვევმა სპეციალური ტექნიკის გამოყენებით მდინარე მტკვრის კალაპოტიდან უკანონოდ მოიპოვა 100 კუბური მეტრი მოცულობის ინერტული მასალა - ქვიშა-ხრეში.

ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.

წიაღისეულის უკანონო მოპოვებით გარემოს დიდი ზიანი ადგება. ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების შედეგი შეიძლება იყოს: მდინარის კალაპოტების დეფორმირება, ნაპირების ჩამონგრევა, ნიადაგის ეროზია, ასევე, დასახლებული პუნქტების დატბორვა, წარეცხვა, წყლის დონის კლება, ეკოსისტემების განადგურება.

ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტია. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ და სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე დაუყოვნებლივ რეაგირებენ.

მიმდინარე წლის 9 თვეში დეპარტამენტმა ქვეყნის მასშტაბით ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 90 ფაქტი გამოავლინა. მათგან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს 26 ფაქტი შეიცავს.