საქართველომ წელს მოსავლის სახით, დაახლოებით, 7 ათასი ტონა ლურჯი მოცვი მიიღო, მაშინ, როდესაც წინა წლის მოსავალი 5 ათას ტონას არ აღემატებოდა, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა შოთა ცუკოშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, გაზრდილი მოსავლიანობიდან გამომდინარე, წელს ქვეყანამ ექსპორტის ზრდაც შეძლო, ვინაიდან, როგორც ცნობილია, ადგილობრივი წარმოების მოცვი თითქმის 100 პროცენტით ექსპორტზე გადის.
მიმდინარე წლის სამ კვარტალში, წინასწარი მონაცემებით, საქართველომ 6,900 ტონა მოცვი გაიტანა საზღვარგარეთ, რაც წლიურად თითქმის 40%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
ზრდა ფიქსირდება შემოსავლებშიც - საქართველომ მოცვის ექსპორტიდან, დაახლოებით, 46 მილიონი დოლარი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 65%-ით მეტია.
„რაც შეეხება საექსპორტო ქვეყნებს, წელს ქართული ლურჯი მოცვის ექსპორტი 8 ქვეყანაში განხორციელდა, მათ შორის როგორც ევროკავშირის ბაზრებზე, ისე დუბაისა და ინდოეთში. აღსანიშნავია, რომ ინდოეთი ქართული მოცვისთვის ახალი ბაზარია და წელს, აქ ექსპორტი პირველად განხორციელდა. უნდა ითქვას, რომ ბაზრების დივერსიფიცირებაზე მუდმივად ვმუშაობთ და ამ მიზნით, მონაწილეობას ვიღებთ სხვადასხვა გამოფენებში. მაგალითად, სულ რამდენიმე კვირის წინ საქართველოს ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციამ ხილისა და ბოსტნეულის ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო გამოფენაში, სახელწოდებით Fruit Attraction 2025 - მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გაიმართა. გამოფენაში ქართველ მწარმოებლებთან ერთად ჩართული იყო 2 ათასზე მეტი კომპანია მსოფლიოს 150 ქვეყნიდან“, - აღნიშნა შოთა ცუკოშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ქართული დელეგაციის წევრები და მწარმოებლები მოცვის საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარეს, მარიო სტეტას შეხვდნენ და სექტორის მთავარი გამოწვევები და შესაძლებლობები განიხილეს. შეხვედრაზე ისაუბრეს ისეთ საკითხებზეც, როგორებიცაა: ხარისხის სტანდარტების გაუმჯობესება, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია, ასევე ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა.
როგორც ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, ექსპორტის ზრდასთან ერთად, გაზრდილია თავად ქართული ლურჯი მოცვის ხარისხი და მისი საექსპორტო ღირებულებაც.
„წელს მოცვის გლობალურ ბაზარზე საკმაოდ მაღალი ფასები დაფიქსირდა, რაც ზოგიერთ მსხვილ მწარმოებელ ქვეყანაში, ცუდი კლიმატური პირობების გამო შემცირებულ მოსავალს უკავშირდება. პროდუქტის სიმცირემ კი, მისი ღირებულების ზრდა განაპირობა. ცხადია, მოცვის საერთაშორისო ფასის მატება, ქართული მოცვის საექსპორტო ღირებულებაზეც აისახა და ერთი კილოგრამი, სხვადასხვა ხარისხიდან გამომდინარე, 4-დან 8 ევრომდე ღირდა“, - განმარტა შოთა ცუკოშვილმა.
საბოლოო ჯამში, ქართველი მოცვის მწარმოებლები ამბობენ, რომ ეს არის საკმაოდ მაღალშემოსავლიანი სექტორი და საქართველოს აქვს უნიკალური პოტენციალი, გახდეს მნიშვნელოვანი მოთამაშე ევროპასა და აზიას შორის, მოცვის მიწოდების ჯაჭვში.
დარგის წარმომადგენლები მომავალი წლის საპროგნოზო მოსავალზეც საუბრობენ და ელიან, რომ 2026 წლისთვის, წლევანდელი მოსავალი გაორმაგდება, ვინაიდან, წლიდან წლამდე იზრდება ქვეყანაში გაშენებული მოცვის პლანტაციების ფართობი. ამჟამად, ქვეყანაში მოცვის ბაღები ჯამში 3000 ჰექტარზეა გაშენებული..
bp.ge







