საქართველო, მსოფლიოს 150-მდე ქვეყანასთან ერთად, „მსოფლიო სურსათის დღეს“ აღნიშნავს. წლევანდელი სურსათის დღის სლოგანია „ხელიხელ უკეთესი სურსათის და უკეთესი მომავლისათვის“. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი მსოფლიო სურსათის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორს, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციას (FAO) მრავალწლიანი პარტნიორობისა და თანამშრომლობისთვის, ასევე, საზოგადოებაში მსოფლიო სურსათის დღისადმი ცნობიერების ამაღლების მიზნით განხორციელებული აქტიური კამპანიისთვის. დავით სონღულაშვილმა FAO-ს 80 წლის იუბილეც მიულოცა.

„გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ მნიშვნელოვანი როლი შეიტანა მსოფლიოს მოსახლეობისათვის უსაფრთხო სურსათზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიმართულებით. ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული საქართველოს მთავრობაც. ჩვენი ამოცანა და მიზანია, ქვეყანაში გვქონდეს მაქსიმალურად მაღალი ხარისხის პროდუქცია და სრულად გამართული ღირებულებათა ჯაჭვი, რომელიც უზრუნველყოფს ქართული პროდუქცია იყოს კონკურენტუნარიანი მსოფლიო ბაზარზე. ამ პროცესში FAO წარმოადგენს აქტიურ პარტნიორს და მნიშვნელოვან მხარდამჭერს”, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ ინტერაქტიული სტენდები, სადაც წარმოდგენილი იყო FAO-ს რეგიონული და ეროვნული ინიციატივები და პროგრამები, მათ შორის: სურსათის ბანკები, „ერთი ქვეყანა - ერთი პრიორიტეტული პროდუქტი“ (OCOP), ციფრული სოფლების ინიციატივა (DVI), ახალგაზრდების გაძლიერება აგროსასურსათო სისტემებში და ერთიანი ჯანმრთელობა (One Health).

„მსოფლიო სურსათის დღეს ვიყენებთ იმ ფაქტის ხაზგასასმელად, რომ სოფლის მეურნეობა და სურსათი არის უმნიშვნელოვანესი ელემენტები, რომელთა მხარდაჭერაც გადამწყვეტია ადამიანის განვითარებისათვის. FAO-ს 80-წლიანი გამოცდილება და ძალისხმევა სოფლის მეურნეობისა და სურსათის სისტემების ტრანსფორმაციის მიმართულებით დღეს უფრო აქტუალური და საჭირო გახდა, ვიდრე ოდესმე”, - განაცხადა FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში, რაიმუნდ იელემ.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა დიალოგი ახალგაზრდების როლის შესახებ აგროსასურსათო სისტემების ტრანსფორმაციაში, სადაც მონაწილეებმა საკუთარი გამოცდილება და იდეები გააზიარეს.

მსოფლიო სურსათის დღეს FAO განსაკუთრებულად უსვამს ხაზს „სურსათის გმირების“ როლს - ფერმერების, შეფების, მოხალისეების, მასწავლებლებისა და მოქალაქეების, რომელთა ძალისხმევაც ხელს უწყობს უვნებელ სურსათზე ხელმისაწვდომობას. წელს, მდგრადი აგროსასურსათო სისტემების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, „სურსათის გმირებად“ დასახელდნენ სოფიო ტაბატაძე, ახალგაზრდა ფერმერი, რომელიც ახორციელებს მდგრად სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკებს; ნანა ოლქიშვილი, საქართველოს პირველი აკრედიტებული სურსათის ბანკის „ენკენია“ ხელმძღვანელი, რომლის საქმიანობაც მნიშვნელოვან წვლილს იძლევა სურსათის უსაფრთხოების და სოციალური ერთიანობის გაძლიერებაში.