მერებაშვილის მამულის დამფუძნებლის, შალვა მერებაშვილის ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტურისტულ ობიექტზე ვიზიტორების რაოდენობა 15%-ით გაიზარდა, ხოლო მომხმარებლების 99%-ი უცხოელი ვიზიტორები იყვნენ.

როგორც მეღვინე "ბიზნესპარტნიორთან" განმარტავს, მომხმარებელთა ზრდა სივრცის გაფართოებამ განაპირობა, კერძოდ, მაღალი მოთხოვნის გამო, "მერებაშვილის მამულში" რამდენიმე თვის წინ სასტუმრომაც დაიწყო ფუნქციონირება.

მისივე თქმით, მაგალითად, 2024 წელს მამულს 41 ქვეყნიდან 5 000-ზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა.

"მეღვინეობა-მევენახეობა ოჯახური, საუკუნეების ტრადიციაა გახლავთ. მამული კასპში მდებარეობს, ვენახი სოფელ ოკამში გვაქვს, სადაც 2 ჰექტარზე 4 სახეობის ენდემური, ადგილობრივი ვაზის ჯიში მოგვყავს. კერძოდ, თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშებიდან ჩინური და გორული მწვანე გვაქვს, ხოლო შავყურძნიანებიდან თავკვერი და უნიკალური ქართლის ვაზის ჯიში - შავკაპიტო. ყურძენი ორგანული პრეპარატებით მოგვყავს და ბუნებრივი ღვინის მწარმოებლები გახლავართ. ამჟამად, 6 სახის მშრალ ღვინოს ვაწარმოებთ - ნაწილი ქვევრში ტრადიციული მეთოდითაა დაყენებული, ნაწილს კი ევროპული წესით ვამზადებთ. ასევე ჩვენივე გამოხდილი ჭაჭა გვაქვს.

ვიზიტორებს, რაც შეება 99%-ი საერთაშორისო სტუმარი გვყავს, რადგან ადგილობრივი მოსახლეობა ღვინის მიმართულებით ძირითადად კახეთს სტუმრობს ხოლმე. ვიზიტორები ყველაზე ხშირად მაინც გერმანიიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, ისრაელიდან, პოლონეთიდან, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან გვსტუმრობენ. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მომხმარებლების რაოდენობა გაიზარდა, სასტუმრო ავაშენეთ და ჩამოსულ სტუმრებს ადგილზე განთავსებასაც ვთავაზობთ, ეს ყველაფერი კი ვიზიტორების ზრდაზე ადეკვატურად აისახება. ახალი ტურისტული კომპანიებიც გამოჩნდნენ, ამასთან კმაყოფილი მომხმარებლების რიცხვიც მუდმივად მზარდია", - აღნიშნავს მამულის დამფუძნებელი.

შალვა მერებაშვილი ექსპორტის შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ღვინის რეალიზაციის კუთხით ექსპორტს, წელიწადში გაყიდვების 10%-ი უჭირავს.

მეღვინე წარმადობის საკითხსაც მიმოიხილავს და ხაზს უსვამს, რომ "მერებაშვილის მამული" წელიწადში 5 000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს.

"ადგილობრივ ბაზარზე, ამ ეტაპზე წარმოდგენილი არ ვართ, რადგან ღვინის 90%-ი ტურისტულ ობიექტზე იყიდება. ჩვენთან მოსულ ვიზიტორს, ღვინის დაგემოვნებას, სხვადასხვა, კულინარიულ აქტივობებს ვთავაზობთ, დანარჩენი წილი კი, ექსპორტზე გერმანიაში და იაპონიაში -  ტოკიოში გადის.რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, საინტერესო მიმართულებაა, მაგრამ წელიწადში 5 000 ბოთლ ღვინოს ვაწარმოებთ, ადგილზე დიდი მოთხოვნაა, პარტნიორებსაც პროდუქციას ვაწვდით, შესაბამისად, ღვინის ხარისხის გაუარესებას არ ვაპირებთ. სამომავლოდ, ღვინის წარმოების გაზრდასაც ვფიქრობთ, რადგან ახალგაზრდა ვენახები გვაქვს და დროსთან ერთად მეტ მოსავალს ვიღებთ. ძალიან კარგი რთველი გვაქვს, უმაღლესი ხარისხის ყურძენი მოვკრიფეთ, მომავალი წლისთვის, ალბათ, წარმადობა რამდენიმე ათასი ბოთლით გაიზრდება", - აცხადებს აღნიშნავს ტურისტული ობიექტის დამფუძნებელი.

"მერებაშვილის მამულის" დამფუძნებელი კორპორაციული შეკვეთების მიმართულებასაც მიმოიხილავს. მისი თქმით, ტურისტული ობიექტი აღნიშნული ხაზით გააქტიურებას გეგმავს.

"კორპორაციულ შეკვეთებს, რაც შეეხება ამ მიმართულებით უფრო გააქტიურებას ვაპირებთ. ჯერჯერობით, სადღესასწაულო ღონისძიებებს არ ვემსახურებით, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნე, წელს ჩვენს მამულს სასტუმროც დაემატა და მომავალი წლიდან უკვე შეკვეთებიც გვაქვს, მაგალითად, ქორწილების დაორგანიზება გვინდა", - აცხადებს შალვა მერებაშვილი.

ცნობისთვის, "მერებაშვილის მამულის" მეღვინეობა შიდა ქართლში, კასპში მდებარეობს, ტურისტულ ობიექტს 2 ჰექტარზე გაშენებული ვენახი სოფელ ოკამში აქვს. მარანი ადგილობრივ ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს.

bp.ge