თელავის რაიონში, სოფელ რუისპირში მდებარე მეღვინეობა "რტონის" დამფუძნებლის, გიორგი სხირტლაძის ინფორმაციით, ქართულ ღვინოს კონკრეტული მახასიათებლები აქვს, რაც აზიურ ბაზარს აინტერესებს.

როგორც მეღვინე "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, აზიურ ბაზარზე დიდი კონკურენციაა, ამიტომ აუცილებელია, საკუთარი ნიშის პოვნა და სტრატეგიული სეგმენტის მოძიება.

"როდესაც დიდ ბაზარზე გადიხარ და თავად მცირე წარმოება გაქვს, აუცილებელია, საკუთარი ნიშა იპოვო. მოგეხსენებათ, აზიური ბაზრისთვის ჩვენი წარმოება ფაქტობრივად არაფერი არ არის. უნდა ვიმუშაოთ, რომ მთლიანი ბაზრის გარკვეული პროცენტი დავიკავოთ. კერძოდ, დიდი ბაზარია და უნდა მოვძებნოთ, ისეთი შემსყიდველი, რომელსაც ჩვენი ღვინო დააინტერესებს - ტრადიციებიდან, ტექნოლოგიიდან, სიძველიდან გამომდინარე.  მაგალითად, ჩინეთი უძველესი ქვეყანაა და ამ სეგმენტისთვის მიმზიდველიც ვართ.

ამასთან, მარკეტოლოგი არ ვარ, მაგრამ ჩვენგან კარგი სტრატეგიული დაგეგმვაა საჭირო, რომ მსოფლიოს ქართული ღვინო პოზიტიური კუთხით დავანახოთ, უნდა ვიცოდეთ ყველაზე უკეთ რა აქტივობა მუშაობს", - აღნიშნავს მეღვინე.

ტურისტული ობიექტის დამფუძნებელი წარმადობის შესახებაც საუბრობს ხაზს უსვამს, რომ წელიწადში "რტონი" 20 000 ბოთლი ღვინის რეალიზაციას ახდენს.

"ვენახი 4 ჰექტარზე გვაქვს გაშენებული, ზოგჯერ ყურძენს ადგილობრივი ფერმერებისგანაც ვიძენთ. ჯამში 8 ტიპის ღვინო გვაქვს: "ქისი", "ხიხვი", "კახური მწვანე", "საფერავი" და ა.შ.

წარმოდგენილი ადგილობრივ ღვინის მაღაზიებში ვართ, მაგალითად, 8 000 მოსავალში, გუდვილში. ერთი ბოთლის ფასის დიაპაზონი 23-დან 45 ლარამდე მერყეობს. ამასთან,  ლოკალური ბაზრის გაფართოებაზე აქტიურად ვმუშაობთ, თუმცა ამჟამად, დამატებითი დეტალების თქმა გამიჭირდება.

მარანში ვიზიტორებს აქტიურად ვიღებთ და სადეგუსტაციო ტურები გვაქვს. განსაკუთრებით უცხოელები აქტიურობენ 70%-ი სწორედ ამ სეგმენტს უჭირავს, დანარჩენი ნაწილი კი ადგილობრივ მოსახლეობაზე მოდის. უცხოეთიდან ევროპიდან, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან გვსტუმრობენ.

აზიელ ტურისტებს, რაც შეეხება საუბარი გამიჭირდება, რადგან "რტონში" ჯერჯერობით, აზიელი ვიზიტორები არ გვყოლია. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მომხმარებელთა რაოდენობა გაიზარდა. გასული წლები უფრო სტრესული იყო, გარემო პირობები სახარბიელო არ გახლდათ, ამასთან, სოციალურ ქსელში აქტიური მარკეტინგული ჩართულობა, მომხმარებლების რაოდენობის ზრდის ტემპზე პოზიტიურად მოქმედებს. დრო გადის და კმაყოფილი მომხმარებლების რაოდენობაც იზრდება", - აღნიშნავს მეღვინე.

გიორგი სხირტლაძე საექსპორტო ბაზრის მიმართულებითაც საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ ამჟამად, ღვინის რეალიზაცია დიდ ბრიტანეთში, ჰოლანდიაში, გერმანიაში, ჩეხეთში, ესპანეთში ხდება.

"მთლიანი გაყიდვების საექსპორტო წილი წელიწადში 30%-ია. ამ ეტაპზე, აღნიშნული მიმართულებით გაფართოებას არ ვგეგმავთ", - აცხადებს მეღვინე.

ცნობისთვის, მეღვინეობა "რტონი", რომელიც თელავის რაიონში, სოფელ რუისპირში მდებარეობს, ადგილობრივ ბაზარზე 2021 წლიდან ოპერირებს.

bp.ge