დიდი ბრიტანეთის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია Swirl Wine Group-ის ორგანიზებით, ქართული ღვინის წარდგენა ლონდონში, ფესტივალ The Ultimate CEE Wine Fair-ზე გაიმართა.
ფესტივალი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მეღვინეებს აერთიანებს. ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ, დაეგემოვნებინათ ქართული ღვინის მწარმოებელი 20-მდე კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინო.
ფესტივალის ფარგლებში გაიმართა ქართული ღვინის მასტერკლასიც, სადაც წარმოდგენილი იყო სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული ქართული ღვინოები. მასტერკლასს მედიის, კომერციული და HoReCa სექტორის 40-მდე წარმომადგენელი დაესწრო.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური უზრუნველყოფით, 2026 წელს დიდ ბრიტანეთში ქართული ღვინის მარკეტინგულ კომპანია Swirl Wine Group-ის უძღვება. აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, დეგუსტაცია-სემინარები დიდი ბრიტანეთის სხვადასხვა ქალაქში იმართება; ქართული ღვინო წარმოდგენილია საერთაშორისო გამოფენებზე, ხორციელდება მიზნობრივი სარეკლამო და მედია კამპანიები.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იანვარ-მაისში, საქართველოდან დიდ ბრიტანეთში ექსპორტირებულია 125 ათას ლიტრამდე ქართული ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 8%-ით აღემატება.
ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს. სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ფარგლებში, 2013 წლიდან, ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, მიზანმიმართულ სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს ამერიკის, ევროპის და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ბაზრებზე ახორციელებს.






